„მარატ კულახმეტოვის დანიშვნას არანაირი სამართლებრივი განზომილება არ გააჩნია ჩვენთვის, თან საუბარია პირზე, რომელიც 2008 წლის მოვლენებში უშუალოდ იყო ჩართული", - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მარატ კულახმეტოვის დანიშნვის ფაქტზე ისაუბრა.
„ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ე.წ. დანიშვნა, რომელიც რუსეთის ე.წ. აღიარების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს კიდევ ერთხელ არღვევს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამას არანაირი ლეგიტიმური და სამართლებრივი განზომილება არ გააჩნია ჩვენთვის. თან საუბარია პირზე, რომელიც უშუალოდ ჩართული იყო 2008 წლის მოვლენებში. მე უბრალოდ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ჯდება იმ პოლიტიკის ხაზში, რასაც რუსეთის ფედერაცია დღემდე ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელბრუს კარგიევი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე მარატ კულახმეტოვი დანიშნა.