„...რომელ პოლიტიკურ ძალებთან ვაპირებ თანამშრომლობას?
პირველ რიგში, მინდა ვახსენო რესპუბლიკური პარტია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მრავალ ბატალიებში გამობრძმედილი პარტია, პოლიტიკური ბიოგრაფიის დიდი სტაჟით, შესაშური ინტელექტუალური რესურსით და ნათლად გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერებით", - განაცხადა 2011 წლის 12 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა და ეს იყო მისი შეცდომა.
მაშინ, ცხელ გულზე, ეს შეცდომა მახვილ თვალს გამოეპარა. დრო იყო იმდაგვარი - სხვა ვნებები ჭარბობდა, სხვა ტიპის განწყობა სუფევდა. რესპუბლიკელთა პირშავობის ამოსაცნობად საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებს იმჟამად არ სცხელოდა და ამიტომაც შეცდა ივანიშვილი და შეცდა ხალხიც. სინამდვილე კი მოგვიანებით გამოიკვეთა.
საბედნიეროდ, ზემოხსენებული სტრიქონების ავტორს არც შეცდომის აღიარება უჭირს და არც მისი დანახვა-გამოსწორება. ჰოდა, გამოასწორა კიდეც... მან თვალნათლივ დაანახა საზოგადოებას მათი რეიტინგი, ადგილი და რეალური სახე.
რესპუბლიკელთა პირშავობის ეფექტი მარტივია, იდეა კი ყოფილ საპარლამენტო ოჯახურ წყვილს ეკუთვნის: მავანი ბრიყვი ერის გულის მოსაფონად, ერთის მხრივ, პოლიტიკოსის სპეტაკი ხელთათმანი უნდა მოიხდინო, ხოლო მეორეს მხრივ, პატრონსაც უნდა უღალატო და პატრონმოწყობილიც გახდე, რათა პროექტი - „ახლა მე მიმიშვით ბუხართან" - ოცნებიდან რეალობად აქციო.
წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო - ხანგრძლივი და ძვირადღირებული დასვენების შემდეგ ცოლ-ქმარი კვლავ გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე - უსუფაშვილი, მენტორული ტონით შეუდგა ხელისუფლებისა და საზოგადოების დამოძღვრას, ხოლო მისი მეუღლე, მისთვის ჩვეული პროვოკაციული ტერმინოლოგიით მანიპულირებას სამშობლოს თემაზე (მათივე განსაზღვრებით, ისინი ნებისმიერ კომფორტულ ქვეყანას მიიჩნევენ სამშობლოდ).
გამოტეხილად ვიტყვი: რესპუბლიკელების მიერ კანონი უხეშად და მიზანმიმართულად რომ დაირღვა, ამას ადვილად დავამტკიცებ, ოღონდ ამისთვის დროის უკან გადახვევა მომიწევს.
2015 წელი - საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომის ერთი სადაგი კალენდარული დღე.
დეპუტატებმა კანონშემოქმედებითი რუტინის გარდა საკადრო საკითხებიც უნდა განიხილონ: ალასანიას კაცის მაგივრად სხვა კაცი უნდა ჩასვან ვიცე-სპიკერის სავარძელში და, რაც მთავარია, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ახალ კანდიდატებს უყარონ კენჭი.
სხდომა დაიწყო. ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გახსნა. მისი მეუღლე, ასევე პარლამენტარი და რესპუბლიკელი თინათინ ხიდაშელი, ამ დროს დარბაზში არ ზის. იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება მივლინებით. რესპუბლიკელებმა ივანიშვილს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, სხვა პოლიტიკურ ძალებს, საკუთარ უმრავლესობასა და, საერთოდ, ქვეყანას უნდა მოუგონ - მარეგულირებლის ერთ-ერთი წევრის პოსტზე თავისი კანდიდატი ძალის გამოყენებით გაიყვანონ.
საქმეს ის უფრო ართულებდა, რომ ხიდაშელ-უსუფაშვილის ფავორიტი ამ თანამდებობისთვის შეუფერებელი იყო, კანონით გათვალისწინებულ არცერთ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა. ნებისმიერი მამაცი დეპუტატი ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ამ კაცის არჩევას ხელს არ აუწევდა, მაგრამ რესპუბლიკელებს ასე უნდათ, ხოლო რახან უნდათ, მაშასადამე მათი ხე კიტრია და გინდა ჭამე, გინდა ...
