ავტორი სალომე უერთაშვილი
„შეხვედრა იყო ეპიზოდური, მაგრამ ამას შევაფასებდი უაღრესად დადებითად", - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ცენტრის" ხელმძღვანელმა პეტრე მამარაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამრთულ ბრიფინგზე განაცხადა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირკაშვილის აშშ-ში ვიზიტი შეაფასა.
მისი თქმით, კვირკაშვილი საქართველოს აუცილებლად ღირსეულად წარადგენდა ამერიკაში.
„შეგახსენებთ რა ფონზე ხდებოდა ეს ვიზიტი. თავდაპირველად, სენატორების ცნობილი წერილი დაიწერა იმის თაობაზე, რომ საქართველოს უფრო მეტი თანადგომა სჭირდება, ეს იყო მნიშვნელოვანი. ამის შემდეგ, ჩვენთვის უპრეცედენტო რამ მოხდა. ბიუჯეტის კანონის განხილვისას, მრავალგვერდიან საბუთში შევიდა მუხლი, რომ არცერთ სახელმწიფოს, რომელიც ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, აღარ ექნება შეერთებული შტატების ფინანსური ან ეკონომიკური დახმარება.
იმის ფონზე, როცა ტრამპი აცხადებდა, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია და რიგ საკთხებში საჭიროა ურთიერთობა რუსეთთან, ჩნდებოდა შიში, რომ მოხდებოდა გარიგება და ტრამპი მთლიანად დაუთმობდა პუტინს პოსტსაბჭოურ სივრცეს. მაგრამ, ეს ასე არ მოხდება, ვინაიდან აშშ-ში აღმოჩნდა საკმარისი ძალა, რომელიც ამას არ დაუშვებს.
აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობა მაღალ საფეხურზეა ასული, თუნდაც იმიტომ, რომ რეგიონია მნიშვნელოვანი და პრეზიდენტი ვინ იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამას ემატება ტრამპის პოზიტიური განცხადებაც.
ამ ვიზიტით გამოჩნდა კვირიკაშვილის ძლიერი სახე. დარწმუნებული ვარ, მან ღირსეულად წარადგინა ჩვენი ქვეყანა აშშ-ში", - განაცხადა მამრაძემ.