2010 წლის 30 ოქტომბერს, ბათუმის აეროპორტში საწვავის შევსების მიზნით დაჯდა ბულგარეთიდან თურქმენეთში მიმავალი Fly Adjara-ს კუთვნილი თვითმფრინავი. მას აშხაბადში თურქმენეთის უშიშროების სამსახურის დაკვეთით შეიარაღება გადაჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავს სამხედრო დანიშნულების ტვირთი საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, ყველა საჭირო დოკუმენტის საფუძველზე გადაჰქონდა, ბათუმის აეროპორტიდან მას ფრენის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა, იარაღის კონტრაბანდის ბრალდებით, ავიაკომპანიის მფლობელი ნოდარ კაკაბაძე და ორი უკრაინელი მფრინავი დააპატიმრეს, აეროპორტის ტერიტორიაზე Fly Adjara-ს კუთვნილ ანგარებში გენშტაბის უფროსის ბრძანებით თავდაცვის სამინისტროს შეიარაღება შეიტანეს, იქ განთავსებული ვერტმფრენები კი თბილისში, „დელტას" ბაზაზე გადაიტანეს.
როგორ განვითარდა ეს გაუხმაურებელი საქმე? რატომ დაიბარეს თურქმენეთის უშიშროებაში საქართველოს ელჩი? რა საიდუმლო ვიზიტით სტუმრობდა თბილისს ვიქტორ იუშჩენკო და რატომ დააჯილდოვა სააკაშვილმა ახალაიას მიერ იარაღის კონტრაბანდაში მხილებული ბიზნესმენი? ამ საქმის გარემოებებზე Fly Adjara-ს მფლობელი ნოდარ კაკაბაძე გაზეთ „პრაიმტაიმს" ესაუბრა.
„ამას სერიოზული პრობლემები მოჰყვა სამთავრობო დონეზე. ჩვენი ელჩი დაიბარეს თურქმენეთის საგარეო უწყებაში და უსაფრთხოების სამსახურში. ელჩმა თბილისიდან მიღებული ინსტრუქციით იქ განუცხადათ, რომ თითქოს საბუთები არ გვქონდა სისრულეში და ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩატანა იმიტომ შეფერხდა. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბულგარეთმაც ოფიციალური ნოტა გამოგზავნა. ამასთანავე, 2011 წლის მარტში თუ აპრილში სპეციალურად ჩამოვიდა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი იუშჩენკო, რომელსაც სააკაშვილთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა. ეს ვიზიტი არ გახმაურებულა. ჩემმა პარტნიორმა სპეციალურად იქირავა თვითმფრინავი და ისე ჩამოიყვანა. შეხვედრა შედგა უშუალოდ სააკაშვილის კაბინეტში. მიშამ რომ უთხრა, ესენი უკვე გავათავისუფლეთო, ჩემს პარტნიორს გაეცინა, რადგან იმ მომენტში ისევ ციხეში ვიჯექით... ჩამორთმეულ ვერტმფრენებთან დაკავშირებით პროცესი ამჟამადაც გრძელდება. გვეუბნებიან, ჩვენ თვითონ შევისყიდითო. სხვათა შორის, ახალაიას დროს 26 მაისს სამხედრო გამოფენა რომ მოეწყო, ჩვენი ორი ვერტმფრენი ჰყავდათ გამოყვანილი, როგორც „დელტას" წარმოება.
საგადასახადო შემოუშვეს, აბსურდული ჯარიმები დაგვაწერეს და ლიცენზია ჩამოგვართვეს. ყველაზე ცინიკური კი, იცით, რა არის?! - გათავისუფლებიდან 6 თვის შემდეგ, სააკაშვილმა ავიაციაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით დამაჯილდოვა. ანუ ბაჩო ახალაიამ იარაღის კონტრაბანდის ბრალდებით დამაპატიმრა, სრულიად უკანონოდ 9 თვე მაყურყუტეს ციხეში, წამართვეს ქონება და ამ ყველაფრის შემდეგ სააკაშვილი მაჯილდოებს. მაშინ ამ ჯილდოზე შიშის ფაქტორის გამო უარი ვერ ვთქვი, ვიფიქრე, - ისევ უკან არ შემაბრუნონ-მეთქი. ახლა ვაცხადებ, რომ უარს ვამბობ ღირსების ორდენზე.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, შესაბამის უწყებებთან დავაყენე ეს საკითხი, წავიდნენ მოლაპარაკების გზით და ანგარებიდან გავიდნენ, გაიტანეს მათი შეიარაღება, მაგრამ ჩვენი კუთვნილი ვერტმფრენები და ორი თვითმფრინავი კვლავ „დელტას" ტერიტორიაზეა. ამ საკითხზე ალასანიას დროს მივმართე თავდაცვის სამინისტროს, შექმნეს კომისია. ჩატარდა მოკვლევა, რის საფუძველზეც მოგვცეს დასკვნა, რომ კუთვნილ ვერტმფრენებს დაგვიბრუნებდნენ. ამ დასკვნით მივედი „დელტაში" და მოვითხოვეთ დაბრუნება, 12 ვერტმფრენზე და 2 თვითმფრინავზეა საუბარი. პროცესი ახლაც ჭიანურდება, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს დასკვნა, ჩვენი კუთვნილი ქონების დაბრუნება არ ხერხდება", - აცხადებს ნოდარ კაკაბაძე.