ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ძალიან არ მინდოდა ამ მოცულობითი პოსტის დაწერა, არ მინდოდა, მაგრამ...
ახლა გთავაზობთ ამონარიდებს ჩემი ახალი წიგნიდან „რეალითი შოუ საქართველო", რომელსაც ჯერ ვწერ და სავარაუდოდ წელს დავამთავრებ.
ცოტა ბევრი გამოვიდა და თუ არ დაგეზარებათ, წაიკითხეთ...
აქვე მოკლედ ვიტყვი, რომ მე არ ვარ ინგა გრიგოლიას ადვოკატი, თუნდაც იმ უმარტივესი მიზეზის გამო, რომ მას ეს არ სჭირდება. უბრალოდ, მინდა, როგორც გამოცდილმა ტელე-რადიოწამყვანმა (ალბათ დამერწმუნებით, რომ ეს ასეა!) ვთქვა, რომ ინგა მაყურებლისთვის სრულად დებს პრობლემის არსს და მათ აძლევს საშუალებას, თავად იქონიონ ის რეაქცია, რაც მათ სურთ და რაც გადაცემის წამყვანის უმთავრესი მოვალეობაა, ხოლო მას, ვისაც ამის დანახვა არ უნდა და სურს, რომ წამყვანმა მხოლოდ მისი მოთხოვნილების მიხედვით წარმართოს გადაცემა (ეს სხვა თემაა და სხვა დროს ვილაპარაკებ), ვეტყვი, რომ „არც დაგასლოკინოთ".
ახლა კი ის ამონარიდები, რაც გითხარით:
„დღეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსი ერთმანეთს იმდენად ძლიერად ებრძვის, რომ „კულტურული რევოლუციის" სუნი დგას.
რევოლუციის, რომელიც არა სახელმწიფომ, არამედ თავად საზოგადოებამ დაიწყო და დამერწმუნეთ, ამას ძალიან ცუდი შედეგები ექნება.
„ცუდი შედეგები" არა რეაქტიული ურთიერთობების გამოისობით (ამის თავი არავის აქვს), არამედ საზოგადოების დანაწევრების, გახლეჩის და ერთმანეთთან „ხიდჩატეხილობის" კიდევ უფრო გაღრმავებით.
„კიდევ ერთი „საშიშროება", რომელსაც ჩვენი აგრესიული ლიბერალები პირველ რიგში დასავლელი დონორების მოსაღორებლად იყენებენ, არის ე.წ. „რუსული პროპაგანდის გაძლიერების საფრთხე".
ცხადია, რომ რუსეთს, როგორც ტოტალიტარულ სახელმწიფოს, სახელმწიფოს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 1/3, რომელიც აქტიურად იბრძვის თავისი ინტერესების გასატარებლად, აქვს იდეოლოგიური და საინფორმაციო ომის წარმოების უზარმაზარი რესურსი. რესურსი, რომლის ერთ-ერთ მთავარ მესიჯს, საბჭოთა კავშირში არსებული ცხოვრების დონის დღევანდელობასთან შედარება წარმოადგენს, მაგრამ „საინტერესო" ისაა, თუ როგორ მიმდინარეობს ამ მესიჯის საწინააღმდეგო ინფორმაციის მიწოდება.
ნაპოლეონი ამბობდა, რომ მთავარი ბრძანების გაცემა კი არ არის, არამედ ის, თუ ვის დაავალებ ამ ბრძანების შესრულებასო.
არ შეიძლება, რომ მე, რომელიც 60 კილოგრამს ვიწონი და სავარაუდოდ მაქსიმუმ 25 კილოგრამი ტვირთი ავწიო, ვიყო სქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი დასაყრდენი ფიგურა.
არ შეიძლება, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა აწარმოოს ლოთმა ან ნარკომანმა, რომელიც პიარ-კამპანიის პროცესის დროს არაყს სვამს ან ჰეროინს იკეთებს.
სწორედ მსგავსი ვითარებაა დღეს საქართველოში.
საოცარია, მაგრამ არავინ, ვიმეორებ - არავინ საუბრობს იმაზე, თუ რა არის ე.წ. „რუსული პროპაგანდის გაძლიერების" მთავარი მიზეზი.
არ საუბრობს იმაზე, რომ:
1. ხდება დასავლური ღირებულებების დამახინჯებული წარმოჩენა.
2. იმ იდეებისა და მსოფლმხედველობის, რომელიც ნამდვილად ცივილიზებული დასავლეთისთვისაც აბსოლუტურად მიუღებელია, აგრესიულად დაფუძნების მცდელობა.