ეს იცის ხიდაშელმა. ისიც იცის, რომ მათი ხელისუფლების შენარჩუნება-განმტკიცების გზა ჭიდაობა და ვაჭრობა, შანტაჟი და ხელების გადაგრეხვაა, სხვა რესურსი მათ არ გააჩნიათ, ეს 2016 წლის არჩევნებმაც დაადასტურა. ისინი ამისთვის მზადა არიან. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ჯერ კიდევ მაშინ დაადგა თვალი, როცა ივანიშვილის სიტყვების შემდეგ ფენიქსივით აღსდგა ფერფლიდან და პარლამენტის კარი შეაღო. შეაღო და მახვილი თვალი მყისვე მარეგულირებლისკენ გაექცა. ვიდრე მისი კოალიციური თანაგუნდელები პრეზერვატივებისა და პარლამენტში ჩოხა-ახალუხით სიარულის საკითხებზე დავობდნენ, ხიდაშელმა გეში აიღო, ქვეყნის მართვისა და ხალხის დაზომბირების ერთ-ერთი ბერკეტის ადგილსამყოფელს მიაგნო, ფარად სამართლიანობის აღდგენა აიფარა და თავმჯდომარე-მეუღლეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია გამოსტყუა, სათავეში ჩაუდგა და ნება-ნება შეჰყვა „ახლა მე მიმიშვით ბუხართან" რესპუბლიკელების ცნობილი გეგმის განხორციელებას.
სწორედ ამ გეგმაში ჩაიწნა პროგრამა-მინიმუმი და პროგრამა-მაქსიმუმი. მინიმუმი ხიდაშელის კომისიამ 2013 წელსვე შეასრულა - მარეგულირებლის იმჟამინდელი თავმჯდომარე, სხვათა შორის, ყოფილი რესპუბლიკელი, მაგრამ შემდგომ იგივე რესპუბლიკელების რისხვაში მოყოლილი კარლო კვიტაიშვილი გააიმპიჩმენტა, პროგრამა-მაქსიმუმისთვის პოლიგონი გაითავისუფლა, და აჰა, ამ მაქსიმუმის დროც დადგა - 2015 წელს - როცა მარეგულირებლის მზის სინათლე, სიკვდილ-სიცოცხლის ფასად, მხოლოდ რესპუბლიკელმა კანდიდატმა უნდა დაინახოს.
უპირველესად იმიტომ, რომ მერაბ ქათამაძე ყველა იმ საეტაპო მოთხოვნას არღვევს, რომელიც თავად ხიდაშელ-უსუფაშვილის პარლამენტმა შეცვალა საკანონმდებლო ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. კერძოდ, ხიდაშელამდე ეპოქაში ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრობის კანდიდატი არ იყო შებოჭილი „მაუწყებლობის შესახებ" კანონის მოთხოვნებით. არ იყო გამოკვეთილი არც სპეციალობის, არც საზოგადოებრივი ნდობისა და აღიარების აუცილებლობა, და არც მმართველ თანამდებობაზე მუშაობის სამწლიანი გამოცდილება. ეს მოთხოვნები 2013 წლის სექტემბერში ჩაამატა კანონში ახალმა უმრავლესობამ და მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ახლებურად ააჟღერა.
იაღლიში მოუვიდა ცოლ-ქმარს. რაღაც ვერ გათვალეს. ასეა თუ ისე, შეუსაბამობა სახეზეა. მათივე მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებამ მათივე კანდიდატი ჩააყენა ჩოქბჯენში, თუმცა რესპუბლიკელების პრინციპი - ჩემი ხე კიტრია... - ძალაში დარჩა და პლენარულ სხდომაზე თვალნათლივ გამოჩნდა. ამ უკანონობას „აპრავებდა" ასევე რესპუბლიკელების სტაჟიანი წევრი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, „თემიდად" აღიარებული ვახტანგ ხმალაძე, რომლის ვიზირების გარეშე პლენარულ სხდომაზე ვერც ერთი საკითხი ვერ შემოვიდოდა. უფრო მეტიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ კონკრეტული აპლიკანტის დოკუმენტაცია კანონთან შეუსაბამობის გამო. არც უნდა მიეღო, არამცთუ პარლამენტში გადაეგზავნა განსახილველად. პრეზიდენტისა და უსუფაშვილ-ხიდაშელის ტანდემის მიერ კანონის სინქრონული იგნორირება შემთხვევითი არ უნდა იყოს, ძალიან ჰგავს კლასიკურ კორუფციულ სქემას.
