„80% კონსტიტუციაში შემავალი ცვლილებების ეფუძნება ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ინიციატივებსა და შემოთავაზებებს", - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დასკვნითი სხდომის დასრულების შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო პროექტის შეფასებისას.
„ყველაზე ფუნდამენტური ცვლილებები, რა თქმა უნდა, არის საარჩევნო სისტემის შეცვლა და გადასვლა პროპორციულ სისტემაზე, რაც აქამდე არ გააკეთა არცერთმა ხელისუფლებამ. ვფიქრობ, საერთო-სახალხო განხილვების პროცესში კიდევ ბევრი საინტერესო მოსაზრება გაჟღერდება. ჩვენ თანახმა ვართ, მოგვიანებით გამოვაქვეყნოთ დეტალური სია, ვისგან რა რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული. მთელი პასუხისმგებლობით ვიმეორებ, რომ ცვლილებების 80% ეკუთვნის და ინიცირებულია კომისიის იმ წევრების მიერ, რომლებიც „ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ არიან", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.