მეორე დღეა, ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობის შესახებ დაუზუსტებელი ინფორმაციები ვრცელდება, თითქოს მან ინსულტი მიიღო და სასწრაფო წესით გერმანიაში გადააფრინეს.
ამ თემაზე „ალიამ" ბიძინა ივანიშვილის ექსკლუზიური კომენტარი მოიპოვა.
ექს-პრემიერი „ალიასთან" საუბარში აცხადებს, რომ იგი იმყოფება საჩხერეში, თავს გრძნობს შესანიშნავად და სასაცილოდ არ ჰყოფნის ხელმოცარული ადამიანების ფანტაზია...
„საჩხერეში, ჩემს სახლში ვარ და თავს ვგრძნობ შესანიშნავად. მადლობა, რომ მომიკითხეთ..." - აცხადებს ივანიშვილი.
ცოტა ხნის წინ კი, ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური განცხადებაც გავრცელდა:
„ჩემთვის გასაგებია „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების სურვილი, მიაღწიონ სასურველ მიზანს და გამოიწვიონ დესტაბილიზაცია.
ჩემთვის გასაგებია, რომ მათ არ მოსწონთ დენდროლოგიური პარკი, „Black Sea Arena", ოპერის განახლებული შენობა და სხვა.
ჩემთვის გასაგებია, რომ ისინი ძალიან განიცდიან 2012 წლის არჩევნებში კრახს და ისიც გასაგებია, თუ რატომ არ მოსწონთ კოჰაბიტაცია.
კოჰაბიტაციის საზღვრებს მიღმა დარჩენილები, ორი დღეა ჩემს შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს მივიღე ინსულტი და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი გადამიყვანეს გერმანიაში.
გადაეცით ყველას, რომ ინსულტიანი პაციენტის ადგილიდან დაძვრა არ შეიძლება და ვურჩევ, ჩანასახშივე მკვდრადშობილი ჭორი „გააკეთილშობილონ" როგორც უნდათ, ისე, ჩემს მიმართ".