logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით მოდერნიზებას ვგეგმავთ
- +

27 მაისი. 2017. 12:09



„ვგეგმავთ რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით მოდერნიზებას", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ NATO-ს საპარლამენტოს ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც იზორიამ განაცხადა, პრიორიტეტი იქნება ანტისატანკო სისტემის ჩამოყალიბება, ასევე ანტისაჰაერო სისტემა და ავიაციის მოდერნიზება, არტილერიის NATO-ს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა და ბუნებრივია, სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერება.


„ამ კონტექსტში სწორედ პირველი სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში განსაკუთრებული როლი ენიჭება NATO-საქართველოს არსებით პაკეტს, რომელიც უელსის სამიტზე იქნა მიღებული და ითვალისწინებს 15 მიმართულებით აქტიურობას. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ალიანსის წევრ ქვეყნებს დიდი მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ ამ პრაქტიკული ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველოს მიმართ იჩენთ, რაც არის მნიშვნელოვანი წინაპირობა ჩვენი თავსებადობისა NATO-სთან და ჩვენი გარანტი იმისა, რომ მალე გავხდეთ NATO-ს წევრი ქვეყანა", - განაცხადა იზორიამ.


როგორც იზორია აღნიშნავს, მეორე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროგრამა NATO-ს პირველი სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაa.


„ეს არის ყველაზე ამბიციური პროგრამა, რომელიც კი გვქონია დღემდე ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირესთან, რომელიც ითვალისწინებს 3 წლის განმავლობაში ჩვენი შეიარაღებული ძალების ათასობით მოსამსახურის გაწვრთნას, მაქსიმალური NATO-ს სტანდარტების უზრუნველყოფით, ასევე ითვალისწინებს ამ ბატალიონების აღჭურვას NATO-ს ადეკვატური ტექნიკით და ჩვენ უკვე წელს ვგეგმავთ, ერთობლივად ავაშენოთ საბრძოლო მომზადების ცენტრი, ანუ შევქმნათ ინფრასტრუქტურა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ინფრასტრუქტურა იქნება NATO-საქართველოს ერთობლივი შეფასებისა და წვრთნების ფარგლებში, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს შესაძლებლობას, მოვახდინოთ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებისა და აქტივობების სინქრონიზება", - აცხადებს იზორია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner