logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: მეგობარი გაძლევს რჩევას, რომელსაც ან იღებ ან - არა... ამის გამო ურთიერთობები ხომ არ ფუჭდება?!
- +

27 აპრილი. 2017. 00:10




საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ვენეციის კომისიაში მუშაობენ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები, „მაგრამ არის საკითხები, რაზეც შეიძლება ვენეციის კომისიასთანაც ვერ შეთანხმდე".

 

„ვენეციის კომისიის პარალელურად არსებობს შიდა განხილვის ფორმატიც, საერთო-სახალხო განხილვები. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ უყარა კენჭი დოკუმენტს. ახლა მოხდება მისი ინიცირება. ასევე პარალელურად დაიწყება საერთო-სახალხო განხილვები და გუნდის იმ წევრებთნ, რომლებიც ამ კომისიის შემდგენლობაში არ იყვნენ, დაიწყება მსჯელობა", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


მისივე თქმით, ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციებს, საიდანაც არის საკითხები, რასაც გაიზიარებ და არის საკითხები, რასაც ვერ გაიზიარებ.


„თუ იქნება საინტერესო მოსაზრებები და მისაღები ჩვენთვისაც და ყველასთვისაც, გავიზიარებთ, თუ ისეთი საკითხები იქნება, რომელიც ჩვენთვის და პირადად, ჩემთვის არ არის მისაღები (მე ვიღებ გადაწყვეტილებას, პულტს მე უნდა დავაჭირო ხელი, ვენეციის კომისიის რომელიმე წევრმა კი არა), მაშინ არ იქნება გაზიარებული", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა სარეკომენდაციოა და ეს არ არის იმპერატიული მოთხოვნები.


„მე არ მაქვს მათთან ვალდებულება, მე ვალდებულება მაქვს ჩემს ამომრჩეველთან, ვინც მე ამირჩია და ვის ინტერესსაც პარლამენტში წარმოვადგენ. მე საქართველოს პარლამენტში ვენეციის კომისიის ინტერესს არ წარმოვადგენ, მე საბურთალოს იმ ოლქის მოსახლეობის ინტერესს წარმოვადგენ, რომელმაც ამირჩია. მე და ჩემს ამომრჩეველსაც ჩვენი პოზიცია გვაქვს და იმ პოზიციაზე, ფასეულობებსა და პრინციპებზე დავრჩებით ბოლომდე, რა ფასეულობებით და პრინციპებითაც მე მათ მომცეს ხმა. თუ რაღაც ნაწილი ჩემთვის მისაღები იქნება, დავეთანხმები. თუ არ იქნება მისაღები, არ დავეთანხმები. მეგობარი გაძლევს რჩევას. ამ რჩევას ან იღებ ან - არა, ამის გამო მეგობრებთან ურთიერთობები ხომ არ ფუჭდება?!" - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner