ვიცე-პრემიერმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, სკოლის ბუფეტებიდან არაჯანსაღი საკვების ამოღების ინიციატივაზე ისაუბრა. ჯეჯელავას განცხადებით, აღნიშნულ საკითხში მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია და მათგან რეკომენდაციების მიღებისთვის მზად არიან.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ ძალიან აქტიურად. გვინდა და აქ უკვე დაძალება არ გამოვა, ეს იქნება უფრო შეთავაზება (სკოლებისთვის), ეს იქნება ჯანსაღი პროდუქტი, ბოსტნეული, ხილი. უნდა შევეცადოთ, შვედეთში იყო პროექტი, რომ სოფლის მეურნეობამ დაიწყო პროექტი და ყველა სკოლის შესასვლელში დადგა ვედრო/თასი ვაშლით. თუ არ გინდა, ნუ შეჭამ. ჩემი ოცნებაა, რომ ყველა სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგას. ნუ შეჭამს თუ არ უნდა, ბოლოს მაინც შეჭამს, ესუსნავებათ ბავშვებს და მიადგებიან იმ ვაშლს და შეჭამენ.
სკოლები გააფორმებენ ხელშეკრულებას, რომელიც ამას დაარეგულირებს და საშუალება ექნებათ, იმ კონტრაქტორს, რომელიც წესებს დაარღვევს შეუწყვიტონ ეს ხელშეკრულება. ასევე, ჩვენი მხრიდან სკოლებს, ადმინისტრაციას, დირექტორს ექნება ძალიან კონკრეტული მითითება, რომ პირადად გააკონტროლოს. დირექტორები შეძლებენ, რომ ეს არ მოხდეს მათ სკოლაში, თუ ეს გახდება მათი შეფასების ინსტრუმენტი და ეს აუცილებლად გახდება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.