შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი უმოკლეს ვადაში გახსნა. 29 დეკემბერს, თბილისში 19 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი - 5 პირი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს 1991 წელს დაბადებულმა პირმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გადაჭრილი თოფისა და ცივი იარაღის გამოყენებით ყელის და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მის ნაცნობს, 1998 წელს დაბადებულ პირს და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარე მტკვარში გადადგო. ფაქტის შემსწრე 5 პირი, რომელმაც გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის უკვე დაკავებულია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულ პირთა წრე კიდევ გაიზარდოს. სამწუხაროა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ მძიმე ფაქტს შეესწრო პირთა ფართო წრე, არც ერთმა მათგანმა 8 დღის განმავლობაში არ შეატყობინა სამართალდამცველ ორგანოებს და არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისთვის მიზანშეწონილი და მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა. შესაბამისად, შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდონ სამართალდამცველ ორგანოებს, რათა დანაშაულის გახსნა კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელდეს", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე დადგენილი მოტივი არის ურთიერთშელაპარაკება, თუმცა გამოძიება გრძელდება და დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.