რესპუბლიკელების ფავორიტი, არც სპეციალობით შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნას და არც მმართველი თანამდებობა ეპყრა ოდესმე. ამას ადასტურებს მისი ინდივიდუალური ბიოგრაფიული დოკუმენტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს წარედგინა განსახილველად. რაც შეეხება საზოგადოებრივ ნდობასა და აღიარებას, აქ კრიტერიუმები ძალზე ბუნდოვანია: თუ სანათესაოსა და ნაცნობ-მეგობრებში ტრიალი საზოგადოებრივ აღიარებას ნიშნავს, მაშინ ქათამაძის შემთხვევაში კამათი მეტ-ნაკლებად შესაძლებელია, ხოლო თუ საზოგადოებრივი ნდობა სანათესაო-ნაცნობ-მეგობრობის ჩარჩოებს სცდება და სხვა მასშტაბებს გულისხმობს, კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოს მდივნის გარემოს - ქათამაძის მეუღლე პარლამენტარ ლევან ბერძენიშვილის მდივანი იყო საკანონმდებლო ორგანოში, ლევან ბერძენიშვილი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომა რის პირველი მოადგილე იყო და იმავდროულად ძირძველი რესპუბლიკელი. ქათამაძის მიერ წარდგენილი საბუთები შესაბამისმა პირებმა სათანადოდ კი არა, საერთოდ არ შეისწავლეს. ხელისუფლების შტოები - ხიდაშელის ენით რომ ვთქვათ, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე მიზანმიმართულად დადუმდნენ. ამ დღეს კიდევ ერთი შტოც - პარლამენტიც დადუმდება მიზანმიმართულად. საინტერესო ისაა, ამდენ საცერში როგორ არ გაიცხრილა ქათამაძის CV, როგორ არავინ მიაქცია კანონებთან შეუსაბამობას ყურადღება არც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არც პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში. არის აქ რაღაც მისტიკურ-გონივრული ეჭვისმაგვარი.
ქათამაძის კანდიდატურა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის პოსტზე „მაუწყებლობის შესახებ" კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტსაც არღვევს, რომელიც ღაღადებს: „...კომისიის წევრს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ იმავდროულად არის...პოლიტიკური პარტიის წევრი".
არადა არის ქათამაძე რესპუბლიკული პარტიის წევრი. თანაც ისეთი კი არა - რიგითი და რამე, არამედ ფიგურაა, პარტიაში „სტოსი" მიჰყავს. ამას იგი თავისი პირით ამბობს. თანაც ვინმეს კი არ ეჭორავება, არამედ ჟურნალისტთან აქვს მუსაიფი გაბმული: „ჩემი დაკავება ჩემს პოლიტიკურ აქტივობასთანაა დაკავშირებული. ვარ რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი", - ასე აცხადებს იგი ჟურნალისტთან გულახდილი საუბრის დროს 2010 წლის 28 იანვარს და მისი ეს თამამი სიტყვები ინტერნეტ-გამოცემებშია დაარქივებული. საკმარისია, დაინტერესებულმა პირმა სისტემა google ამ მიმართულებით გაააქტიუროს, რომ სტატიასაც ნახავს და ქათამაძის ფოტოსურათსაც, რომელიც ცივ ზამთარში, სიცივეშია გადაღებული. როგორც რესპუბლიკელების ერთ-ერთი „წამყვანი" ფიგურა, იგი რესპუბლიკელების საინფორმაციო ყოველთვიური ბიულეტენის რედაქტორიც იყო, ამას „ვიკიპედიაც" ადასტურებს: „რესპუბლიკელები" - საქართველოს რესპუბლიკული პარტიის საინფორმაციო ბიულეტენი. გამოდის 2008 წლის დეკემბრიდან. იბეჭდება ქართულ ენაზე. ბიულეტენის ტირაჟი 3000 ეგზემპლარია. რედკოლეგიის წევრები არიან: ლევან ბერძენიშვილი, დავით ზურაბიშვილი, ფრიდონ საყვარელიძე, ივლიანე ხაინდრავა, მერაბ ქათამაძე (რედაქტორი)."
საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ქათამაძე სწორედ ამ პარტიული აქტივობების გამო დაიწუნეს 2013 წლის დეკემბერში, როცა მის კანდიდატურას იხილავდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე. მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევმა საზოგადოებრივმა კომისიამ, რომელიც 2013 წლის 11 დეკემბერს შეიქმნა და 10 დღე სწავლობდა კანდიდატთა ბიოგრაფიებს, პირდაპირ და დაუფარავად განაცხადა: „შერჩევის დროს ამოსავალი, ერთის მხრივ იყო ის, რაც ამ კანონით არის განსაზღვრული, თუ ვინ უნდა იყოს დამოუკიდებელი საბჭოს წევრი და მეორეს მხრივ ის პარამეტრი, რაც თავად პარლამენტმა დაუშვა, როდესაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კარლო კვიტაიშვილის საკითხს იხილავდა - რომ თუკი პირი მონაწილეობდა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიტინგზე, შეხვედრაზე ან არჩევნებში, ეს პირები არ შეიძლება იყვნენ დამოუკიდებელი საბჭოს წევრები."
