თბილისში, მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციის ფარგლებში, პირველ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები ქეთევან წამებულის გამზირზე და კახეთის გზატკეცილზე - ორხევის მიმდებარედ არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს.
როგორც "სითი კვირას" "თბილსერვისში" განუცხადეს, სარემონტო სამუშაოების გარდა განათების ახალი სისტემა ეწყობა ჭავჭავაძისა და კოსტავას გამზირებზე - ფილარმონიასთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში.
მათივე ინფორმაციით, მონტაჟდება ანტივანდალური „დიოდური" სანათები, რომელიც ელექტროენერგიის 70%-მდე დანაზოგს იძლევა.
„თბილსერვის ჯგუფი" მის მოვლა -პატრონობაში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში სარემონტო სამუშაოებს და განათების სისტემის შეცვლას ეტაპობრივად განახორციელებს.