ადამიანის ჯანმრთელობას საფუძველი ჩვილობის ასაკიდან ეყრება, შესაბიმისად, სწორ ფიზიკურ განვითარებას უდიდესი როლი აკისრია ჩვენი შვილების სრულფასონი აღზრდის კუთხით. რა ადგილი უკავია სამკურნალო და გამაჯანსაღებელ მასაჟს ბავშვის ფიზიკური განვითარების საქმეში და რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ფიზიოთერაპევტი ნიკა წიკლაური „ასავალ-დასავალს" ესაუბრა.
- ნიკა, რამდენად დიდი როლი აკისრია მასაჟს ბავშვის განვითარებაში?
- წლამდე ასაკის ჯანმრთელ ბავშვს გამაჯანსაღებელი მასაჟის რამდენიმე კურსი უნდა ჩაუტარდეს, რათა პატარა ჯერ ჯდომისა და შემდეგ დგომისათვის მოვამზადოთ! რაც შეეხება პათოლოგიებს, როგორიცაა ტერფმრუდობა, კისერმრუდობა, შეზღუდვა მენჯ-ბარძყის არეში, ამ შემთხვევაში სამკურნალო მასაჟი დაბადების პირველივე კვირებიდან ინიშნება პედიატრის მიერ. ადრეული ასაკიდან ვიწყებთ მასაჟებს ნერვული წნულის დაზიანებისა და დისპლაზიის დროს. სერიოზული მუშაობის ჩატარება ხდება საჭირო, რათა შევაჩეროთ სქოლიოზი და ხერხემლის გულმკერდის ნაწილის გამრუდება. როდესაც გარკვეულ მიზეზთა გამო, ვერ ტარდება მასაჟი, შემდგომ ეს აისახება ხერხემალზე და ზოგადად ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მუშაობა. თანამედროვე ბავშვებში ბაღის და სკოლის ასაკიდან მოხშირებულია ე.წ. ხერხემლის გამრუდება, რომელიც გარდა სიმძიმეების აწევის და სხვა გამომწვევი მიზეზებისა, სწორედ ჩვილობის ასაკიდან არსებულ პრობლემებს უკავშირება. საუბედუროდ, ჩვენს ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ფონი და ახალგაზრდა ოჯახების ხელმოკლეობა, სავალალოდ აისახება ბავშვების ჯანმრთელობაზე. ხდება ისეც, რომ ფინანსური პრობლემების გამო, მშობლები ბავშვს არათუ რამდენიმე კურსს, მასაჟების ერთ კურსსაც კი ვერ უტარებენ!
- რა თანხა ჯდება მასაჟი და რამდენ მასაჟს აერთიანებს ერთი კურსი?
- ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დაახლოებით 10-15 მასაჟით შემოიფარგლება. ერთი წლის ასაკამდე სასურველია 2-3 კურსი ჩატარდეს. უმძიმესი სანახავია იმ მშობლთა დათრგუნული სახეები, რომლებიც ბავშვს უსახსრობის გამო, მასაჟს ვერ უკეთებენ! ამ დროს, ენთუზიაზმზე ვმუშაობ, ვინაიდან ზოგიერთი ბავშვისათვის, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მასაჟი სასიცოცხლოდ აუცილებელია! საუბედუროდ, საყოველთაო დაზღვევა მხოლოდ ცერებრალური დამბლით დაავადებული და სხვა უმძიმესი პათოლოგიების მქონე ბავშვებს აფინანსებს, ისიც შეზღუდვით. სხვა სამკურნალო და გამაჯანსაღებელი მასაჟი, რომელიც ახალშობილთა ფიზიკური განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია - არ ფინანსდება. ერთი კურსის საფასური, რომელიც 200-300 ლარის ფარგლებში მერყეობს, წარმოუდგენლად დიდი თანხაა იმ ახალგაზრდა ოჯახებისათვის, რომელთა თვიური შემოსავალი 500-700 ლარს შეადგენს. კარგი იქნება, თუ ჯანდაცვის სამინისტრო მეტ ყურადღებას მიაქცევს აღნიშნულ საკითხს და ჩვილებში სამკურნალო და გამაჯანსაღებელი მასაჟი საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინანსდება. ვინაიდან მასაჟი უმნიშვნელოვანესი მანიპულაციაა, რათა ბავშვი ჯანმრთელი გაიზარდოს და სრულფასოვან, შრომისუნარიან ადამიანად ჩამოყალიბდეს. ბავშვი, რომელსაც ჩვილობის ასაკიდან პრობლემები აქვს და მოზარდობის ასაკში ხერხემლის გამრუდების დიაგნოზით მკურნალობს, ვერასოდეს შეძლებს, სრულფასოვან ადამიანად იგრძნოს თავი. სამწუხაროდ, დღესათვის სახელმწიფო არ ზრუნავს მომავალი თაობების სიჯანსაღესა და სრულფასოვან ფიზიკურ განვითარებაზე.
