logo_geo
eng_logo
ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის თქმით, საქართველომ განიცადა არაჩვეულებრივი წინსვლა გასული 5 წლის მანძილზე და ეს მნიშვნელოვანი პროგრესი გაამყარებს NATO-ს წევრობის განაცხადს
- +

1 აგვისტო. 2017. 18:28


„ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო მუშაობას საქართველოს მთავრობასთან, რათა გავაფართოვოთ და გავაძლიეროთ საქართველოს NATO-სთან დაახლოება და საქართველო ერთ დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს", - აღნიშნული განცხადება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

„ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების საფუძველი გახლავთ ძირითადი პრინციპი: შეტევა, თავდასხმა ერთ წევრზე, გულისხმობს ყველა წევრზე თავდახმას. აშშ-ის პრეზიდენტმა მანამდე გააჟღერა და მე ჩემი ტურნეს ფარგლებში ხაზს ვუსვამ, რომ აშშ-ი იმოქმედებს ზუსტად იმის საფუძველზე, რასაც აცხადებს. რაც შეეხება საქართველოს, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას NATO-ს წევრობისადმი. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო მუშაობას ბატონ პრემიერთან, საქართველოს მთავრობასთან, რათა გავაფართოვოთ და გავაძლიეროთ საქართველოს NATO-სთან დაახლოება, რათა საქართველო ერთ დღეს NATO-ს წევრი გახდეს", - განაცხადა მაიკ პენსმა.

 

ამასთან, როგორც პენსმა აღნიშნა, აშშ-ი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს პროგრესს არა მხოლოდ ბოლო 25 წლის, არამედ ხუთი წლის თვალსაზრისით და ამას საქართველოს NATO-ში მომავალი წევრობის კუთხით უყურებს.

 

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წუთში რუსული ტანკები განლაგებულია დაახლოებით 40 კილომეტრის დაშორებით იმ ადგილიდან, სადაც ვიმყოფებით. აშშ გააგრძელებს საქართველოს ურყევ მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს განმტკიცებაში. ვეცდებით, ძალ-ღონე არ დავიშუროთ, რათა მივაღწიოთ მშვიდობიან მოგვარებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ადღგენას აღიარებული საზღვრების ფარგლებში", - აღნიშნა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა.


აქვე მაიკ პენსმა განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი დასავლეთთან არის დაკავშირებული.


„დონალდ ტრამპის სიტყვებს კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ვაგრძელებთ მოკავშირეობას, საქართველოს მომავალი დასავლეთთან არის დაკავშირებული", - დასძინა მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.


„ჩვენ ვიმუშავებთ ბიზნესის სფეროში, გავამყარებთ ბიზნეს ურთიერთობებს და მიმდინარე რეფორმები ნათლად ცხადყოფს თქვენს ერთგულებას დასავლეთის მხარესთან ბიზნეს ურთიერთობების გამყარების თვალსაზისით. მე მივესალმები იმას, რომ საქართველოში ყველა მოქალაქეს უფრო და უფრო მეტი შესაძლებლობები ეხსნება ეკონომიკური თვალსაზრისით. ანაკლიის პორტი გახლავთ საუკეთესო გამოხატულება ამისა. ჩვენ კიდევ მეტად შეგვიძლია გავამყაროთ ეკონომიკური განვითარება და ბატონი დონალდ ტრამპის სიტყვებს კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს - ჩვენ თქვენს გვერდზე ვართ, ვაგრძელებთ მოკავშირეობას, საქართველოს მომავალი დასავლეთთან არის დაკავშირებული. ჩვენი ძალა ყოველთვის არის და იქნება ჩვენს ერთიანობაში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო პრემიერო სტუმარ-მასპინძლობისთვის და მადლობთ იმ მყარი მიმართულებისთვის, რომლითაც თქვენი ქვეყანა მიდის, რომელსაც წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში და ჩვენ ურთიერთობაში", - აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა.


„წმინდა წერილის ერთ-ერთი ნაწილი მახსენდება - ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში ღმერთის რწმენა თავისუფლებაა და ამას უნდა ვითვალისწინებდეთ ყველა ძალისხმევაში", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ქართველ და ამერიკელ სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა.


„დღეს ჩვენ ვეწვიეთ პატრიარქს, სიონის საკათედრო ტაძარში, რომელიც საუკუნეების წინ აშენდა, ეს არის სიმბოლო ათასწლეული რწმენის, რომელიც აძლიერებდა ამ ქვეყანას. მე ასევე წმინდა წერილის ერთ-ერთი ნაწილი მახსენდება - ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში - ღმერთის რწმენა თავისუფლებაა და ამას უნდა ვითვალისწინებდეთ ყველა ძალისხმევაში.

 

დღეს ჩვენ ვაჟღერებთ ჩვენს მხარდაჭერას ჩვენი მეგობარი საქართველოს მიმართ და დარწმუნებული ვიქნებით, რომ ერთ-დღეს ჩვენ მოკავშირეები გავხდებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის თვალსაზრისით. ამას ვაკეთებთ რწმენით, საკუთარი თავის ნაბიჯების რწმენით, ამ ძველი მიწის ამაყი ხალხის სიძლიერის რწმენით, ჩვენი მთავარსარდლის, დონალდ ტრამპის კურსის სისწორის რწმენით, ღმერთის წყალობის რწმენით. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკა და საქართველო თავისუფლები მომავალში ერთად იქნებიან", - განაცხადა მაიკ პენსმა.

 

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველო უკვე დატოვა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად საქართველოს გუშინ ეწვია და ორი დღის განმავლობაში მაღალი დონის შეხვედრები გამართა.


მაიკ პენსი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა, რის შემდეგაც  მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა. დღეს კი ის სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც სრულიად საქართველოს კთოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოინახულა.


დღის მეორე ნახევარში ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი" მონაწილე ამერიკელ და ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა.


მაიკ პენსი საქართველოდან მონტენეგროში გაემგზავრა.

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner