„ეს არის იაფასიანი პიარი, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების დადგომას. ამას ხედავს საზოგადოება. მე მაქვს კონკრეტული ციფრები ბატონ ვაშაძის აქტივობასთან დაკავშირებით", - ამ სიტყვებით საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის, „ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის ბრალდებებს უპასუხა. როგორც ვაშაძემ გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა, თბილისის მერია 5 წლის განმავლობაში კორუფციაში „ჩაეფლო". ჯიშკარიანმა სტუდიაში ფოტომასალა წარმოადგინა უფასო სასადილოების მდგომარეობის, თუ რა პირობები იყო „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე.
„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც საუბრობს დადებით მხარეებზე, პროდუქტის გაუმჯობესებაზე და ყველა იმ პოზიტივზე, რომელიც შექმნა „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ. ეს არის ბოლო 3 წლამდე დრო. ამ მცირე პერიოდში მოგვიწია ძალიან კარგი შედეგის დადება. უფასო სასადილოებში ახლა არის ძალიან კარგი მდგომარეობა", - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა, რის შემდეგაც გიორგი ვაშაძემ კითხვით მიმართა საკრებულოს წევრს, თუ რატომ არ დაიჭირეს აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც მოვალეობა ვერ შეასრულეს 2012-14 წლებში, რაზეც ჯიშკარიანმა უპასუხა რომ „ამ ლოგიკით ვაშაძეც დასაჭერია."
„თქვენც დასაჭერი ხართ ბატონო გიორგი! ეს არის ლოიალური მიდგომა. თქვენ იყავით იმ ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენელი... ის რომ დღეს გაქვთ ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია, არ ნიშნავს, რომ მართალი ხართ" , - მიმართა ჯიშკარიანმა ვაშაძეს.
როგორც ვაშაძემ განაცხადა საპასუხოდ მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს და არც დამნაშავე არ არის. ამის შემდეგ ჯიშკარიანმა შემდეგი კითხვით მიმართა: „იზიარებთ თუ არა „ნაციონალური მოძრაობის" დროს იმაზე პასუხისმგებლობას რაც ხდებოოდა საქართველოში, კი ან არა მიპასუხეთ". რაზეც ვაშაძემ უპასუხა, რომ „ყველაფერში რაშიც ჩართული ვიყავი და ვაკეთებდი ვიზიარებ პასუხისმგებლობას!"