logo_geo
eng_logo
ზაზა შათირიშვილი: აღმოჩნდა, რომ თვითონ ლიბერალები არ იზიარებენ ლიბერალურ ღირებულებებს
- +

5 მარტი. 2018. 11:11



 

„მეოცე საუკუნეში დაბადებული სამივე უტოპია - ნაცისტური, კომუნისტური და ლიბერალური - ჩამოიშალა! გილოცავთ! - ახლა ბალახს ბალახი ჰქვია, დედას - დედა და მამას - მამა!" - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი „საერთო გაზეთთან" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.


- ზაზა, ტრამპმა პოლიტიკური ვექტორი მთლიანად შეცვალა. მნიშვნელოვანია, რომ იგი ულტრა-ლიბერალიზმს ღიად დაუპირისპირდა. რა შედეგს გამოიღებს ყოველივე ეს?


 - კი, ნამდვილად ასეა. შეიძლება ითქვას, რომ ახლა, ჩვენ, ახალი პარადიგმის დაბადების მომსწრენი ვართ. აქამდე, ლიბერალური უტოპია იყო. ასე ვიტყოდი: მეოცე საუკუნემ სამი უტოპია დაბადა - ნაცისტური, კომუნისტური და ლიბერალური. ჯერ პირველი ჩამოიშალა, დამარცხდა შემდეგ, კომუნისტური. კომუნისტური კოლოსის დაშლის შემდეგ, ზუსტად 25 წელიწადში, ლიბერალური უტოპიაც ჩამოიშალა. მოდი ვთქვათ, რა იყო სამივე უტოპიის მთავარი მახასიათებელი? - ახალი სოციალობა და ახალი ადამიანის შექმნა.


სტრატეგია განსხვავებული, მაგრამ იდეა ერთი იყო - ახალი ადამიანი თვითონ უნდა გამხდარიყო ღმერთი. ფაქტობრივად, ლაპარაკი იყო ადამიანზე რომელიც არის არა, ერთი მხრივ, ბუნების და მეორე მხრივ, ტრადიციის ნაწილი, არამედ ადამიანზე რომელიც არის არაბუნებრივი და არატრადიციული, თვითონ განაგებს საკუთარ სხეულს, თვითონ ქმნის ახალ ბიოლოგიას, ბიოეთიკას. აი, სწორედ ეს ლიბერალური უტოპია ჩამოიშალა, თანაც იმ მომენტში, როდესაც იგი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანს შეეხო - ის ტოტი მოჭრა რომელზეც იჯდა, ანუ, ოჯახი, ბიოლოგია და ა.შ ანუ, ტრამპის გამოჩენა, ფაქტობრივად, ჩვეულებრივი ადამიანის შეკვეთა არის. პოლიტიკაში ჩვეულებრივი ადამიანი დაბრუნდა თავისი პლუსებით, მინუსებით, შიშებით, მიზნებით, ბიოლოგიით, იმ ენით, სადაც დედას დედა ჰქვია და მამას - მამა და არა იმ ენით, სადაც მშობელი ნომერი ერთი და მშობელი ნომერი ორი არსებობს. სამწუხაროდ, ყველა უტოპია თავის უტოპიურ ენას ქმნის. საბჭოთა კავშირს, ნაციზმსაც, ლიბერალიზმსაც ხელოვნური ენა ჰქონდათ.


ახლა, ჩვენ იმ რეალობაში დავბრუნდით სადაც წყალს წყალი ჰქვია, ბალახს - ბალახი, დედას - დედა და მამას - მამა. აი, ეს მოხდა. აღმოჩნდა, რომ სახელდება გადამწყვეტი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მომენტი არის. ანუ, „ნიუს-სპიქმა" - ამ ახალმა ენამ ამ ყველაფერს ვერ გაუძლო და ჩვენ, ახლა, ისევ ნორმალურ ენაზე ლაპარაკი გვიწევს. აქამდე, როდესაც ჩვეულებრივ სიტყვებს ვამბობდით, ეს, უკვე, პოლიტიკურად არაკორექტული იყო. აი, ამ დონემდე მივედით და სწორედ, ეს ჩამოიშალა. მოკლედ, კიდევ ერთი ბაბილონის გოდოლი ჩამოიშალა და კიდევ ერთი ხელოვნური, ერთიანი ენა ადამიანურ დიალექტებად და ენებად დაიშალა.


