„ეჭვს ვერ შევიტან ჩემი ბიჭების პროფესიონალიზმში. პატრიარქის უსაფრთხოება ყოველთვის იყო უზრუნველყოფილი, მანამდეც, ახლაც და მომავალშიც იქნება", - აცხადებს პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი.
მისი თქმით, იგი კარგად იცნობს ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს და მას დადებითად ახასიათებს. ოხანაშვილი ამბობს, რომ თუკი მისი ბრალეულობა დამტკიცდა, ის უნდა დაისაჯოს.
„რა თქმა უნდა, ვიცნობდი და ვიცნობ, დადებითად დავახასიათებ. გაოგნებული ვარ უბრალოდ და არ ვიცი... თუ დამტკიცდა ბრალდება, უნდა დაისაჯოს", - აღნიშნა ოხანაშვილმა.
პატრიარქის დაცვის უფროსი ამბობს, რომ მისი თბილისში ჩასვლა და გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა აუცილებელი იყო, რადგან ეს პატრიარქის უსაფრთხოებას ეხებოდა. ამასთან, მისი თქმით, დეტალებზე გაუთქმელობის ხელწერილის გამო, ვერ ისაუბრებს.
„მე ვიყავი გამოძახებული როგორც მოწმე, რადგან მე ამჟამად ვარ პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და ეს უშულოდ ეხებოდა ამ თემას. დამიბარეს, ჩავფრინდი, გაირკვა და გამოვფრინდი უკან. ვერ დაგიდასტურებთ, არის თუ არა საუბარი ბრალდებაში უმაღლეს სასულიერო პირზე, რადგან ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობაზე. როგორც გამოაცხადეს, გრიფით საიდუმლო არ არის, მაგრამ ხელწერილი არსებობს", - განაცხადა ოხანაშვილმა.