ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში 25 ბავშვზე გათვლილი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.
საბავშვო ბაღი დღეს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ჩოხატაურის გამგებელთან ირაკლი კუჭავასა და საკრებულოს თავმჯდომარესთან ზაალ მამალაძესთან ერთად გახსნა.
„გურიის რეგიონში ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისასალმებელია, რომ დღეს სოფელ სამებას ახალი ბაღი შეემატა. მინდა მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის გამგებელს, საკრებულოს თავმჯდომარეს და ყველა იმ ადამიანს ვინც მიიღო მონაწილეობა ამ კეთილ საქმეში. ამიერიდან ჩვენი პატარები ლამაზ გარემოში შეუდგებიან სწავლას, სადაც შეიძენენ საჭირო უნარ-ჩვევებს. ვულოცავ ამ ლამაზ დღეს პატარებს და ვუსურვებ წარმატებულ სასწავლო წელს", - განაცხადა გია სალუქვაძემ.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ აღნიშნა შენობა აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. მშენებლობა დაფინანსდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. პროექტის ღირებულება 55 515 ლარს შეადგენს.
2013-2016 წლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აშენდა 6 ახალი საბავშვო ბაღი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 საბავშვო ბაღს. მიმდინარე წელს კი აშენდება 2 საბავშვო ბაღი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 1 საბავშვო ბაღს.