ავტორი მარიამ პაიჭაძე
რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორთან" ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელი განცხადება შეაფასა, რომელშიც მთავრობის მეთაური რუსეთის ხელისუფლებას არსებული ვითარების დასაძლევად ერთობლივი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
- ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება არის დროული და ძალიან სერიოზული განცხადება, რომელსაც მთელი მსოფლიო მოისმენს! ეს განცხადება აყენებს რუსეთის მთავრობას იმ ვითარებაში, რომელსაც პასუხი უნდა გასცეს! პრემიერის მიმართვაში ყველაფერია ნათქვამი, რისი თქმაც საჭირო იყო, ოღონდ დიპლომატიური ფორმით და არა იმ ყიყინის ფორმით, რასაც ე.წ. ქართული პოლიტიკური წუმპე არის მიჩვეული!
- პრემიერ-მინისტრის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ოპოზიციის მხრიდანაც ისმოდა გარკვეული კრიტიკა...
- ეს არ არის კრიტიკა, ეს არის არაფრის მაქნისი ადამიანების ყიჟინა, რომლებმაც ვერც პოლიტიკაში და ვერც საზოგადოებრივ ცხოვრებაში თავიანთი თავი ვერ იპოვეს! ამას კრიტიკა როგორ შეიძლება დაერქვას. ძალიან ბევრი მათგანი, ასე თუ ისე, პირდაპირ მონაწილეობდა იმ უბედურებაში, რომელიც საქართველოს დაატყდა 2008 წელს და კიდევ უფრო ადრე... ყველაზე მეტად ასეთი ადამიანებისგან არ უნდა უკვირდეს ეს ყიჟინა არავის. სამწუხაროდ, ე.წ. ვითომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ოიდიპოსის კომპლექსით არის დაავადებული. საკუთარი სამშობლოს, საკუთარი დედის მიმართ დამოკიდებულება მჟღავნდება იმ ყიჟინაში, რომელიც გვესმის.
ვითარება არის ისეთი, როგორიც არის. ბუნებრივია, როდესაც ძალა არ გაქვს, რომ საკითხი მხოლოდ თითის დაქნევით გადაწყვიტო, უნდა ეძებო გზები. ეს გზები ყოველთვის არ არის სასიამოვნო და საუკეთესო, მაგრამ ამ გზების ძიება და კომპრომისების ხელოვნება არის პოლიტიკა და არა უმეცარი და უსაფუძვლო ყიჟინა.
- სხვათაშორის, პრემიერის განცხადებას...
- ბოდიში, ერთიც არის: ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე გონიერი პოლიტიკოსი, რომელიც დღეს ხელისუფლების სათავეში დგას, არის გიორგი კვირიკაშვილი! ვერ ვიტყვი, რომ მის ცხოვრებაში ამ განცხადების გაკეთება ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ეს არის სახელმწიფო მოღვაწის გაკეთებული განცხადება, რომელსაც გული შესტკივა საკუთარ ქვეყანაზე! უყვარს საკუთარი ქვეყანა და ალბათ, საკუთარ თავზე მეტადაც. ქვეყნის, ოჯახების, მოქალაქეების ინტერესს უფრო წინ აყენებს, ვიდრე საკუთარ კარიერას და საკუთარ მომავალს. ვიდრე იმას, რისი ატანაც ამ გონიერი ნაბიჯის გამო მოუწევს, რადგან ის შეურაცხყოფა, რომელიც გვესმის, ძალიან ძნელი ასატანია.
დარწმუნებული ვარ, პრემიერს ძალიან კარგად ესმოდა, რა წიოკიც ატყდებოდა ამ განცხადების გაკეთების შემდეგ და რამდენად ძნელი ასატანი იქნებოდა პიროვნულად, ადამიანურად და კაცურად ის ვაქხანალია, რაც დაიწყო... მაგრამ ასეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და, სამწუხაროდ, იმ პოლიტიკური ჭაობის გაწმენდა, რომელშიც ათწლეულების მანძილზე ვიმყოფებით, ძალიან ძნელია, მაგრამ ეს პროცესი მიდის! თავი წამოჰყვეს „გორგონას თავებმა" და კივილი ატეხეს ადამიანებმა, რომლებსაც ერთი აგურიც კი არ დაუდიათ საკუთარი სამშობლოს კედელზე! შეურაცხყოფისა და ენის ლაქლაქის მეტი ცხოვრებაში არასდროს არაფერი გაუკეთებიათ და საკუთარ თავს პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს ეძახიან, მაგრამ რეალურად, რას წარმოადგენენ ამას ყველა ხედავს! მათ შორის, ქართველი საზოგადოებაც, ამიტომ არჩევნებიდან არჩევნებამდე იღებენ იმის პასუხს, რასაც წარმოადგენენ სინამდვილეში.