უკრაინა ქვეყნიდან საქართველოს 20 მოქალაქეს აძევებს. ისინი საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გარემოცვიდან არიან.
ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ დღეს აცნობა.
მანამდე ლუცენკომ მიხეილ სააკაშვილი ძალადობრივი გზით სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში დაადანაშაულა, რასაც, მისივე თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს.
ლუცენკოს განმარტებით, სააკაშვილისა და ოპოზიციური პარტიების მიერ გამართული აქციები უცხოეთიდან ფინანსდება.
დღეს დილით უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უმაღლესი რადას შენობასთან აქციის ორგანიზატორებს არ გამოუვათ ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია, ქაოსს „ხალხი არ დაუშვებს".
უკრაინის პარლამენტი გასულ ხუთშაბათს აქციის მონაწილეების რამდენიმე მოთხოვნის განხილვას შეუდგა. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველად გადაეგზავნა კანონი დეპუტატის ხელშეუხებლობის შესახებ. დეპუტატებმა საარჩევნო კანონმდებლობის განხილვაც დაიწყეს.
ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ახალი ძალების მოძრაობა" გააგრძელებდა საპროტესტო აქციებს. სხვა პარტიებმა პროტესტი შეწყვიტეს.