სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, ციხე სარეჟიმო ტიპის დაწესებულებაა, სადაც მკვეთრად უნდა იყოს განსაზღვრული როგორც თანამშრომლების უფლებამოსილება და კომპეტენცია, ასევე, ბენეფიციარების უფლებამოსილება. კახა კახიშვილმა პენიტენციური სისტემის რეფორმაზე „ეკა ხოფერიას თოქ-შოუში" ისაუბრა.
„ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არავინაა დაზღვეული , რომ შესაძლოა, პატიმარმა შეურაცხყოფა მიაყენოს თანამშრომელს. რა უნდა მოხდეს ამ შემთხვევაში? უნდა არსებობდეს დასჯის ეფექტური მექანიზმები. როდესაც ოფიცერი ხარ, როდესაც მუნდირისა და შენს ღირსებას იცავ, უნდა გქონდეს კანონით განსაზღვრული სანქციები, რომლითაც შეიძლება დამრღვევი დაისაჯოს, თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ცემა! ჩვენ ფუნდამენტურად სტაბილურ, მყარ სისტემას ვქმნით", - განაცხადა კახა კახიშვილმა.