სასჯელაღსრულებისა პრობაციის სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები უვადოდ მსჯავრდებულ პირებსაც შეეხებათ. კერძოდ, იცვლება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის თავისუფლების აღვეთის სხვა სახის სასჯელით შეცვლის რეგულაციები.
მსჯავრდებულს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა სხვა სახის სასჯელით შეიძლება შეეცვალოს თუ მან ფაქტობრივად მოიხადა პატიმრობის 20 წელი. ამ საკითხზე სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.
„დადგენილია ვადები, როდესაც უვადო მსჯავრდებულს შეიძლება დაუდგინდეს სასჯელი - 20 წელი. ამავდროულად, აქამდე, არ არსებობდა ქმედითი მექანიზმი ამის აღსასრულებლად. არ იყო განსაზღვრული ინსტანცია, რომელსაც შეუძლია კვალიფიციურად განსაზღვროს, რა შემთხვევაში უნდა მოხდეს სასჯელის შეცვლა, მით უმეტეს, როდესაც საკითხი ეხება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ვფიქრობთ, რომ ასეთი ინსტანცია არის სასამართლო. ამიტომაც, ახალი რეგულაციებით უვადოდ მსჯავრდებულებს ვაძლევთ საშუალებას, მიმართონ სასამართლოს სასჯელის ვადის განსაზღვრის მოთხოვნით და სასამართლო განიხილავს საქმეს, რა თქმა უნდა, ჩვენი მონაწილეობით", - განაცხადა კახა კახიშვილმა.
უვადოდ თავისუფლების აღკვეთის სხვა სახის სასჯელით შეცვლის საკითხის სასამართლოს კომპეტენციას მიკუთვნება უფლების დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს.