logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: მამუკა ბახტაძე - კაცი მომავლიდან
- +

15 მარტი. 2018. 12:55



ამასწინათ ერთ-ერთ ტელეარხზე საქართველოს ფინანსთა მინისტრს მამუკა ბახტაძეს ვუსმინე.


აქამდე ამ ადამიანზე ზედაპირული და ბუნდოვანი წარმოდგენა გვქონდა, რადგან ის თვითონ არ გვანებივრებდა თავისი ინტერვიუებით თუ საჯარო გამოსვლებით.


ფაქტობრივად, ეს იყო პირველი ვრცელი ინტერვიუ, რომლითაც მამუკა ბახტაძე ფართო საზოგადოებას გაეცნო.


პირადად ჩემთვის ეს გაცნობა ერთგვარი სიურპრიზი, როგორც იტყვიან, ერთგვარი სასიამოვნო მოულოდნელობა, უფრო მეტიც, ერთგვარი აღმოჩენა იყო.


რა უნდა იყოს იმაზე მეტად სასიხარულო, როცა გონიერ, ჭკვიან და, რაც მთავარია, თავისი ქვეყნის პრობლემებით გულწრფელად შეწუხებულ ადამიანს დაინახავ, რომელიც არა მარტო წუხს ამ პრობლემების გამო, არამედ აქტიურად ცდილობს მათი დაძლევის გზები და საშუალებები გამოინახოს.


კიდევ უფრო სასიხარულოა ის ამბავი, როცა ასეთი ადამიანი ხელისუფლებაში მოდის და ერთ-ერთ ისეთ საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებს, რაც მას საშუალებას მისცემს, თავისი იდეები რეალურად განახორციელოს.


პირველივე ცვლილებები, რაც მამუკა ბახტაძემ ფინანსთა მინისტრის რანგში შემოგვთავაზა, ფაქტობრივად, ეს არის რევოლუციური ცვლილებები, რაც აუცილებლად სასიკეთოდ წაადგება ქართული ეკონომიკის განვითარებას და ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.


„ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბევრი საინტერესო ცვლილება განახორციელა, თუმცა ეს ბოლო საგადასახადო ცვლილება, შეიძლება, აქამდე მიღებული ყველა ცვლილების მთავარ ქვაკუთხედად და მათი ეფექტურად ამოქმედების მთავარ ბერკეტად იქცეს.


მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალი საგადასახადო ინიციატივა აყალიბებს უპრეცედენტო შეღავათიან რეჟიმს მცირე მეწარმეებისთვის. აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს მსოფლიო პრაქტიკაში უნიკალურ მოვლენას და ის შეეხება მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100 პროცენტს, სულ 120 000 ფიზიკურ პირს და მათ უკან მდგომ ადამიანებს.


ამ ინიციატივით ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვნად გაიზრდება მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, რაც საშუალებას მოგვცემს, მოვიცვათ მოსახლეობის ყველა ფენა.


ახალი ინიციატივის ფარგლებში, მცირე ბიზნესის სტატუსს მიიღებს ყველა ის მეწარმე, რომლის შემოსავალი არ აღემატება 500 000 ლარს.


მამუკა ბახტაძე: „დღეს ეს ზღვარი არის 100 000 ლარიდან ჩვენ 5-ჯერ ვზრდით ამ ზღვარს. ჩვენ ასევე 5-ჯერ ვამცირებთ გადასახადებს ჩვენი მეწარმეებისთვის და ნაცვლად დღეს არსებული 5%-იანი ზღვარიდან, ჩამოვდივართ 1%-იან ნიშნულამდე. ჩვენი მიზანია, მეწარმეები რაც შეიძლება ნაკლებ დროს ხარჯავდნენ საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობაში და ისინი მთლიანად იყვნენ ფოკუსირებულნი თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობაზე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მცირე მეწარმეები გავათავისუფლოთ ყველანაირი დამატებითი ბუღალტერიის წარმოებისგან. მცირე ბიზნესს ვალდებულება ექნება, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენოს მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატი და სასაქონლო ზედნადები".


დღეს არსებული პრაქტიკა გულისხმობს გადასახადების წინასწარ გადახდას ე.წ. საავანსო რეჟიმში. ეს პრაქტიკა გაუქმდება და მცირე მეწარმეები 1%-იან ბრუნვის გადასახადს თვის ბოლოს გადაიხდიან.


მცირე მეწარმეები, რომლებიც მცირე მეწარმის სტატუსის პარალელურად ჩათვლიან საჭიროდ, დარეგისტრირდნენ დღგ-ს გადამხდელებად, ისინი სტანდარტულ რეჟიმში შეძლებენ დღგ-ს ჩათვლას, ან დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას ბიუჯეტიდან 5-7 დღის ვადაში.


მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალი რეფორმების ტალღის ფარგლებში, მცირე მეწარმეობის განვითარების წახალისებისთვის გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების გარდა, ინიცირებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას.


მამუკა ბახტაძე: „ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, იგულისხმება საქველმოქმედო ორგანიზაციები, სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები, 2019 წლიდან მათი დაბეგვრის სისტემა გადავა ე.წ. ესტონურ მოდელზე, ანუ ისინი შეძლებენ, რომ გათავისუფლდნენ მოგების გადასახადისგან. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ამ ორგანიზაციებს მეტი თანხები ექნებათ შიდა ინვესტიციების განსახორციელებლად, რაც ცალსახად უნდა აისახოს მათი საქმიანობის ხარისხზე".


კიდევ ერთი ინიციატივა ეხება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების გაწევის გათავისუფლებას დამატებული ღირებულების გადასახადისგან.


მამუკა ბახტაძე: „მინდა შეგახსენოთ, რომ ეს, ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შესახებ ხელშეკრულებისა. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული შეღავათით, ჩვენ მნიშვნელოვნად წავახალისებთ, რომ საქართველო გახდეს რეგიონული ჰაბი საჰაერო გადაზიდვების თვალსაზრისით და, ამავე დროს, ხელს შეუწყობს, რომ მნიშვნელოვნად გაფართოვდეს იმ კომპანიების საქმიანობის არეალი, რომლებიც მომსახურების ექსპორტს ეწევიან".


განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტის წახალისების მიზნით ინიცირებული ცვლილებებიც. თუ სატრანსპორტო საშუალება იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება საექსპორტო რეჟიმში, ანუ მოხდება ავტომობილის რეექსპორტი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 15 დღის ვადაში ანაზღაურდება გადახდილი აქციზის 100%. აქამდე ნაზღაურდებოდა მხოლოდ 50%.


წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით, შეღავათები ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პირადი გამოყენებისათვის იმპორტირებული ავტომობილების გათავისუფლებას სააქციზო გადასახადისგან.


მამუკა ბახტაძე: „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, ვინაიდან, როგორც წესი, ადაპტირებული მანქანების საბაზრო ღირებულება ძალიან მაღალია და, აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად გავათავისუფლოთ სააქციზო გადასახადისგან მსგავსი ავტომობილები და, შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების შეძენა სჭირდებათ, ექნებათ საშუალება, რომ აქციზისგან გათავისუფლებულ რეჟიმში 3 წელიწადში ერთხელ შეისყიდონ შესაბამისი ავტომობილი".


აი, ასეთია ახალი საგადასახადო ცვლილებების ზოგადი შინაარსი.


როგორც ვთქვით, ამ ცვლილებების ამოქმედება დროთა განმავლობაში თავისთავად მოიყოლებს სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებსაც, რომლებიც მოსახლეობას პრობლემებს შეუმსუბუქებს და მიტივაციას გაუჩენს აქტიური მოქმედებისთვის.


ადამიანები სამშობლოს კი არა, სამშობლოში არსებულ უვარგის კანონებს გაურბიანო, - ნათქვამია.


საქართველოდან ბევრი ქართველი გაიქცა.


ისინი საქართველოს კი არა, სწორედ უვარგის კანონებს და ამ უვარგისი კანონების გამო შექმნილ მძიმე სოციალურ სოციალურ პირობებს გაექცნენ.


ვერ ვიტყვით, რომ ამ ახალი საგადასახადო ცვლილებებით ყველა უვარგისი კანონი უცებ შეწყვეტს არსებობას და ყველაფერი ერთბაშად გამოსწორდება.


არა, ეს ნამდვილად ვერ მოხდება ასე, თუმცა ეს ცვლილებები უეჭველია, დასტურია იმისა, რომ ხელისუფლება აქტიურად იწყებს მოქმედებას, რომ ძირეულად შეცვალოს იმ საგადსახადო პოლიტიკის ცალკეული პარამეტრები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ტემპებით განვითარებას აფერხებს და ამუხრუჭებს.


„მამუკა ბახტაძე - კაცი მომავლიდან", ეს სათაური ამ წერილისთვის შემთხვევით არ შეგვირჩევია.


ქვეყანას რაც შეიძლება მეტი მომავალზე მოფიქრალი კაცები სჭირდება სახელისუფლო სტრუქტურების ყველა რგოლში, კაცები, რომელთათვისაც მთავარი დევიზი იქნება დიდი ილიას ეს სიტყვები: „ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი, ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს".



ვახტანგ ხარჩილავა

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner