logo_geo
eng_logo
როდის ამოქმედდება მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა - უმრავლესობის ლიდერის განცხადება
- +

20 თებერვალი. 2017. 11:40



პარლამენტი „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების და მასთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვას უბრუნდება. როგორც „ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება, რომელიც მათ შორის მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის შემოღებას გულისხმობს, დიდი ალბათობით, საგაზაფხული სესიის ფარგლებშივე მოხდება. ცვლილებების ამოქმედების კონკრეტული თარიღი არ სახელდება, თუმცა ახალი რეგულაციები, სავარაუდოდ, შემოდგომიდან ამოქმედდება.


„სხვა ცვლილებებთან ერთად იგეგმება ქულების სისტემის შემოტანა, რომლის საშუალებითაც წლის განმავლობაში ის, ვინც საპატრულო პოლიციის მიერ პირადად დაჯარიმდება, დაკარგავს ქულებსაც და 100-ქულიანი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მოუწევს მართვის მოწმობის შეჩერება. ამ სისტემით ის მძღოლებიც, რომელთაც ჯარიმების გადახდა ადვილად შეუძლიათ, იგრძნობენ მეტ პასუხისმგებლობას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


მისივე განმარტებით, სავარაუდოდ, გამკაცრდება ადმინისტრირება ისეთ დარღვევებზეც, რომელიც ავარიების ხშირი მიზეზია (სიჩქარის გადაჭარბება, მანევრირების წესების დარღვეა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა).


„მკაცრდება კანონმდებლობა ქვეითების დასაცავად და ავტოტრანსპორტით ბავშვების გადაყვანის უსაფრთხოების მიმართულებითაც", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.


როგორც ცნობილია, აღნიშნულის გარდა, რეფორმა ითვალისწინებს ასევე უკონტაქტო პატრულირების დანერგვას, რაც ევროპასა და ამერიკაში აპრობირებული მოდელია და სამოქალაქო მანქანებით, რომელთაც სპეციალური ნიშანი ექნება, პატრულირებას და ვიდეოდაჯარიმებას გულისხმობს. ასევე შემოდის მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარების სისტემა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner