ავტორი მარიამ პაიჭაძე
„ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ამიტომ პრეტენზიები მის მიმართ გაცილებით დიდია", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გარშემო მიმდინარე მოვლენებს „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე. მისი შეფასებით, გადაცემების შეჩერება არ იქნება გამართლებული გზა ტელევიზიისთვის რეიტინგის მოსაპოვებლად და ფიქრობს, რომ ეს შესაძლოა სახიფათოც იყოს.
„ვასილ მაღლაფერიძის მიერ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებით დისკუსიის გახსნას მივესალმები. იმ შემთხვევაში, თუ გადაცემების დახურვა ერთგვარი პიარსვლაა „საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ" მოსახლეობის ყურადღების მისაქცევად, რომ შემდეგ ამ დისკუსიიდან რაღაც დასკვნა გამოვიდეს, მაშინ ეს ნაბიჯი გამართლებულია. თუ ვასილ მაღლაფერიძე მართლა აპირებს, რომ 1 წლის განმავლობაში გააჩეროს ყველა გადაცემა და შემდეგ ძალიან მაგარი რაღაც შექმნას, ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა გააკეთოს, რადგან არ გამოვა. 2000 ადამიანის გაუბედურების ხარჯზე, რომლებიც გადაცემების დახურვის შემთხვევაში გარეთ დარჩებიან, ეს პროცესი სასიკეთოდ არ წარიმართება. მაღლაფერიძე ამით ხელს შეუწყობს ნებისმიერი რჯულის, ორიენტაციის, პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების კონსოლიდაციას ტელევიზიის წინ. ამას ვეუბნები ყველას, პარლამენტშიც, პრემიერსაც...
ეს არ არის კერძო ტელევიზია, რომლის მფლობელსაც აღარ უნდა ასეთი ტელევიზია. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ამიტომ პრეტენზიები მის მიმართ გაცილებით დიდია. ვეთანხმები, რომ რაღაცები შესაცვლელია, რეფორმები ჩასატარებელია.
რამდენადაც ვიცი, ზაფხულში მთავრდება გადაცემების ხელშეკრულებები, ამიტომ ძალიან უმტკივნეულოდ შეიძლება ამ პროცესის წარმართვა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორს შეუძლია დააკვირდეს პროცესს, ნახოს, რომელი გადაცემა როგორია, რა სჭირდება. ვფიქრობ, უნდა იყოს საზოგადოების სხვადასხვა ფენისგან შემდგარი ერთგვარი სამხატვრო საბჭო. საერთოდ, არ მგონია, რომ რეიტინგზე ჩამოკიდება იყოს სწორი. მეორე მხრივ, ვერ დავეთანხმები, რომ პროცესის ამ გზით წარმართვით, ის შეძლებს სასურველი 15%-იანი რეიტინგის მიღებას. ეს პროცესი შეიძლება ხიფათიანი აღმოჩნდეს. მაღლაფერიძეს შეუძლია აიღოს სესხი, გამოიყენოს ის 40 მილიონი და ნელ-ნელა შექმნას ის ახალი ბადე, რომელსაც ისინი ფიქრობენ. ყოველთვის საჭიროა თანამოაზრეობა. მან ამ კოლექტივს ზუსტად ამ თვალსაზრისით უნდა შეხედოს. მინდა, პირდაპირ ვუთხრა, რომ გადაცემების შეჩერება არ არის გამოსავალი და ეს არ მოიტანს იმ საოცნებო რეიტინგებს", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.