„იმედის" საქმეზე ბრალდების მხარის 5 მოწმე დაჰკითხეს, მათ შორის - ბადრი პატარკაციშვილის მეგობარი ოთარ დაბრუნდაშვილი, რომლის ჩვენების მიხედვითაც, „იმედის" წართმევის მთავარი ორგანიზატორი მიხეილ სააკაშვილი იყო.
დაბრუნდაშვილის ჩვენებით, პატარკაციშვილს ტელევიზიის სანაცვლოდ რკინიგზას სთავაზობდნენ.
პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, ადეიშვილის მოადგილემ უთხრა, რომ ოჯახისთვის ტელევიზიის დაბრუნება არ განიხილებოდა.
მისი თქმით, გირგვლიანზე სიუჟეტისა და ოქრუაშვილის გამოსვლის შემდეგ, პატარკაციშვილს ხელისუფლებასთან ურთიერთობა დაეძაბა.
ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, დაბრუნდაშვილის ჩვენებამ „იმედის" წართმევაში კეზერაშვილის და უგულავას მონაწილეობა გამორიცხა.
პროკურორ ლაშა ცხვიტარიას განცხადებით, დაბრუნდაშვილს კეზერაშვილი და უგულავა არ უხსენებია. დანაშაულში მათ მონაწილეობაზე პროკურატურას 60-მდე მოწმის ჩვენება აქვს.
სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, ნიკოლოზ აღლაძის ჩვენებით, სანოტარო ბიუროში მეწილეს წილი იძულებით დაათმობინეს.
დაცვის პოლიციის ყოფილი უფროსის, ზაზა გელაშვილის ჩვენებით, 2007 წლის 7 ნოემბერს მთაწმინდის პარკი დაცვის პოლიციამ და სპეცრაზმმა მერაბიშვილის მოადგილის, მესხელის ბრძანებით დაიკავა.