სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი იუგუდიელის თქმით, ის ინფორმაცია, რაც დეკანოზ გიორგი მამალაძეზე ვრცელდება, პირდაპირ არ უნდა დავიჯეროთ. ამის შესახებ წმინდა სინოდის წევრმა „ნეტგაზეთს" განუცხადა.
„პირველი ინფორმაცია, რაც მოდის ჩვენთად, ასე პირდაპირ რომ დავიჯეროთ, ან რეაგირება მოვახდინოთ, ამის უფლება არც გვაქვს. ჩვენ ზუსტად არ ვიცით რა მოხდა, რა ფაქტთან გვაქვს საქმე. ანალიზის გაკეთება შეუძლებელია. არსებობს გამოძიება, არსებობს ეკლესია, სადაც ეს საკითხები განიხილება. დეკანოზის სახელით გავრცელებულ წერილზე ვერაფერს გეტყვით", - აღნიშნა მთავარეპისკოპოსმა იუგუდიელმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავა. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.