NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის 63-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ NATO რუსეთთან მიმართებაში ორმაგ მიდგომას ავითარებს, რომელიც მოიცავს მძლავრ თავდაცვასა და შინაარსობრივ დიალოგს.
„შეშფოთებული ვართ ჩვენს საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტიურობის განვითარებით და სამხედრო სწავლებების გაუმჭვირვალობით, როგორც ეს მოხდა 2017 წელს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, აღნიშნული ხაზს უსვამს რუსეთთან მიმართებაში ორმაგი მიდგომის მნიშვნელობას.
„ალიანსის სამხედრო მზადება წარმოადგენს პასუხს უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის ქმედებებსა და მუქარაზე. NATO-ს ეს რეაქცია ჩვენი საერთაშორისო და შიდა ვალდებულებების პროპორციულია. რუსეთს მოვუწოდებთ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ. NATO-ს არ სურს ახალი ცივი ომი, ხოლო ჩვენი ქმედებების მიზანი კონფლიქტის თავიდან აცილებაა და არა კონფლიქტის წარმოშობა", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.