- შვიდპუნქტიან დოკუმენტში ტრამპი ქრისტიანული ფასეულობების მხარდაჭერაზე ამახვილებდა ყურადღებას. ახლახან მან განაცხადა: თუ სირიელი დევნილები თავშესაფარს მოითხოვენ, იგი, უპირატესობას ქრისტიან სირიელებს მიანიჭებს. თქვენთვის ეს რაზე მიანიშნებს?


 - ტრამპი ძირეულ ანუ ე.წ. სიღრმის ამერიკას გამოხატავს, რაც ლიბერალი ინტელექტუალისთვის გაუნათლებელ თეთრს, ქსენოფობს ნიშნავს. საერთოდ, ლიბერალური ენა სავსე იყო მსგავსი იარლიყებით - ქსენოფობი, ანტიფემინისტი, ჰომოფობი და ა.შ., რაც ნებისმიერი ტიპის ტოტალიტარული ენისთვის დამახასიათებელია. ლიბერალიზმი როგორც ტოტალიტარული სისტემა ისე ჩამოყალიბდა, რომელიც, ფაქტობრივად, სხვაგვარი აზრის გამოთქმის საშუალებას არ იძლევა და სადაც ადამიანი ვერ ეტევა, იგი პროკრუსტეს სარეცელზეა. ჩვენ, ამას, ლიბერალურ პარადიგმას ვეძახით თორემ, უკვე დიდი ხანია, სინამდვილეში, ღრმა ფილოსოფოსები და პოლიტიკური ფილოსოფოსები ამას გნოსტიციზმს უწოდებენ. კერძოდ, მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ღრმა პოლიტიკურ ფილოსოფოსს ერიხ ფოგელინის ამ თემაზე ნაშრომები აქვს და რასაც ჩვენ ლიბერალიზმს ვეძახით, იგი თანამედროვე გნოსტიციზმს უწოდებს.


რადგან ასეა მიღებული, მოდი, ჩვენც გლობალური ლიბერალიზმი ვუწოდოთ. აქ, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მომენტი: გლობალური ლიბერალიზმი თვითონ არის ახალი რელიგია. მოგეხსენებათ, გნოსტიციზმი ეს არის რელიგიური პოსტულატების მთელი სისტემა, რომელიც ქრისტიანობის მერე, მე-2 საუკუნეში ჩამოყალიბდა. იგი, მე-2-მე-3 საუკუნეში ქრისტიანობას ძალიან სერიოზულად უპირისპირდებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ქრებოდა, მერე, ჩნდებოდა. როცა თანამედროვე გნოსტიციზმზეა ლაპარაკი, იგულისხმება მე-18 საუკუნე, განმანათლებლები - ვოლტერი, რუსო, განსაკუთრებით, მარქსი, ფროიდი, ნიცშე როგორც ამ ახალი გნოსტიციზმის მამამთავრები. წელს ოქტომბრის რევოლუციიდან, გადატრიალებიდან 100 წელი სრულდება. მისი ამგვარი ბატონობა 100 წელი გაგრძელდა. ყველაზე უფრო ფარისევლური, რთული და მცოცავი სწორედ ლიბერალური უტოპია იყო, რომელიც თავის თავს ალტერნატივად მიიჩნევდა. მაგრამ ბოლო 25 წელიწადმა შემდეგი რამ გვიჩვენა - თუ კომუნისტური უტოპია კლასობრივ ცნობიერებას, გაგებას ეყრდნობოდა, ნაციზმი კი - რასის, აღმოჩნდა, რომ ლიბერალიზმი გენდერული უტოპია იყო. პირველს კლასის მოსპობა უნდოდა, მეორეს - ერთი რამის გაბატონება და მესამეს - ახალი, ხელოვნური ადამიანის შექმნა. მისი ერთ-ერთი მთავარი იარაღი გენდერული იდეოლოგია, გენდერული იდენტობები და ა.შ. იყო, რაც ყოველთვის აბსურდამდე მიდიოდა.


