ქართველი მწერლის ზურაბ ქარუმიძის რომანი „დაგნი ანუ სიყვარულის ნადიმი" გერმანიაში გამოსული წიგნების საუკეთესო სამეულში დასახელდა. გერმანული მაუწყებლის, SWR2-ის ცნობით, რომანი მესამე ადგილზეა და უსწრებს ისეთ ავტორიტეტულ მწერლებს, როგორებიც არიან: პეტერ ჰანდკე და ელენა ფერანტე.
„კულტურათაშორისი ურთიერთობებით მოჯადოებული ავტორი ბევრ რამეს ვირტუოზულად, პოსტმოდერნული მანერით აერთიანებს: თანამედროვე ხელოვნებას, სიყვარულის მაგიას, საქართველოს ისტორიას და მითებს, მათ შორის სტალინსაც", - ნათქვამია გერმანული მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
SWR- საუკეთესო ათეულს ყოველთვიურად აქვეყნებს. ტოპ-ათეულს ორმოცწლიანი ტრადიცია და მაღალი რეპუტაცია აქვს. საუკეთესოებს 3-წევრიანი ჟიური ავლენს და მის შემადგენლობაში შედიან გერმანელი, ავსტრიელი და შვეიცარიელი კრიტიკოსები, ლიტერატურათმცოდნეები და ჟურნალისტები. წიგნების შერჩევისას ჟიური ხელმძღვანელობს ერთადერთი კრიტერიუმით, შეირჩეს წიგნები, რომლებსაც თავად ჟიურის წევრები უსურვებდნენ ბესთსელერების სიაში მოხვედრას. ათეულში, ძირითადად, ავსტრიელი და გერმანელი მწერლების წიგნებია მოხვედრილი. „დაგნი ანუ სიყვარულის ნადიმი" ზურაბ ქარუმიძის ინგლისურენოვანი რომანია, რომელიც გასულ წელს ცნობილმა მთარგმნელმა შტეფან ვაიდლემ თარგმნა და გერმანულმა გამომცემლობამ „Weidle Verlag" გამოსცა. გერმანული გამოცემის პრეზენტაციები 2017 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაიმართა.
წიგნის მთავარი გმირია ედვარდ მუნკის, ავგუსტ სტრინდბერგის, კნუტ ჰამსუნის მუზა, ნორვეგიელი პიანისტი და პოეტესა დაგნი იუელი, რომელიც თბილისში, სასტუმრო „გრანდ ოტელში" საიდუმლო ვითარებაში მოკლეს. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ზურაბ ქარუმიძის რომანზე რეცენზიები დაწერეს ისეთმა გავლენიანმა გამოცემებმა, როგორებიცაა: Frankfurter Allgemeine Zeitung, Süddeutsche Zeitung, culturbooks, Bayerischer Rundfunk, soundsandbooks, lustauflesen, tabularasamagazin, Deutschlandfunk Kultur. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი Georgian National Book Center-ის ხელშეწყობით ზურაბ ქარუმიძის აღნიშნული წიგნის კითხვა-პრეზენტაცია 16 მარტს ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე გაიმართება.