ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი გაზეთ „ალიასთან" ირონიულად საუბრობს იმ მიმდინარე მოვლენებზე, რაც დემოკრატიული საქართველოს საზოგადოებაში ხდება.
„დემოკრატიული საქართველოს საზოგადოებაში ხდება სერიოზული საკითხების გადაწყვეტა, ქალაქსა თუ სოფელში, ტყეში თუ ღრეში, ყველგან საუბრობენ პოლიტიკაზე, გაგიგიათ ასეთი ცოფი?... ამასწინათ ვსაუბრობდი რამდენიმე ადამიანთან და ვეთანხმები, როცა საზოგადოება დასაქმებულია, ასი წელი არ იკითხავს, ვინ არის მისი მინისტრი, ვინ არის მისი მაჟორიტარი და ა.შ. სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლების დაპირებაა სამუშაო ადგილების შექმნა, მათ შორის, ეს დაპირება ჩვენმა გუნდმაც გასცა, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან დღემდე სტატისტიკა გვეუბნება, რომ სამუშაო ადგილები გაჩნდა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის იმ ფონზე, როცა 300 ათასი ადამიანი უმუშევარია. ამ ფონზე ხალხის აგრესიაც ბუნებრივია", - ამბობს სოსო ჯაჭვლიანი.
ჯაჭვლიანი ხსნის იმ მიზეზებს, რის გამოც ხალხი აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას" და შეახსენებს მათ ხელისუფლების მიერ განვლილ გზას.
„ქართულ ოცნებას" ადვოკატად არ ვუდგები, მაგრამ ვხსნი მიზეზებს, რის გამოც ხალხი გვაკრიტიკებს. ადამიანებს ძალიან მალე ავიწყდებათ რაღაცეები და მინდა შევახსენო ის განვლილი გზა, რაც გამოვიარეთ. ხალხი გვსაყვედურობს, ამდენი ხანია ხელისუფლებაში ხართ და არაფერი კეთდებაო. აღარ ჩამოვთვლი იმას, რაც ხელისუფლებამ გააკეთა, თუკი ადამიანებს ადრე ბინის დაგირავება და გაყიდვა უწევდათ იმის გამო, რომ ავადმყოფისთვის ემკურნალათ, ეს დღეს აღარ ხდება, მაგრამ ეს კიდევ ცოტაა", - ამბობს ჯაჭვლიანი.