მნიშვნელოვანია, რომ ეს სწორედ იმ ცენტრში ხდება, საიდანაც ყველაფერი დაიწყო ანუ, ამერიკულ სამყაროში ჯერ მექსიკის, შემდეგ ტრამპის მოსვლის სახით. ფაქტობრივად, ლიბერალებისთვის ეს სრული აპოკალიფსია. სხვათა შორის, ეს საინტერესო თემაა. ახალი სამყარო ისახება. რა თქმა უნდა, ძველის დემონტაჟს და ახლის ჩამოყალიბებას ათწლეულები დასჭირდება. პოლიტიკურად გლობალური ლიბერალიზმი უკვე მკვდარია, მაგრამ არის ადგილები, სადაც ის რჩება და მის დემონტაჟს ათწლეულები დასჭირდება. პირველ რიგში, ეს არის მედია, განათლება და კულტურა, ანუ, საკმაოდ სერიოზული სფეროები, სადაც ლიბერალიზმს ფესვები აქვს გადგმული. თუმცა, ყველგან ერთნაირად არ არის.


აქედან გამომდინარე, ამას შეიძლება კონტრრევოლუცია დავარქვათ. შეიძლება სხვაგვარადაც შევხედოთ და ამ ყველაფერს ფრანგული რევოლუციის დასასრული ვუწოდოთ. ფრანგული რევოლუციის რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული და რამაც 2016 წელს ამერიკაში ჩატარებული არჩევნების სახით ძალიან სერიოზული დარტყმა განიცადა.


მთელი ამბავი, იცი, რა არის? - იმდენად ტრამპმა კი არ გაიმარჯვა, რამდენადაც ლიბერალიზმი დამარცხდა. ბაბილონის გოდოლივით ჩამოიშალა, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ გაშიშვლდა. ამიტომ იყო საინტერესო იმეილების საქმეც. აღმოჩნდა, რომ მათი ღირებულებები სრული ფარისევლობაა. ჰილარი კლინტონი და სხვანი საჯარო სივრცეში ერთს ლაპარაკობდნენ და მეორეს ფიქრობდნენ.


საჯარო სივრცეში იყვნენ ისეთივე რასისტები და ცინიკოსები, რასაც სხვებს აბრალებდნენ. ეს, აბსოლუტურად, ორმაგი მორალი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის დროს - ოფიციალური და არაოფიციალური ენა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებოდა. მათ, ის რასაც ქადაგებდნენ, არ სწამდათ. კლინტონისთვის ხალხი მანიპულაციის ობიექტი იყო. არსებობდა კულისები, სადაც შეიძლება პირდაპირ ელაპარაკა, ხალხი კი მანიპულაციის საგანი იყო. აი, რა ჩამოიშალა.


აღმოჩნდა, რომ თვითონ ლიბერალები არ იზიარებენ ლიბერალურ ღირებულებებს და კიდევ უფრო უარესი ცინიკოსები არიან, ვიდრე ისინი, ვისაც ქსენოფობებისა და ჰომოფობების იარლიყს აკრავდნენ. თურმე, ეს სხვების გასაგონად ხდებოდა და მიზნები, რეალურად, სულ სხვა იყო. აი, ამიტომ ჩამოიშალა ყველაფერთან ერთად. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ტრამპის ფიგურა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მის ადგილას ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო. ეს დროის გამოწვევა იყო. ჩვენ, ახლა, ახალი სამყაროს დაბადების პროცესში ვართ. მისი კონტურების დანახვა ძალიან რთულია, მაგრამ ფაქტია, უამრავი რამ უკვე აღარ გამოგვადგება, მაგალითად, რიგი პოლიტიკური თეორიები. როგორც 1991 წელს უკვე შეგეძლო საბჭოთა წიგნების 90% გადაგეყარა, ასე შეგიძლია ახლა, ლიბერალური წიგნების 90%, თუ მეტი არა, გადაყარო.

