ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" 2016 წელს პარლამენტში იმის მესამედით შევა, რაც დღეს აქვს. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნებიან „ქართული ოცნების" ახალი სახეები.
„დაახლოებით 12-15% პროცენტს მიიღებს სავარაუდოდ „ნაციონალური მოძრაობა" და დანარჩენი პარტიები იმ ორი მესამედის სივრცეში განთავსდებიან, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" გამოათავისუფლებს. ამის შესაძლებლობა ბევრ პარტიას აქვს, მათ შორის ალასანიას პარტიას, „პატრიოტთა ალიანსს", თუმცა, ამ უკანასკნელი ხმების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს, რადგან ისინი სავარაუდოდ „ქართულ ოცნებას" მისცემენ ხმას, მას შემდეგ რაც „რესპუბლიკელებმა" დატოვეს კოალიცია. შანსი აქვს "რესპუბლიკურ პარტიასაც", რადგან მათ საკმაოდ დიდი ზეგავლენა გააჩნიათ საკანონმდებლო ორგანოზე, აქვთ კონტაქტები და ა.შ ", - ამბობს გამზარდია.
ანალიტიკოსი პარლამენტის შიგნით კოალიციის შექმნის საკითხს დადებითად აფასებს. მისი თქმით, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ევროპული პრეცედენტი იქნება ქართულ პოლიტიკაში.
„ჩვენ პოლიტიკური თვალსაზრისით სიახლეები ისედაც გვქონდა, თუნდაც კოაბიტაცია, როგორც თანამმართველობა. თუ კლასიკური კოალიცია შეიქმნება, ანუ პარტიები დამოუკიდებლად გავლენ არჩევნებზე და შემდეგ გაერთანდებიან ეს მნიშვნელოვანი სიახლე იქნება", - აღნიშნავს გამზარდია.
გამზარდიამ პროექტ „2030"-ის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი და სპეციალისტია, რომელთაც საზოგადოება არ იცნობს.
„2030"-ის წევრი ახლაც ვარ , თუმცა პროექტი დამთავრდა. მინდა ვთქვა, რომ იქ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი და სპეციალისტია. იქ არიან ადამიანები, რომელთაც საზოგადოება კარგად არ იცნობს. რამდენად კარგად და დროულად მოახდენენ ამ ადამიანების საზოგადოებისთვის გაცნობას, შესაბამის „პრომოუშენის" გაწევას, რთული სათქმელია. ეს აუცილებელი პირობაა, იმისთვის, რომ მომხმარებელმა, ამომრჩეველმა იცოდეს რა პროდუქტს აძლევს ხმას", - აცხადებს გამზარდია.