3. ის ხალხი, რომლებმაც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალის მეშვეობით მოახერხეს და დასავლური ღირებულებებისა და ცივილიზებულობის გავრცელებაზე აიღეს მონოპოლია.
ზუსტად ის მდგომარეობაა, როდესაც გინდა, ვაშლის დადებით თვისებებზე ისაუბრო და საღი ვაშლის ნაცვლად, ჭიანს აჩვენებ. თან ამტკიცებ - ნახეთ, რა კარგია, ხორციცაა და ხილიცო!
თეა თუთბერიძე, ლევან რამიშვილი, მიშა სააკაშვილი, ნუგზარ წიკლაური და ყველა მსგავსი რომ უკეთებენ რეკლამას დასავლური ცხოვრების წესს, რატომ გვიკვირს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ზიზღი ექნება ნამდვილი დასავლური ფასეულობების მიმართ?
იმ უამრავი სოციალური პრობლემების ფონზე, იმის ნაცვლად, რომ მიდიოდეს ბრძოლა ელიტური კორუფციის, ჩინოვნიკთა ხელფას-პრემია-დანამატების აშკარა შეუსაბამობაზე პენსიებსა თუ სოციალური დახმარებისთვის გაცემული თანხების ოდენობასთან მიმართებაში, გვესმოდეს ფრაზა „ძალა ევროპაშია" და მსმენელთა 90%-მა ზუსტად იცოდეს, რომ ის სამოგზაუროდ, სამკურნალოდ ან განათლების მისაღებად, ევროპაში ვერასდროს ვერ წავა.
სრული აბსურდია ის ლოზუნგები, რომლებიც ქსენოფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ არის მიმართული, რადგანაც ქართული მენტალიტეტი გენეტიკურად გამორიცხავს ამ დიდ უბედურებებს და იმის ჩიჩინი, რომ „ქართველები ქსენოფობები, ჰომოფობები და ბნელ წარსულში ჩარჩენილი მოძალადე ხალხია", თავდაცვის ინსტინქტს აძლიერებს და დასავლური ღირებულებების მხარდაჭერის ნაცვლად, ე.წ. რუსული პროპაგანდის წისქვილზე ასხამს წყალს.
სრული აბსურდია ის ე.წ. „კვლევები", რომლებიც საზოგადოების განწყობის შესასწავლად მიმდინარეობს, და რომლებიც ისე არის აცდენილი რეალობასთან, როგორც ცა და დედამიწა, რადგანაც ჩემთვის ხალხის განწყობა ცნობილია ჩემი მეზობლებისგან, ნათესავებისგან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოსმენილი დიალოგებისგან და არა რომელიღაც პარტიის ოფისში ჩატარებული გამოკითხვისგან.
...
ევროკავშირის მიმართ წამყვანი ქვეყნების მოქალაქეთა დამოკიდებულება, როგორც რუსეთის გავლენისა და პროპაგანდის გაძლიერება და ამ „ბრძოლაში" მთავარ დასაყრდენად ახალგაზრდობის გამოყენების მცდელობა, მათთვის ე.წ. „ცივილიზებული თავისუფლების" შეთავაზებაზე აპელირება, ხოლო ასაკიანი ხალხის „ჩარეცხვა", არის სრული სისულელე, რადგანაც:
1. ბრექსიტი - გადაწყვეტილება მიიღო მოსახლეობამ, რომელთა ასაკი 30 წელზე მეტია.
2. ტრამპის არჩევა განაპირობეს 30 წელზე მეტი ასაკის ამერიკელებმა.
დარწმუნებული ვარ, რომ თუ იქნება დათვლილი ლეპენის მომხრეთა ასაკობრივი ზღვარი, ისიც 30 წელზე მეტი იქნება.
3. სააკაშვილის ექსპერიმენტი დაღუპეს 30 წელზე ნაკლები ასაკის ჩინოვნიკებმა.
ეს საკმაოდ სერიოზული საკითხია და არ მინდა დაკონკრეტება, რათა არ გავანაწყენო ჩემი უმცროსი მეგობრები, მითუმეტეს რომ მუდამ ვუსმენ და ხშირად ვითვალისწინებ მათ მოსაზრებებს და ფაქტობრივად მათი ცხოვრებით ვცხოვრობ.
...
ეს „ნუვოინტელიგენტები" თავისუფლად შეიძლება შევადაროთ გასული საუკუნის 20-იანი წლების „კომკავშირული კულტურის მედროშეებს", რომელთათვისაც მიუღებელი იყო რევოლუციამდე შექმნილი ნებისმიერი შედევრი.
„ნუვოინტელიგენცია" ნამდვილი ინტელიგენციისაგან, უწინარესად, იმით განსხვავდება, რომ „ინტელიგენციას" ჯანსაღი კრიტიკა შეუძლია, ასევე განსხვავდება იმითაც, რომ „ინტელიგენცია" განსხვავებული აზრის მატარებელია, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ კი არ ქმნის ამ „განსხვავებულ აზრს", პირიქით, ეს უკანასკნელი ქმნის ინტელიგენციას.
ძალაუფლებისათვის ბრძოლაში, პოლიტიკური ორგანიზაციისთვის სწორედ ინტელიგენციაა დასაყრდენი.
ინტელიგენციაა ბრძოლის თეორიული საფუძვლების შემქმნელი, რადგანაც ინტელიგენცია არისტოკრატიას უპირისპირდება.
ინტელიგენციასა და არისტოკრატიას შორის დაპირისპირება, მათი ურთიერთობის „ბუნებრივი და ჰარმონიული" ფორმაა.
„სხვაგვარად", „პროგრესულად" მოაზროვნე ვერ იტანს არსებული ცხოვრების წესს (მიუხედავად იმისა, თუ საზოგადოების რომელ ფენას ეკუთვნის). ის მუდამ განვითარებას, წინსვლას მოითხოვს, მაშინ როდესაც არისტოკრატს (და ზოგ შემთხვევაში ბურჟუასაც კი) აშინებს ყოველგვარი ცვლილება.
ინტელიგენტი ცდილობს განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, ბიზნესის რეფორმირებით, მათი განვითარებით ხალხის სიყვარულისა და პატივისცემის მოპოვებას. მას მიაჩნია, რომ არისტოკრატია მისი შრომის ნაყოფს ითვისებს, არადანიშნულებისამებრ იყენებს, ან უბრალოდ „თაროზე" დებს. მას შურს არისტოკრატის იდილიის, რადგანაც ჰგონია, რომ თუ მას ისეთივე მატერიალური ბაზა ექნებოდა, იგი უფრო მეტს მიაღწევდა.
არისტოკრატიის ანტიპათია ინტელიგენციის მიმართ იმ მარტივი მიზეზით აიხსნება, რომ ოდესღაც თავად იყო „სხვაგვარად მოაზროვნე" (თუ თვითონ არა, მისი წინაპარი მაინც) და გენეტიკურად გრძნობს მისი მხრიდან წამოსულ საშიშროებას, მისი ცხოვრების წესის დანგრევის საშიშროებას.
საქართველოში გაჩენილი ეს ახალი „კასტა", არც „არისტოკრატია" და არც „ინტელიგენტი".
სწორედ ამიტომ დავარქვი მას „ნუვოინტელიგენცია", რომლის ბოგინიც ზუსტად არსებული რეჟიმის დამთავრების დღეს შეწყდება.
...
ბუნებრივია, რომ ყველა ხელისუფლებას ნამდვილი კერპების მსხვრევის დროს აუცილებლად სჭირდება კონფორმისტი ცნობადი არსებები. სჭირდება, რადგანაც მოსახლეობაში ისინი უკვე „არსებობენ". „არსებობენ" და აქედან გამომდინარე ახალი „კერპების" შექმნაში მათ საკმაოდ დიდი როლი ეკისრებათ.
პრინციპში აქ შეიძლება მე გამოვდიოდე „კულტურული რევოლუციონერის" როლში, მაგრამ მე მშვიდობისმოყვარე ადამიანი ვარ და ყოველგვარი რევოლუციები ჩემთვის მიუღებელია, ამიტომ იმ აღფრთოვანებულ ხალხს პირდაპირ ვეტყვი: - კი ბატონო, თქვენ ამ ახალი მოდერნით დატკბით, მე კიდევ ახალი ცხოვრებისთვის მიუღებელი, ძველი სპექტაკლების ნახვით დავითხრი თვალებს.
ისმის მარტივი კითხვა: - რა საჭიროა რევოლუციური ცვლილებები, როცა პროგრესი მაინც თავისას გააკეთებს. რა საჭიროა რევოლუციური ცვლილებები, როცა ახალი მაინც გაიკვალავს გზას. რა საჭიროა ნგრევა, როცა დასანგრევი (თუ მართლა დასანგრევია) მაინც დაინგრევა", - წერს გაბრიჭიძე.