უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმის გამო ის სერიოზული წნეხის ქვეშ ხვდება.
„ჩემი აზრით, პროცესის პოლიტიზებით ახლა ამ საქმის დაშლას ცდილობენ. ბოლო კვირის განმავლობაში მე კოლოსალური წნეხის ქვეშ ვიმყოფები, რათა თვალი დავხუჭო იმაზე, რისი გაკეთების უფლებასაც სააკაშვილი საკუთარ თავს აძლევს", - განაცხადა ლუცენკომ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვისგან განიცდის ზეწოლას.
მისი თქმით, სამართალდამცველებს სააკაშვილის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები აქვთ.
„წინააღმდეგ შემთხვევაში სააკაშვილი არ შეეცდებოდა დაკითხვებიდან გაქცევას, არამედ პირიქით, მშვიდად უპასუხებდა ყველა კითხვას", - აღნიშნა ლუცენკომ.
მისი აზრით, სააკაშვილმა „წითელი ხაზი გადალახა".
„მე დავიცავ ჩემს სახელმწიფოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ საუბარია სააკაშვილზე, რომელთანაც მე მრავალწლიანი საკმაოდ თბილი ურთიერთობა მაკავშირებს. მან წითელი ხაზი გადალახა. ვისაც უკრაინა უყვარს, არ აქვს უფლება, იანუკოვიჩისგან ფული მიიღოს", - დასძინა მან.