- როგორც აღნიშნეთ, მასაჟი საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ მშობლები თვითნებურად, ერთმანეთის გამოცდილებით ავარჯიშებენ პატარებს. ეს რამდენად დასაშვებია და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
- მინდა აღვნიშნო, რომ არ შეიძლება მასაჟის თვითნებურად დანიშვნა და მითუმეტეს კეთება. გამოუცდელმა მშობლებმა კი არა, არაპროფესიონალმა და დამწყებმა მასაჟისტმა შეიძლება ბავშვს გარკვეული ტრავმა მიაყენოს. დასაშვებია მხოლოდ რამდენიმე სახის მარტივი ვარჯიში მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს პათოლოგია არ აღენიშნება. მაგალითად, ქვედა კიდურების როტაცია, ანუ წრიული მოძრაობა და კიდურების მოხრა-გაშლა. ძალიან მნიშვნელოვანია განზიდვის შეზღუდვის შემოწმება. საჭიროა, მშობელმა ყურადღება მიაქციოს ნიშნებს, რომელიც დისპლაზიას ახასიათებს. დააწვინეთ ზურგზე ბავშვი, ფეხები 90 გრადუსით მოუხარეთ მუხლსა და მენჯ-ბარძაყის სახსარში და ფრთხილად, ძალდატანების გარეშე გადაუშალეთ. ჯანმრთელი ბავშვის მუხლები საწოლის ზედაპირს უნდა შეეხოს, ხოლო მენჯ-ბარძაყის სახსარში შეზღუდვისას თქვენი პატარა ამას ვერ მოახერხებს. წესით, აღნიშნულ პათოლოგიას გამოცდილი ნეონატოლოგი დაბადებისას, სამშობიაროშივე დაადგენს, თუმცა, მისი გამოვლინება მოგვიანებითაც ხშირად ხდება. მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში, როდესაც ბავშვი სიარულს იწყებს, ფეხი შიგნით შეაქვს და დროთა განმავლობაში ყალიბდება სქოლიოზი.
- რამდენად არეგულირებს მასაჟები საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და აწესრიგებს ძილს?
- მასაჟებს ტონუსში მოჰყავს ნაწლავები და იხსნება შეკრულობის პრობლემა. ხშირ შემთხვევაში პატარებს უძლიერდებათ მადა და უწესრიგდებათ ძილი, რაც დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ზოგადად, მშობლებმა თავად უნდა გაუკეთონ კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს ჩვილებს მასაჟი მუცელზე წრიული მოძრაობით, საათის ისრის მიმართულებით. ხშირად ეცადეთ, პატარა მუცელზე დააწვინოთ და მისცეთ ბიძგი - იხოხოს. ამ დროს ტონუსში მოდის როგორც ნაწლავები, ასევე მთელი სხეულის კუნთები მაქსიმალურ დატვირთვას იღებს.
- ნიკა, ჩვენი მშობლების თაობა აკვანში ჩაკრული და გაკოჭილი გაიზარდა, დღეს კი რადიკალურად შეიცვალა მიდგომა ამ საკითხისადმი. როგორ უნდა გავზარდოთ ბავშვი სწორად? რომელი თვის ასაკიდან უნდა დავსვათ და ჩავსვათ ჭოჭინაში?
- იმისათვის, რომ მენჯი სწორად განვითარდეს, ახალშობილი აუცილებლად გადახსნილი უნდა იყოს, რათა ფეხები მაქსიმალურად ხშირად ამოძრაოს. გარდა ამისა, დედამ თავიდან სპეციალიტის თანხლებით, ხოლო შემდეგ დამოუკიდებლად უნდა გაუკეთოს ვარჯიშები: კიდურების გადაწევა და წრიული მოძრაობები. ეს მოძრაობები საჭიროა, ბავშვს დღის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაუტაროთ. დაჯდომა სასურველია 6 თვის ასაკიდან. გოგოებში მშობიარობის დროს მენჯის ამოვარდნილობა, რომელსაც დაკოჭლება მოსდევს, სწორედ ჩვილობაში მშობლების დაუდევრობის და ნაადრევად დასმის გამო ემართებათ. მყავდა 7 წლის პაციენტი ბიჭი, რომელსაც ოპერაცია დასჭირდა დაგვიანებული მკურნალობის გამო.
როდესაც ბავშვს აქვს შეზღუდვა მენჯ-ბარძაყის სახსარში, ამ შემთხვევაში „კენგურუს" ხმარებას ექიმი უნიშნავს ხოლმე, ამიტომ უმჯობესია „კენგურუს" შეძენამდე მშობელმა პედიატრთან გაიაროს კონსულტაცია. რაც შეეხება ჭოჭინის მოხმარებას, აქაც იგივე პროცესები მიმდინარეობს. ბავშვი ხშირ შემთხვევაში ფეხის წვერებით სიარულს იწყებს. არასწორი სიარულის მანერა კი დროთა განმავლობაში აზიანებს ზოგადად საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას და ხერხემალს. მკურნალობის გარეშე თანდაყოლილი ამოვარდნილობის დროს ვითარდება მენჯ-ბარძაყის სახსრის მძიმე დაავადება, რომელსაც თან სდევს ტკივილი, სიარულის დარღვევა და მოძრაობის შეზღუდვა!
ესაუბრა მეგი საჯაია