 

- საქართველოში, ისევ ის ძალები არიან, რომლებიც ულტრა-ლიბერალური ფრთის ლობირებით გაჩნდნენ, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც კვლავ აშშ-ს წინა ადმინისტრაციის მიერ ფინანსდებიან, რომელთაც ტრამპი ასე ღიად უპირისპირდება.


 - კი, გეთანხმები, ლიბერალური ფრთის წარმომადგენლები ჩვენთან კვლავ არიან, მაგრამ ეს საფრთხე არაა, ამას დრო სჭირდება. უბრალოდ, ჩვენი მარადიული პრობლემა ქართული მოუთმენლობაა. ველი, ამ ყველაფრისგან, ჩვენ თვითონ უნდა გავწმინდოთ, ჩვენს ნაცვლად სხვა ამას ვერავინ გააკეთებს. ძალიან სერიოზული საქმე გაკეთდა და ახლა, წმენდა ჩვენ თვითონ უნდა ჩავატაროთ. ოღონდ, ამან კულტურული სახე უნდა მიიღოს. ამ დროს, მთავარია, ჩვენი ნაციონალური ინტერესები კარგად ჩამოვაყალიბოთ.


ხალხის დიდი ნაწილი ინსტინქტურად სწორად მოქმედებს. უბრალოდ, საჭიროა ამის არტიკულირება, რასაც დრო სჭირდება. ეს ესე მარტივი არ არის. როცა ადამიანი დიდი ხნის მანძილზე ხმას არ იღებს, ხმის ამოღების შემდეგ პირდაპირ ლაპარაკს ვერ იწყებს, ეს ცნობილი ფაქტია. ჩვენც ამ დღეში ვართ. არტიკულირებას გარკვეული დრო სჭირდება. ანუ საშიში არაფერია, ყველაზე უფრო მძიმე მომენტი, უკან დარჩა. რა თქმა უნდა, დემონტაჟს და არტიკულაციასაც დრო დასჭირდება იმიტომ, რომ ჩვენ 5-10 წელი არ ვლაპარაკობდით, არამედ ნიშნებს ვიძლეოდით და ეს ყველაფერი სწორი იყო იმიტომ, რომ ბეწვის ხიდზე გავიარეთ. 2012 წელს, რაღაცნაირად, დროსაც კი გავუსწარით იმიტომ, რომ ლიბერალიზმის ეს პროცესი ჩვენთან დაიწყო, მაგრამ ამას, გამომდინარე სიტუაციებიდან, სხვა სახელს ვარქმევდით. 2012 წლიდან 2016 წლამდე ჩვენ, პირდაპირ, ეზოპეს ენით ვმეტყველებდით. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ზიანს მიაყენებდა. დღეს, უკვე შეიძლება თავისუფლად ლაპარაკი იმიტომ, რომ ამით ეროვნული ინტერესები არ ზიანდება, პირიქით. დრო სჭირდება იმას, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესების არტიკულაცია მოვახდინოთ. დრო ჯერ კიდევ გვაქვს.


- ზაზა, წეღან ვიკითხე, ხომ არ ვუპირისპირდებით ტრამპის პოლიტიკას. მაგალითად, მან განაცხადა, რომ ნატო ზედმეტი ინსტიტუტია და აშშ-ის ადმინისტრაცია ამ ბლოკს აღარ დააფინანსებს. ჩვენ კი პირზე ისევ NATO გვაკერია.


