რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქართულმა მედიცინამ წლების განმავლობაში ისეთი ნაბიჯები გადადგა, როგორიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ზოგან იშვიათობას წარმოადგენს, - ზოგან საერთოდ არაფერი იციან მკურნალობის მსგავსი მეთოდების შესახებ, რაც საქართველოში წლების განმავლობაში ხორციელდება. თუმცა ქართულმა საზოგადოებამ ნაკლებად უწყის ამის შესახებ, რის გამოც მკურნალობას საზღვარგარეთ ამჯობინებენ. რა სიახლეებია ქართულ მედიცინაში?
„საერთო გაზეთის" ახალ რუბრიკის - „გამოჩენილი ქართველი ექიმები" სტუმარია ზვიად ბახუტაშვილი, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოქირურგი, ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი.
- ბატონო ზვიად, რა ხდება გულის დაავადებების კუთხით საქართველოში? გახშირდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები? გულის ქირურგია უფრო შრომატევადი გახდა?
- ვერ ვიტყვით, რომ გახშირდა, რადგან საქართველოს მასშტაბით არ არსებობს სრული აღრიცხვიანობა. იყო წლები, როცა გულ-სისხლძარღვთა ქირურგიას მოსახლეობის 10% მიმართავდა, შემდეგ ვითარება შეიცვალა. დღეს, შესაძლოა, უფრო მეტ ადამიანს სჭირდებოდეს ამ კუთხით კვლევა, მონიტორინგი, მაგრამ ეს სერიოზულ ხარჯებს მოითხოვს, ჩვენთან უნდა იყოს დასავლეთ ევროპის დონის ეკონომიკა, ოჯახის ექიმი, პოლიკლინიკა, ამბულატორიული ნაწილი აქტიურად უნდა იყოს ჩართული ადამიანის ჯანმრთელობის საქმეში, დროზე რომ მოხდეს დიაგნოსტირება. ასეთი სურათი თუ გვექნება, მაშინ უფრო ნათლად გვეცოდინება, მოიმატა თუ არა ქვეყანაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებმა.
მსოფლიოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასე ვთქვათ ნომერ პირველ მკვლელ დაავადებად ითვლება. მისით გარდაცვლილთა რიცხვი ონკოდაავადებებით გარდაცვლილებთან შედარებით, გაცილებით მეტია. ამას ემატება ისიც, რომ მთელ მსოფლიოში საშუალო ასაკი გაიზარდა, სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრ ქვეყანაში 80 წელს გადასცდა, შესაბამისად, მოიმატა გულსისხლძარღვთა დაავადებებმა, ამიტომ გარკვეულ პოპულაციაში გაიზარდა თუ შემცირდა დაავადებების ინტენსივობა, ამაზე ზედაპირულად ვერ ვისაუბრებთ.
- ჩვენი ეროვნული ხასიათი და ბუნება ჯანმრთელობის კუთხით გარკვეულ როლს ხომ არ თამაშობს?
- დაბალი სოლარიზაციის ქვეყნებში ბევრად უფრო დაბალია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი. მაგალითად, იტალიაში 1 მლნ მოსახლეზე ბევრად ნაკლები ოპერაცია კეთდება, ვიდრე გერმანიაში, უფრო მეტი კეთდება ფინეთსა და ნორვეგიაში. მნიშვნელოვანია ხმელთაშუა ზღვის მედიტერანული კვების სტილი, სადაც ზეთისხილი და სხვა მსგავსი საკვები ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესაძლებლობას. თუმცა ევროპაში მკვეთრი განსხვავებაა - რაც უფრო ჩრდილოეთით მიდიხართ, დაავადების რისკი მეტია.
- მოგვიყევით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის კუთხით ქართულმა სამედიცინო და პრაქტიკულმა მეცნიერებამ უკანასკნელ წლებში რა წარმატებებს მიაღწია?
- მეცნიერება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. საბჭოთა კავშირის დროს ექიმი მეცნიერიც უნდა ყოფილიყო, თუმცა ახლა სხვა ვითარებაა - პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, ახალი ოპტიმალური რეკომენდაციები გაცილებით მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვენნაირი მცირე მოსახლეობისა და ეკონომიკის თვალსაზრისით დაბალგანვითარებული ქვეყანა თუ მოახერხებს მოწინავე ტექნოლოგიების კარგი კოპირება გააკეთოს, ეს იქნება დიდი მიღწევა. 17 წელიწადია ჩვენს ცენტრში კარდიოქირურგიის განყოფილება ფუნქციონირებს და პირველი იყო კორონალური შუნტირება, ანუ გულის იშემიური დაავადების - ინფარქტის პროფილაქტიკა, რომელიც ჩვენთან განხორციელდა. ეს იყო ყველაზე ფართოდ გავრცელებული საჭიროება ჩვენს საზოგადოებაში. დღეს გულის დაავადებათა სრულ სპექტრს ვმკურნალობთ, როგორც მედიკამენტოზურად, ასევე ოპერაციული ჩარევის თვალსაზრისითაც. დღეს მკურნალობის ასეთი სრული სპექტრი ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არ არსებობს. ორიოდე დღის წინ გავაცილე ჩემი კოლეგა და მეგობარი შვეიცარიის ქალაქ ბაზელიდან. მას ძალიან გაუკვირდა, როცა ჩვენს მიერ ჩატარებული ოპერაციების შესახებ შეიტყო. იმ ოპერაციებს რასაც ჩვენ საქართველოში, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ვაკეთებთ, ბერნის საუნივერსიტეტო კლინიკაც კი არ აკეთებს.
