„ყოველთვის ძალიან აქტიური ადამიანი ვიყავი. სტუდენტობისას სიმფონიურში ვუკრავდი, კომკავშირული და პარტიული ინტერესები არ მქონდა, მერე, ვსწავლობდი, ფსიქოლოგიის ინსტიტუტში ვმუშაობდი და სულ რაღაცებში ვიყავი აქტიურად ჩართული, არასრულწლოვანთა კომისიებში და ა.შ. მერე, არასამთავრობოებში, 1995 წლიდან - ქალთა ცენტრი გვქონდა უნივერსიტეტში და სხვა. არასამთავრობო ორგანიზაციები კი გეხმარება რაღაცებში, მაგრამ დავინახე, რომ პრობლემებს მაინც ვერ წყვეტს, გადაწყვეტილების მიმღები მაინც პოლიტიკაა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გუგული მაღრაძემ ჟურნალ „გზასთან" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„პოლიტიკაში მაშინ წავედი, როცა ზვიად გამსახურდია ჩამოაგდეს. მიუხედავად იმისა, რომ მე მაშინდელ მთავრობასთან არანაირი კონტაქტი არ მქონდა, ჩავთვალე, რომ ეს ქვეყნისთვის სწორი არ იყო. ქვეყნის განვითარების გზა გადაიხარა და პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, ამიტომ, გადავწყვიტე იქ მივსულიყავი, სადაც ჩემი აზრების გამოთქმის შესაძლებლობა მექნებოდა. ტრადიციონალისტთა პარტია კი მაშინ, ასე ვთქვათ, „მრგვალი მაგიდის" „ნარჩენი" იყო, იქ საზოგადოებასთან ურთიერთობაში ვიყავი აქტიურად ჩაბმული, ოპოზიციურ გაზეთს ვუშვებდით - „ქართველი ერი". მერე, როდესაც „ტრადიციონალისტები" „აღორძინებისკენ" გადაიხარნენ, იმ პოლიტიკას თავი დავანებე და კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციაში წავედი. ძირითადად, მაშინ მოხდა ჩემი აშშ-ში გამგზავრება, გრანტი მოვიპოვე, კონკურსებში გავიმარჯვე, სოციალური ფსიქოლოგიიდან „კონფლიქტებზე" გადავედი და ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობდი. უნივერსიტეტში კონფლიქტოლოგიის პროგრამა გავაკეთე, რომელიც ამერიკულ პროგრამასთან ერთი-ერთზე მიდის და ჩვენი სტუდენტებისთვის ძალიან ადვილია ამ სამაგისტროს შემდეგ, სწავლა უცხოეთის უნივერსიტეტებში განაგრძონ. ამერიკული პროგრამების მონაწილეთა ასოციაციის პრეზიდენტიც ვიყავი და მიხეილ სააკაშვილიც იქიდან მიცნობდა. 2004 წელს შემომთავაზა, თქვენი სივი დატოვეთ პარლამენტისთვისო და აშშ-ში დამირეკეს, სიაში ხართ და ხომ ჩამოხვალთო? ასე მოვხვდი პარლამენტში. პირველ წლებში ძალიან ვცდილობდი, მერე ერთი რაღაც არ მომეწონა, მეორე, თანდათან დაგროვდა რაღაცები და 2007 წლის 4 ნოემბერს ოფიციალური განცხადება გავაკეთე, დამოუკიდებელი დეპუტატი გავხდი. 2008 წლის მარტში ქალთა პარტია შევქმენი, ოთხი წელი ოპოზიციაში ვიყავით და რასაც ოპოზიცია აკეთებდა, ყველაფერმა ჩვენს ზურგზე გადაიარა - მიტინგი იყო, დარბევა თუ სხვა. არჩევნებშიც ვმონაწილეობდით, მაგრამ ორი თვის შექმნილი პარტიისთვის 1,5%-იც მიღწევა იყო. 2012 წელს, როდესაც ბატონი ბიძინა მოვიდა პოლიტიკაში, შემომთავაზა, მისი პარტიის დამფუძნებელი ვყოფილიყავი და მას შემდეგ, მოგეხსენებათ, ამ გუნდთან ერთად ვაგრძელებ საქმიანობას. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პარლამენტია შემადგენლობით, აზრის გამოთქმის თავისუფლებაა, დისკუსიებს ვმართავთ, ვუსმენთ, ხალხი რას ამბობს. ახალგაზრდა, ენერგიული, ნიჭიერი, სუფთა, მონდომებული გუნდია და მე ძალიან კარგად ვთანამშრომლობ მათთან", - განაცხადა მაღრაძემ.