 - ეს ძველი ენაა. ახლა რაც ხდება, ეს პროცესები თავისი სისწრაფით ძალიან წააგავს იმას, რაც 90-91 წლებში ხდებოდა, როცა საბჭოთა კავშირი ინგრეოდა. ვარშავის ხელშეკრულება რომ გაუქმდა, იმდენად სწრაფად ვითარდებოდა მოვლენები, ეს ამბავი მეორე თუ მესამე დღეს გავიგე. ბევრი ისეთი რამ მოხდება, რაც დღეს ვერ წარმოგვიდგენია. NATO ძველი რეალობაა.

 

- თუმცა, ჯერ ისევ ამ რეალობიდან არ გამოვსულვართ. როგორ გესახებათ გამოსვლის გზა?


 - ერთი წუთით ასეთი რამ წარმოვიდგინოთ: როდესაც დეკორაციები იშლება, ქრება, ყველაფერი ჰაერში ტრიალებს, არ ჩანს. დიდი სპექტაკლი დამთავრდა და ეს ძველი დეკორაციები იყრება, რჩება შიშველი მიწა და ამ მიწაზე ადამიანი. ეს ყველაფერი - NATO, ცივი ომი, ვარშავის ხელშეკრულება, ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი, მხოლოდ წარწერებია. რეალობა სხვაგან არის. პოსტმოდერნიზმი ამას მალავდა, ამბობდა, რომ ადამიანი ვირტუალურად ჩაანაცვლა. თურმე, ეგრე არ ყოფილა, ადამიანი დაბრუნდა. ანუ, მოძველებულია არა მარტო NATO-ს მომხრეობა, არამედ მასთან დაპირისპირებაც. იმიტომ, რომ ასეთი რეალობა უკვე აღარ არის, სხვა რეალობაში ვართ.


ადამიანი, რომელიც დუმდა და რომლის მაგივრადაც მედია ლაპარაკობდა, ახლა, ალაპარაკდა, მაგრამ ჯერ კარგად არ ისმის, მისი მეტყველება ყრუდ ისმის იმიტომ, რომ დუმდა. მის მაგივრად 25 წელი რადიო ლაპარაკობდა. რა თქმა უნდა, ლაპარაკის დაწყება რთულია. შენ გეუბნებოდნენ, რომ მამა კი არა, არამედ მშობელი ნომერი ორი, დედა კი არა, მშობელი ნომერი ერთი დაუძახეო. ასეთი რაღაცები კიდევ გრძელდება.

 

- როგორ ფიქრობთ, რა მოლაპარაკება შეიძლება შედგეს რუსეთსა და ამერიკას შორის საქართველოსთან მიმართებაში?


 - ბევრ რამეზე შეიძლება მოილაპარაკონ, მაგრამ ახლა, ჩვენც, რაღაცნაირად, ისტორიის სუბიექტები ვართ. ჩემი აზრით, საქართველოს ინტერესებშია, რომ ეს ორი ძალა ერთმანეთთან კარგად იყოს, როგორც შევარდნაძის პერიოდში. სააკაშვილის მთელი ტრაგედია ის იყო, და მას ეს არც დაუმალავს, რომ უნდა ყოფილიყო მუდმივი დაპირისპირება. იმიტომ, რომ სააკაშვილის ტიპის ფიგურა შეიძლება მხოლოდ ასეთ პირობებში აყვავებულიყო. ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია რომ ეს ორი ძალა ერთმანეთთან კარგად იყოს. ჩვენ მშვიდობა გვჭირდება, რათა განვვითარდეთ და ეროვნული ინტერესები განვახორციელოთ. ეს ძალიან მარტივია. ახლა, სწორედ ამის დრო მოვიდა. მაგალითად, სააკაშვილი ცეცხლზე ნავთს ასხამდა და უხაროდა - ჩვენს გამო კინაღამ მესამე მსოფლიო ომი დაიწყოო. მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსის მთავარი ნიჭია თავის ხალხს რისკები ააცილოს, მისი მინიმიზაცია მოახდინოს და არა პირიქით.


