უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დღეს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოსვლაში განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიამ უკრაინის ტერიტორიაზე ატომური კატასტროფის გამეორების საფრთხე შექმნა.
მისი თქმით, ჩერნობილის ავარია გახდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდა უკრაინისთვის.
„რუსულმა აგრესიამ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ატომური კატასტროფის გამეორების საფრთხე შექმნა. ეს უტოპია არ არის. ნუ გავიწყდებათ, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურიდან რამდენიმე კილომეტრში მიმდინარეობდა", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
მისი თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომს ამზადებდა და გეგმავდა სამხედრო მოქმედებებს იმ ტერიტორიაზეც, სადაც საშიში ობიექტები მდებარეობს. პოროშენკომ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა „ოკუპირებულ ყირიმში" ბირთვული იარაღის კომპონენტების განლაგება გადაწყვიტა.