logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: 2017 წელი მნიშვნელოვანი დადებითი დინამიკით ხასიათდებოდა
- +

19 იანვარი. 2018. 14:25



„2017 წელი მნიშვნელოვანი დადებითი დინამიკით ხასიათდებოდა, რაც მაკროეკონომიკურ პარამეტრებში მთელი რიგი მიმართულებებითაა ასახული", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მან 2017 წლის ფისკალური წელი შეაჯამა და მიღწეულ ფისკალურ პარამეტრებსა და სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებთან დაკავშირებით ისაუბრა.


„2017 წლის ბიუჯეტში აისახა თვისობრივად გარდაქმნილი ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებდა ინვესტიციების ზრდას ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას და ეკონომიკური ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემის შექმნას. რეფორმამ მნიშვნელოვანი რესურსი შექმნა კერძო სექტორის განვითარებისთვის და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად", - განაცხადა ბახტაძემ.


მისივე თქმით, ფისკალურ პოლიტიკაში განხორციელებული რეფორმების პაკეტი, საფუძვლად დაედო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 2017 წელს მიღწეულ შეთანხმებას ახალი, 285 მლნ დოლარის მოცულობის პროგრამაზე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) ფარგლებში, რომელის პირველი მიმოხილვა წარმატებითაა დასრულებული.


ფინანთა მინისტრის განცხადებით, 2017 წელი პოზიტიური იყო დაგეგმილი ფისკალური პარამეტრების შესრულების კუთხითაც, კერძოდ, საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი დაგეგმილი 3,5%-ზე მნიშვნელოვნად დაბალია და 3%-ის ფარგლებშია.


ამასთან, ნაერთი ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბდა 38,9 მლნ ლარით და შეადგინა 9 მილიარდ 778.9 მლნ ლარი. ეს იმ ფონზე, როდესაც წლის ბოლოს საბიუჯეტო ცვლილებებით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა 9 მილიარდ 540 მილიონიდან 9 მილიარდ 740 მილიონამდე, 200 მილიონი ლარით გაიზარდა.


მისივე თქმით, დამატებით, 130 მილიონიანი რესურსი საგადასახადო შემოსავლების ნაცვლად, მიმართა საგადასახადო ზედმეტობების დაბრუნების ქვეანგარიშზე, რაც ჩვენ მიერ დღგ-ს დაჩქარებულ და შემდეგ უკვე ავტომატურ რეჟიმში დაბრუნების რეფორმაზე იქნება მიმართული 2018 წლის რესურსთან ერთად.


როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ნაერთი ბიუჯეტიდან 3 მილიარდ 300 მილიონ ლარზე მეტი მიიმართა კაპიტალური პროექტების დასაფინანსებლად, რაც უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებელია.


ფინანსთა მინისტრის თქმით, ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ შრომის ანაზღაურების ნაწილში, ნაერთი ბიუჯეტიდან ჯამში, 100 მილიონ ლარზე მეტია (104 მლნ) შემცირება.

 

„სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებს რაც შეეხება, ამ ნაწილშიც პოზიტიურად დავასრულეთ 2017 წელი, სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვითი ნაწილი შესრულებულია", - განაცხადა ბახტაძემ.

 

მისივე თქმით, საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, პარლამენტს გუშინ წარედგინა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება და დეტალები ყველასთვის ხელმისაწვდომია ხაზინის ვებგვერდზე.


ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 131,5 მილიონიანი გადაჭარბებით არის შესრულებული და ნომინალურ გამოსახულებაში 11 მილიარდ 618.7 მლნ ლარი შეადგინა, ზრდა წინა წელთან მიმართებაში 12%-ს, 1 მილიარდ 244.6 მლნ ლარს შეადგენს.


მისივე თქმით, გადაჭარბებით არის შესრულებული საშემოსავლო ნაწილის ყველა მნიშვნელოვანი კატეგორია:


  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადები გადაჭარბებულია 11.3 მლნ ლარით (8 მილიარდ 991.3 მლნ ლარი)
  • 19.4 მლნ ლარიანი გადაჭარბება გვაქვს გრანტებიდან მიღებულ შემოსავლებში (350.6 მლნ ლარი)
  • 23.4 მილიონი ლარით გადაჭარბდა სხვა შემოსავლები (408.4 მლნ ლარი)
  • 7.6 მლნ ლარით გადაჭარბდა არაფინანსური აქტივების პრივატიზაციიდან მისაღები თანხები (97.6 მლნ ლარი)
  • 34.1 მლნ დამატებით მივიღეთ ფინანსური აქტივებიდან (119.1 მლნ ლარი)
  • ვალდებულებების ზრდაში სრულად იქნა ათვისებული დაგეგმილი მაჩვენებლები, მათ შორის, საგარეო დაფინანსების კუთხით (სულ ვალდებულებების ზრდა - 1 მილიარდ 651.6 მლნ ლარი).


მამუკა ბახტაძის განცხადებით, 100%-ით (100,4%) არის შესრულებული სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯულია 11 მილიარდ 764.8 მლნ ლარი, რაც წინა წლის მაჩვენებელს 1 მილიარდ 472.6 მლნ ლარით, 14.3%-ით აღემატება.

 

„ყველა სამინისტროს შესრულების მაჩვენებელი 100%-თან ახლოსაა, თუმცა ცალკე უნდა აღინიშნოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხარჯვითი ნაწილის 100%-იანი (102,4%) შესრულების მაჩვენებელი, ვინაიდან ეკონომიკური განვითარების იმ მნიშვნელოვან მიმართულებაში, რასაც სივრცითი მოწყობა ჰქვია, ამ სამინისტროს განსაკუთრებული მიზნები და ამოცანები აქვს განსაზღვრული. 1 მილიარდ 355.2 მლნ ლარის ათვისება განხორციელდა ამ მიმართულებით, რაც წინა წლის მაჩვენებელს 39.4%-ით, 383.3 მლნ ლარით აღემატება", - განაცხადა ბახტაძემ.


რაც შეეხება საბიუჯეტო ორგანიზაციების განკარგულებაში 1-ლი იანვრისთვის არსებულ ფულად ნაშთს, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ თანხამ 1 მილიარდ 893.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 345.9 მილიონი ლარით (22.3%-ით) აღემატება წინა წლის 1 იანვრისთვის არსებულ მაჩვენებელს. მათ შორის, კონკრეტულად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილმა ნაშთმა 1 იანვრისთვის შეადგინა 558.0 მლნ ლარი, რაც 87.1 მლნ ლარით აღემატება სახელმწიფო ბიუჯეტით დაგეგმილ პარამეტრს.


მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, დამატებით 130 მლნ ლარი საგადასახადო შემოსავლების ნაცვლად მიმართულ იქნა საგადასახადო ზედმეტობების დაბრუნების ქვეანგარიშზე და ამ ანგარიშზე ნაშთმა 1 იანვრის მდგომარეობით, 137.2 მლნ ლარი შეადგინა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner