„რეფორმებისა და საერთო ღირებულებების ხელშეწყობისთვის, ევროკავშირი მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: უკრაინაში, ბელარუსში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში", - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ერთი თვით ადრე, ეს განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გააკეთა.
ფედერიკა მოგერინიმ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმისთვის სპეციალური ვიდეომიმართვაც გაავრცელა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის გეოპოლიტიკის შესახებ ან გავლენების სფერო. ის არის იმისთვის, რომ შევქმნათ რეალურად პოზიტიური განსხვავება ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაში. ის თანამშრომლობისთვისაა და არა მის წინააღმდეგ. ის არის თანამშრომლობა ეკონომიკისა და ვაჭრობისთვის, მაგრამ უპირველესად ის არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონიერებისთვის. აქ არის სივრცე სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ყველა ეს საკითხი იქნება მომავალი თვის სამიტის ყურადღების ცენტრში. 2020 წლისთვის 20 კონკრეტული წინადადება შესრულდება. ეს ნამდვილად ამბიციური პროგრამაა და ჩვენ დაგვჭირდება თქვენი დახმარება, თქვენი მუშაობა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, რომ ეს რეალობად ვაქციოთ. ჩვენ ვართ პარტნიორები და გვჭირდება ერთმანეთი, რომ ვუპასუხოთ ერთობლივ გამოწვევებს. ასე რომ, ჩვენ გვჭირდებით თქვენ, რათა გავაძლიეროთ აღმოსავლეთ პარტნიორობა", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ორ წელიწადში ერთხელ იმართება და აჯამებს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში წევრი ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს და განსაზღვრავს თანამშრომლობის ახალ მიმართულებებს. წლევანდელი სამიტი 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება.