მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მამუკა ვასაძის განცხადებით, დეკანოზის საქმეში მთავარი მოწმე საზოგადოებისგან მადლობას იმსახურებს. ამის შესახებ ვასაძემ „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქმის მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ ჩაიდინა ის, „რაც უნდა ჩაიდინოს ყველა კეთილსინდისიერმა ადამიანმა".
„მინდა ყველას შევახსენო, ირაკლი მამალაძემ ჩაიდინა ის, რაც უნდა ჩაიდინოს ყველა კეთილსინდისიერმა ადამიანმა, დანაშაულის ფაქტის შესახებ უნდა შეატყობინო სამართალდამცავ ორგანოებს, რაც გააკეთა ირაკლი მამალაძემ. მისი დახმარებით და ძალისხმევით, აღკვეთილი იქნა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც, ფაქტობრივად, სახეზე გვაქვს შედეგის თვალსაზრისით. ვფიქრობ, საზოგადოებისგან და სახელმწიფოსგან მადლიერებას იმსახურებს ეს პიროვნება", - განაცხადა ვასაძემ.
საქართველოს მთავარი პროკურატორის მიერ 13 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით. მას ბრალად მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებაში ადანაშაულებენ.
დაცვის მხარეს პროგურატურამ გაუთქმელობის შეთანხმებაზე მოაწერინა ხელი.
ამჟამად დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაში გადის მკურნალობის კურს, ის წუხელ, ე.წ. მატროსოვის ციხიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში გადაიყვანეს.