„მეუფე იაკობს ძალიან დიდ პატივს ვცემდი, ვცემ და უბრალოდ გაუგებრობა მოხდა ჩვენს შორის", - ამის შესახებ პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა ბერლინში განაცხადა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რა კითხვები დაუსვა მას პროკურატურამ, როცა დაკითხვაზე დაიბარეს.
„მე ვიყავი გამოძახებული როგორც მოწმე, რადგან მე ამჟამად ვარ პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და ეს უშუალოდ ეხებოდა ამ თემას. დამიბარეს, ჩავფრინდი, გაირკვა და გამოვფრინდი უკან", - განაცხადა ოხანაშვილმა.
კითხვაზე, იცოდა თუ არა, რა იყო დაკითხვის თემა, ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ „დაახლოებით იცოდა", თუმცა პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სხვა დეტალებზე არ საუბრობს.
რაც შეეხება უწმინდესის დაცვას, სოსო ოხანაშვილის განცხადებით, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიჭები მას ეხმარებიან და პატრიარქის დაცვა გვერდზე არ გაუწევიათ".
შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით დასმული შეკითხვა კი, სოსო ოხანაშვილმა უპასუხოდ დატოვა, ხოლო მეუფე იაკობთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათ შორის უბრალოდ „გაუგებრობა მოხდა".
„შორენაზე ვერ გიპასუხებთ, ეს კითხვები შემდეგში. მე არ ვიცი, მეუფე იაკობი რას ამბობს, მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემდი, ვცემ და უბრალოდ გაუგებრობა მოხდა ჩვენს შორის. მე მაინც ამ ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. უბრალოდ ისე ახლო ურთიერთობა, როგორც გვქონდა, არ გვაქვს, მაგრამ ეს მისი საქმეა. მან უკეთ იცის", - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.
ის არ გამორიცხავს, რომ პროკურატურამ დაკითხვაზე კიდევ დაიბაროს და ოხანაშვილი გამოძიებასთან ბოლომდე გეგმავს თანამშრომლობას.