მერწმუნეთ, სხვას რომ ეთქვა, არ დავიჯერებდი, რადგან ბერნის კლინიკას თითო პაციენტზე უზარმაზარი ბიუჯეტი აქვს განსაზღვრული. ჩემი მეგობარი ცნობილი ექიმია ბაზელში, ბაბუამისი ნობელის პრემიის ლაურეატი იყო. ის თავის პროფესიაში ცნობილი და გამოცდილი ადამიანია და ძალიან გაუკვირდა, საქართველოში ასეთი ოპერაციების გაკეთების შესახებ რომ გაიგო, რასაც გერმანიაში, ჯერ არ აკეთებენ.
- კერძოდ, რომელ ოპერაციებზე საუბრობთ?
- მაგალითად, მინიინვაზიური მიდგომები. ეს მართლაც იშვიათი ოპერაციაა - აორტის სარქველს ვცვლით პაციენტის გულის პერანგიდან გაკეთებული სარქველით. ამ მეთოდით პირველად ერთმა იაპონელმა ქირურგმა ჩაატარა ოპერაცია. მსგავს ოპერაციებს გასული ზაფხულის სტატისტიკით, მსოფლიოში, დაახლოებით, 30 კლინიკა აკეთებდა. უკვე ორი წელიწადი ხდება, რაც წარმატებით ვაკეთებთ ამ ტიპის ოპერაციებს. მსგავს ოპერაციას ამიერკავკასიასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსად არ აკეთებენ, არც აღმოსავლეთ ევროპაში, თუ არ ვცდები, ერთგან, მხოლოდ პოლონეთში ტარდება ასეთი ოპერაციები.
უნდა აღვნიშნო, რომ ოპერაციების დროს ვცდილობთ, პაციენტს შევუნარჩუნოთ სარქველის აორტალური და მიტრალური სტრუქტურები. სარქველების შენარჩუნების ძალიან მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სტატისტიკის თვალსაზრისით. ეკონომიურად მდიდარ ქვეყნებშიც კი ბევრი კლინიკა არ იტკიებს თავს, იზრუნოს ოპერაციის დროს სარქვლების შენარჩუნებაზე, რადგან ეს ძალიან რთული, მაღალტექნოლოგიური პროცესია - მეტ ენერგიას და დროს მოითხოვს და მედიკოსები, ძირითადად, უფრო მარტივი გზით მიდიან - სარქველს მთლიანად იღებენ, არადა, საკუთარი სარქველით პაციენტს უფრო დიდხანს სიცოცხლის შანსი ეძლევა. ჩვენ ვცდილობთ, რა მონაპოვარიც გააჩნია თანამედროვე მედიცინას, ყველაფერი სრულად გამოვიყენოთ.
- თქვენ თუ მოინდომეთ, სხვა ქვეყნებში, მაგალითად, რუსეთში, რატომ არ ისურვეს ქირურგებმა ამის გაკეთება, რა უშლით ხელს?
- მე არა ვარ განსაკუთრებული, უბრალოდ, ცოტა ზედმეტად უნდა დაიტვირთო, თავი შეიწუხო. ყველა შეძლებს ასეთი ტიპის ოპერაციების გაკეთებას, თუ მოინდომებენ და ნერვებსა და ენერგიას არ დაზოგავენ პაციენტის ჯანმრთელობისთვის.
- და ბოლოს, რით შეიძლება ავიცილოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები?
- პირველ რიგში, არ მოსწიოთ თამბაქო. თამბაქო გულის პირდაპირი „მკვლელია" ერიდეთ ურეჟიმო კვებას. გაერიდეთ ჭარბ წონას. ვითარებას ართულებს უმოძრაობა და სტრესი, ხოლო თუ არსებობს მემკვიდრეობითი სნეულებები ან მიდრეკილებანი გარკვეული დაავადებებისკენ, ამ მიმართულებით მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.
ესაუბრა ირანდა კალანდაძე