„სანამ სტრასბურგის სასამართლო ქართული მართლმსაჯულების მიერ „რუსთავი 2"-ის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაშის დასახელებას სამართლიანად მიიჩნევს ან არ მიიჩნევს, ტელეკომპანია „კავკასიური ცარცის წრეშია" მოქცეული", - წერს გამოცემა for.ge და ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
„რუსთავი 2" დღესაც ის მთავარი იარაღია ნაციონალების ხელში, როგორც 2003 წლამდე იყო. ამდენად მნიშვნელოვანია, ვინ დაისაკუთრებს ტელეკომპანიას - მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია თუ ნაციონალებისგან გამიჯნული გიგა ბოკერიას ფრთა.
სტრასბურგის სასამართლოში „რუსთავი 2"-ის საქმის გასაჩივრება სულაც არ ნიშნავს, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება ვინმემ გააუქმა, ვინაიდან ამის უფლება არც სტრასბურგს აქვს. იმ შემთხვევაშიც, თუნდაც სტრასბურგმა ჩათვალოს, რომ ხალვაშთან დავისას „რუსთავი 2"-ის მხარეს წაერთვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, საქმე ხელახლა საქართველოს სასამართლოში დაბრუნდება განსახილველად. რით დასრულდება ხელახალი პროცესი, არავინ იცის და, ამდენად, ცოტა გაუგებარია, რას იყოფენ სააკაშვილი და გვარამია. სავარაუდოდ, ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ „რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო პროცესი დიდ ხანს გაგრძელდება და სანამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ტელეკომპანიის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ", - წერს გამოცემა.