ავტორი სალომე უერთაშვილი
„რუსეთსა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებულ მორიგ ხელშეკრულებას ნამდვილად არ ვუკავშირებ კვირიკაშვილის წარმატებულ ვიზიტს აშშ-ში", - ამის შესახებ მერვე მოწვევის პარლამენტარმა და „ქართული ოცნების" წევრმა დათო ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის შს ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირების შესახებ შეთანხმებაზე ისაუბრა.
როგორც ლორთქიფანიძე აღნიშნავს, მსგავსი ქმედება რუსეთის მხრიდან დასაგმობია.
„რუსეთის სახელმწიფოს აქვს თავისი დღის წესრიგი რომელიც პირდაპირ ბმაშია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან. არ აქვს მნიშვნელობა, შედგებოდა თუ არა კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტი, შეთანხმება რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მაინც მოხდებოდა. ეს არის ძალიან ცუდი და დასაგმობი. რუსეთი თავის პოლიტიკას აგრძელებს. სამწუხაროა, რომ ჩვენ დღეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით შეგვიძლია აღნიშნული საკითხი გავაპროტესტოთ. ასევე, აღსანიშნავი და კარგია, რომ მსოფლიო თანამეგობრობა ამ საკითხში ცალსახად გამოხატავს ჩვენს მიმართ მხარდაჭერას, თუნდაც, აშშ-მ თავისი ბოლო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით ეს დააფიქსირა. მსგავსი რამ აქამდე არ მომხდარა.
იმედს ვიტოვებ, რომ თანმიმდევრული პოლიტიკით, უახლოეს მომავალში დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ და ეს ყველაფერი ისტორიის სამარცხვინო ფურცლად დარჩება", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.