ხიდაშელის კომისიამ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კარლო კვიტაიშვილი შემდეგი ფორმულირებით გააიმპიჩმენტა: კვიტაიშვილი ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირდება, ამ პარტიის არაოფიციალური წარმომადგენელი იყო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მარეგულირებლიდან უნდა მოიკვეთოსო. ხიდაშელის კომისიის დასკვნის მე 13 თავში „ინტერესთა კონფლიქტი მარეგულირებელ კომისიაში" წერია: „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიის წევრი, ასევე ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით განაცხადოს ბოლო 5 წლის განმავლობაში მისი ან მისი ოჯახის წევრის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის შესახებ." საგულისხმოა ისიც, რომ განცხადების შემდეგ შესაბამისმა პირებმა გულდასმით შეისწავლონ წარდგენილი საბუთები, მოახდინონ სათანადო რეაგირება. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მაღალი ალბათობით საქართველოს პრეზიდენტი, ასევე პარლამენტი არ ფლობდა დეტალურ ინფორმაციას კონკურსანტების შესახებ ან პირიქით - აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტო მიზანმიმართულად დუმდა წლების განმავლობაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე."
შეგახსენებთ, ეს მავანი მოკვდავის კაპრიზი კი არა, თვით ხიდაშელის სიტყვებია, რომელმაც კვიტაიშვილი შეიწირა.
კიდევ ერთიც: ხიდაშელი თავის დასკვნაში აცხადებს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას, დამოუკიდებელი წყაროებით გადაამოწმოს კვიტაიშვილთან დაკავშირებული ფაქტები, მაგრამ, რახან ხიდაშელი ამბობს, ეჭვობს და ვარაუდობს, მაშასადამე, მისი ხე კიტრია, კიტრი კი გინდა ჭამე, გინდა ... მოკლედ, კვიტაიშვილი პარტიასთან ასოცირების მოტივით გააიმპიჩმენტეს.
ამაზე შეგვიძლია მხოლოდ მწარედ გავიცინოთ და ვთქვათ: „ის, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს".
კომუნიკაციებზე ზოგადად, კონკრეტულად კი ელექტრონულ მედიაზე კონტროლი მომავალი პოლიტიკური გამარჯვების ერთ-ერთი საწინდარია. აქვს ამის გამოცდილება ხიდაშელს, იცის ეს რესპუბლიკურმა პარტიამაც. ამიტომაც არის აუცილებელი კომუნიკაციებში თავისი კაცის ჩანერგვა, მედიაზე კონტროლი და, თუ საჭირო გახდა, შანტაჟიც კი. ყოველივე ეს არის მძიმე ორთაბრძოლა. ორთაბრძოლა ყველასთან: ხელისუფლებასთან, საკუთარ უმრავლესობასთან, ყავლგასულ უმცირესობასთან, სინდისთან, ნამუსთან, სამართლიანობის აღდგენის იდეასთან; ეს არის ევროპულ ღირებულებებთან კეკლუცობა, რადაც უნდა დაჯდეს, შეეფერება თუ არა კანონის მოთხოვნას, რესპუბლიკელების ფავორიტმა უნდა იმარჯვოს. დანარჩენი ტექნიკის საქმეა. თუ საჭირო გახდება, ვაჭრობაც მოსულა.
მოკლედ, ვახტანგ ხმალაძემ (იურიდიული კომიტეტის ვიზირების გარეშე, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, დოკუმენტი თავისით ვერ იხილავს პარლამენტის პლენარული სხდომის „შუქს") და დანარჩენმა რესპუბლიკელებმა, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის ბოროტად გამოყენებით პარლამენტს მიაღებინეს კანონის მრავალმუხლიანი დარღვევით კომისიის წევრად მერაბ ქათამაძის არჩევის გადაწყვეტილება და კომუნიკაციების ეროვნული კომისია თავისი უპასუხისმგებლობით აქციეს არალეგიტიმურად.
შორს გაიხედეს - ეხლახანს დააფუძნეს ტელევიზია - კომისიაშიც თავიანთი კაცი ჰყავთ.
არანაკლები წვლილი მიუძღვის ხიდაშელ-უსუფაშვილის ტანდემს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირებასა და მისი თავმჯდომარის შერჩევაში; აქვე უნდა ითქვას, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი, საიას იურისტი, და რაც მთავარია, მისადმი მორჩილების ნიშნით გამორჩეული, ნათია კაპანაძე გაამწესა.
აი, ვინ არიან რესპუბლიკელები, კიდევ ერთი შტრიხი პორტრეტისათვის:
უფლებადამცველთა მანტიამოსხმული საბჭოური ყაიდის პოლიტიკური საქმოსნები."
ამ ეტაპზე შემოვიფარგლებით „მისტერ და მისის სმიტების" სატელეკომუნიკაციო სფეროსადმი დაინტერესებით. უნდა ითქვას, რომ, სამწუხაროდ, ამ კონკრეტულ სფეროში მათი მიზნები მიღწეულია. თუმცა მათი ინტერესები მრავალფეროვანია...
დავით ქავთარია