ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა სტრასბურგში ევროპარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება შესაძლოა გაუქმდეს.
ევროპელი მაღალჩინოსნის განმარტებით, ეს ვარიანტი მესამეა „კარგი გარიგებისა" და „გარიგების გარეშე" ვარიანტებს შორის.
ტუსკის თქმით, თუ როგორ დასრულდება მოლაპარაკებები, ეს ლონდონზეა დამოკიდებული.
თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ბრიუსელი ლონდონთან მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის მზად არის.
3 ოქტომბერს, ევროპარლამენტის დეპუტატებმა, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელების რეზოლუციას მისცეს ხმა, თუმცა დოკუმენტის მიხედვით, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ „მნიშვნელოვანი პროგრესი" დაფიქსირდება.
ლონდონსა და ბრიუსელს შორის ბრექსიტის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 29 მარტს მოაწერა.