თბილისის ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ მამალაძემ ეს ყველაფერი ცრუ მორჩილებით ჩაიდინა.
„მამალაძემ ეს ყველაფერი ცრუ მორჩილებით ჩაიდინა. დავალების მიმცემი და მისი დამქაშები დაასახელონ! სიმართლე ითქვას, ვის უნდოდა პატრიარქის ლიკვიდაცია?! ვინ დაავალა მამალაძეს?! გეყოთ მკვლელები ეკლესიაში... არავის დააფარონ ხელი", - წერს არქიმანდრიტი.
დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.
მამა გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.