აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ბრიტანელებს ევროკავშირში დარჩენისკენ მოუწოდა. გამოცემა „Daily Telegraph"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ობამა აღწერს იმ პრეფერენციებს, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში დარჩენით შეინარჩუნებს.
სტატიაში საუბარია, რომ ევროკავშირში წევრობა ზრდის დიდი ბრიტანეთის გავლენას, რადგან ზოგიერთ საკითხის გადაწყვეტას ის დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა.
„აშშ ხედავს, რომ თქვენი ძლიერი ხმა ევროპაში უზრუნველყოფს მსოფლიოში ევროპის მყარი პოზიციების შენარჩუნებას", - აცხადებს ბარაქ ობამა.
მისი განცხადებით, მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებთან, მათ შორის მიგრაციულ კრიზისთან, ტერორიზმსა და ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას აშშ და დიდი ბრიტანეთი ერთობლივი ძალებით შეძლებენ.
ობამა აღნიშნავს, რომ საჭიროა სიმტკიცე ტერორიზმთან და „ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში, მის სრულ ლიკვიდაციამდე.
აშშ-ის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური კონფლიქტების მოგვარებასა და NATO-ს გაძლიერების მნიშვნელობაზე საუბრობს.
„ჩვენ უნდა დავამშვიდოთ ჩვენი მოკავშირეები, რომლებიც სამართლიანად არიან შეშფოთებული რუსეთის აგრესიის გამო", - აცხადებს ბარაქ ობამა.