ცოტნე გამსახურდია აშშ-ის ელჩის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სულხან წულაძის დაკავებას ეხმიანება:
„არაპოპულარული თემაა, მესმის, მაგრამ სინდისი არ მაძლევს გაჩუმების საშუალებას.
თენგო ჩანტლაძის ან ქართლოს კასრაძის მსგავს ტიპებს რომ ეღადავათ აშშ საელჩოზე თავდასხმას ვაპირებო, უნდა დაეჭირათ? საზოგადოება უნდა გაჩუმებულიყო და გაემართლებინა მათი ციხეში ჩაყრა? მესმის, რომ ზოგადად მუქარა და ამგვარი თავდასხმის მომზადება დანაშაულია, არც ტერაქტია სახუმარო თემა, მაგრამ იუმორის მთავარი თავისებურება იცით, რა არის? - ის, რომ არაორდინალური რაკურსით შეგვახედოს მოვლენებს, ფაქტებს!
რაც ამ სივრცეში - რეალურსა თუ ვირტუალურში - მუქარა და ლანძღვა-გინება გაჟღერებულა ქართველებისა და უცხოელების მისამართით, ყველა რომ დაიჭირო, ციხეს საქართველოს ტერიტორია არ ეყოფა. არც ამ მუქარების რეალურად, სისრულეში მომყვანი დასჯილა ყოველთვის, სამწუხაროდ! ამავე დროს, საყოველთაოდ ცნობილია ამ სულხან წულაძის ბექგრაუნდი, რომ ტროლი და შაყირისტია. განა ასე რთული იყო გადამოწმება? ციხის, კაპეზეს და სამუდამო პატიმრობის მუქარის გარეშე?
ყოვლად სამარცხვინო იყო აშშ საელჩოს პოზიცია, რაც აშკარად ჩამორჩენილი ქვეყნის ჩამორჩენილი მოსახლეობის დაშინების ელემენტს შეიცავდა... არანაირი ჰუმანიზმი, არავითარი ემპატიის გამოხატვა, მხოლოდ - მშრალი იურიდიული ენით გაკეთებული კომენტარი! რუს მთავარმმართებელზე იყო ლაპარაკი, რომ გაფიქრებაც კი ვერ გაებედა, ხუმრობითაც კი?
ეს ჩვენი არასამთავრობოები და ლიბერალური სექტორი რომ სამარცხვინო არის და არის, ამაზე უკვე აღარაფერს ვამბობ... როგორ კოლექტიურად დუმან, ბუზის გაფრენას გაიგონებ! აბა, მთავარ დონორს ხომ არ აწყენინებენ? მიდი და დაიჯერე მერე ამათი რამე! მერე გაუკვირდებიათ მოსახლეობაში ნულოვანი რეიტინგი ამ მორალურსტანდარტმოხნულებს...
თავისუფლება სულხან წულაძეს!
პ.ს. მარაზმატიკების და შეპყრობილების საყურადღებოდ:
ლიბერლურ-ცენტრისტული შეხედულებების ადამიანი ვარ, ვისთვისაც ახლო და ძვირფასია დასავლური სამყაროსა და ცივილიზაციის მიღწევები."- წერს გამსახურდია.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალური ქსელის მომხმარებლის, სულხან წულაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"აშშ-ის საელჩო აფასებს, თუ როგორი სერიოზულობით მოეკიდა საქართველოს ხელისუფლება - მათ შორის მთავარი პროკურორის ოფისი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო - ელჩ კელის წინააღმდეგ მიმართულ მუქარას.
საერთაშორისო შეთანხმებებით დაცული პირის წინააღმდეგ მუქარის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ამიტომ აშშ-ის საელჩოს დამატებითი კომენტარის გაკეთება არ შეუძლია",-ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
„თბილისის ფორუმის" ერთ-ერთ მომხმარებელს, სულხან წულაძეს, ამერიკის ელჩის მისამართით ინტერნეტფორუმზე გამოქვეყნებული განცხადების გამო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.