- ასეა თუ ისე, რუსეთი ჩვენი მეზობელია, თუ თქვენს მიერ ნახსენები ძველი ენიდან ვერ გამოვედით, ხომ არ აღმოვჩნდებით რუსეთის ორბიტაზე?


 - ეს ორბიტები და ყველაფერი ძველი მსოფლიოს ნაწილია. თუ ეროვნულ ინტერესებს ვაყალიბებთ, მაშინ ეს ყველაფერი - ორბიტა, გავლენა და ა.შ., მეტაფორებია. მთავარი არის ადამიანის, ნაციის ნება. თუ მე ვიცი რა მინდა, მაშინ არავის ორბიტაზე არ ვარ, არამედ ჩემს ორბიტაზე ვარ. აქ, მნიშვნელობა არ აქვს დიდი ხარ თუ პატარა, ეს კანონი სპორტშიც მოქმედებს და ომშიც.


მაგალითად, საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა ესპანეთის ნაკრები, ეს შესაძლებელია. ოღონდ, თუ ვიცი რა მინდა და თავს მოხვეული არ არის სხვის მიერ, როგორც ეს „ნაცმოძრაობის" შემთხვევაში იყო. ანუ, მათი მხრიდან საყოველთაო კორუფცია იყო და ეს აწყობდათ კიდეც, რადგან ამ სიტუაციაში ძალიან დიდ ფულს აკეთებდნენ. სად შეჭამეს 2004წლიდან 2008 წლამდე მიღებული 10 მილიარდი. ეს ამერიკის მიერ მიცემული თანხა მთლიანად შეჭმულია. ადამიანები რომლებიც აბსოლუტური მოღალატეები იყვნენ, კიდევ ვიღაცის ღალატზე და აგენტობაზე ლაპარაკობენ. სად არის ის 10 მილიარდი?!


რა თქმა უნდა, რუსეთს თავის ინტერესები აქვს, ჩვენ - ჩვენი. მთელი უბედურება ის არის, რომ ჩვენ ეს ინტერესები ჩამოყალიბებული არ გვაქვს, ეს სადღაც წერია. რეალობა ასეთია, ამ ქვეყანაზე მარადიული არაფერია - არც NATO, არც ვარშავის ხელშეკრულება. ბლოკები იცვლება. როცა ჩამოვაყალიბებთ რა გვინდა, მაშინ უკვე შეიძლება ლაპარაკი რა კომპრომისებზე შეიძლება წავიდეთ არამარტო რუსეთთან, არამედ ამერიკასთან, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ მათი დაახლოება. ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება მათი დაახლოების შემთხვევაში, სარგებელი მოვიპოვოთ.


- ვინ უნდა განსაზღვროს, რა გვინდა და როგორ გამოვიყენოთ ეს დაახლოება სასიკეთოდ?


 - რა თქმა უნდა, ეს შეკითხვა დღის წესრიგში დგას. ეს უნდა გააკეთოს ისეთმა ტიპის პოლიტიკოსმა, რომელიც კარგად გრძნობს ჩვეულებრივი, უბრალო ხალხის გულისთქმას ისე როგორც ტრამპმა გამოხატა ამერიკაში - არა ინტელექტუალების, არა ჰოლივუდის, არა მასმედიის, არამედ უბრალო ხალხის პულსაცია. აქაც იმ ადამიანმა, რომელსაც ხალხის პულსზე უდევს ხელი, უნდა გამოხატოს პოზიცია.


დღეს, წინა პლანზე, თვითონ ხალხი გამოვიდა. ძალიან საინტერესო მომენტია. ლიბერალები დემოკრატიის მახეში გაებნენ. დემოკრატია და ლიბერალიზმი, როგორც ჩანს, საბოლოოდ დასცილდნენ ერთმანეთს.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner