logo_geo
eng_logo
ბრიუსელის აეროპორტში ტერაქტის მონაწილე ნაჯიმ ლაშროუი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მძევლებს დარაჯობდა
- +

23 აპრილი. 2016. 11:48



ბრიუსელის აეროპორტში ტერაქტის მონაწილე ერთ-ერთი თვითმკვლელი ნაჯიმ ლაშროუი სირიაში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" მძევლებს დარაჯობდა. ამის შესახებ ინფორმაციას „Parisien" ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ნაჯიმ ლაშროუი ერთ-ერთმა ფრანგმა ჟურნალისტმა ამოიცნო, რომელიც 2013-2014 წლებში სირიაში ჯიჰადისტების ტყვეობაში იმყოფებოდა. მძევლები ლაშროუის „აბუ იდრისის" სახელით იცნობდნენ.


გამოცემის მონაცემებით, ნაჯიმ ლაშროუი მძევლად აყვანილ ოთხ ფრანგ ჟურნალისტს ისლამისტ მებრძოლთან მეჰდი ნემუშთან ერთად დარაჯობდა. ნემუში ბრიუსელში 2014 წლის გაზაფხულზე ებრაულ მუზეუმზე თავდასხმის მონაწილეა. მუზეუმში მის მიერ გახსნილ ცეცხლს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.


ნემუში ჟურნალისტმა  ნიკოლა ენენმა ამოიცნო. ენენის თქმით, ნემუში განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. სწორედ მან აწამა ამერიკელი  ჟურნალისტები ჯეიმს ფოული და სტივენ სოტლოფი, რომლებსაც მოგვიანებით „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა თავი მოკვეთეს. ამჟამად ნემუში ბელგიის ციხეში იმყოფება.


ჟურნალისტების თქმით, ნემუში და ლაშროუი 2014 წლის იანვარში გაუჩინარდნენ.


24 წლის ნაჯიმ ლაშროუი ელექტრიკოსად მუშაობდა და ბრიუსელის გარეუბანში ცხოვრობდა. წარმოშობით მაროკოელი ნაჯიმ ლაშროუი 2013 წელს სირიაში გაემგზავრა, სადაც ჯიჰადისტების რიგებში იბრძოდა. პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში მთავარ ეჭვმიტანილთან სალეჰ აბდესლამთან ერთად ლაშროუი გასული წლის სექტემბერში ყალბი საბუთებით უნგრეთში იმყოფებოდა. ვარაუდობენ, რომ 24 წლის ნაჯიმ ლაშროუი 13 ნოემბრის პარიზის თავდასხმების ერთ-ერთი ორგანიზატორიცაა.



 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner