გასული წლის ზაფხულში დაფიქსირებული ხანძრებისა და ბუნებრივი კატასტროფების შემდეგ, ხელისუფლებამ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კუთხით რეფორმები დააანონსა და უკვე წლის ბოლოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ბაზაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შექმნა. ახალმა სამსახურმა შექმნისთანავე მასშტაბური რეფორმები გამოაცხადა.
რა სიახლეებია მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უკვე წელსვე, რა აღჭურვილობას და ტექნიკას შეიძენს მეხანძრე-მაშველებისთვის და როდიდან ეყოლება საქართველოს განახლებული ვერტმფრენების პარკი. სამსახურში დაგეგმილი სიახლეებისა და არსებული პრობლემების შესახებ „ინტერპრესნიუსი" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილეს, შალვა ხუციშვილს ესაუბრა.
- რა სტადიაზეა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაცია? როდისთვის იგეგმება რეფორმის დასრულება?
- ახალი სამსახურის ჩამოყალიბება ორი ეტაპისგან შედგებოდა. პირველი იყო კრიზისების მართვის საბჭოს ლიკვიდაცია და ახალი სამსახურის ჩამოყალიბება, რაც მოხდა დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით. უკვე მეორე ეტაპია სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის რეფორმირება და საგანგებო სიტუაციების მართვის ახალი სისტემის შექმნა, რაც ასევე გარკვეულ რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაციას მოითხოვს. მეორე ნაწილი ჯერ კიდევ არ არის განხორციელებული და დამოკიდებულია საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელსაც ჩვენ წარვუდგენთ მთავრობას მარტის ბოლოს და სავარაუდოდ აპრილში უკვე საპარლამენტო განხილვები დაიწყება. მე ვფიქრობ, რომ მაისისთვის ეს პროცესი უნდა იყოს დასრულებული.
- რითი არის უკეთესი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც ახლა იქმნება, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოზე, რომელიც აქამდე ფუნქციონირებდა?
- ახალი მოდელის უპირატესობა ის არის, რომ გაერთიანებულია პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა, განხორციელება და უშუალოდ ოპერაციების წარმოება - საგანგებო სიტუაციების მართვა. წინა მოდელში ეს იყო განაწილებული და ნაწილობრივ ეს ფუნქციები ჰქონდა კრიზისების მართვის საბჭოს, ნაწილობრივ შსს-ს და სხვა უწყებებს. ახლა ეს ყველაფერი გაერთიანებულია ერთიან, ძლიერ ვერტიკალში, სადაც უკვე ველზე რა ხდება, იციან იმ ადამიანებმა, ვინც ქვეყნის მასშტაბით პროცესების მენეჯმენტს ახორციელებენ და აქვთ კონკრეტული ძალები და რესურსები, რათა ამ სიტუაციებს გაუმკლავდნენ. ამას ასევე მოჰყვება მეორე ცვლილება, რაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო ეფექტურს გახდის კრიზისების მართვას. ეს არის საგანგებო სიტუაციების დონეები. ადრე გვქონდა რამდენიმე დონიანი საგანგებო სიტუაცია - საობიექტო, ადგილობრივი, სამხარეო და ა.შ. ცვლილებების შემდეგ იქნება ორდონიანი - ეროვნული დონე და ადგილობრივი დონე. ორივე დონეზე იმუშავებს ერთიანი მართვის სისტემა და ამაზე პასუხისმგებელი იქნება ჩვენი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. აქამდე კრიზისების მართვაში ჩართული იყო როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, გუბერნატორი, თვითონ საბჭო, შსს. უკვე ახალ მოდელში კი ნებისმიერი საგანგებო სიტუაციის განვითარებისთანავე, ჩვენი სამსახური არის ჩართული პროცესებში და აკონტროლებს პროცესს, შესაბამისად, უფრო სწრაფად ხდება გადაწყვეტილებების მიღება და რაც მთავარია, პროცესების მართვა. ეს არის ძირითადი განსხვავება.
- ალბათ, უკვე გექნებათ გარკვეული სურათი, როგორია რეორგანიზაციის შედეგი კადრების მიმართულებით. თუ მოხდა კადრების შემცირება ან ახალი კადრების მიღება? ასევე საინტერესოა ოპტიმიზაციის შედეგად თუ მოხდა თანხების დაზოგვა?
- რეორგანიზაციის პირველი ეტაპი ჩატარდა, თუმცა კანონის მიღების შემდეგ გარკვეული რეორგანიზაცია კიდევ იქნება. ეს შეეხება არამხოლოდ კადრებს. რეორგანიზაციის მეორე ტალღის მიზანია მართვითი სისტემის გაუმჯობესება. მარტივ მაგალითს გეტყვით. დღეს სსიპ საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ხელმძღვანელი გარდა ოპერაციების წარმოებისა, პასუხისმგებელია ფინანსების ხარჯვაზე, ოპერაციების მართვაზე, ლოჯისტიკის საკითხებზე, ბიუჯეტის დაგეგმვაზე და უკვე სამომავლო მოდელიდან გამომდინარე, კრიზისების მართვაზე და სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მართვაზე პასუხისმგებელი პირი, ამ ყველაფერზე აღარ იფიქრებს და ის მხოლოდ ოპერაციებზე იქნება პასუხისმგებელი.
რაც შეეხება კადრებს, ჩვენ გარკვეული შემცირებები მოვახდინეთ უზრუნველყოფისა და სამოქალაქო პერსონალის კუთხით. ამით თანხების გარკვეული ეკონომია გავაკეთეთ. დაიზოგა დაახლოებით მილიონ ლარამდე, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცვლილებების მეორე ეტაპის შემდეგ დამატებითი დანაზოგი გვექნება. აქვე აღვნიშნავ, რომ შემცირებები რაღაც მასშტაბურ ხასიათს არ ატარებდა.
- ანუ საკადრო ცვლილებები მხოლოდ მმართველობით რგოლს შეეხო და უშუალოდ სახანძრო-სამაშველო ბრიგადებში რაიმე ცვლილებას არ ჰქონია ადგილი?
- უშუალოდ მეხანძრე-მაშველებს და სახანძრო-სამაშველო ბრიგადებს ეს არ შეხებია. იყო მენეჯერულ რგოლში რამდენიმე საკადრო გადაადგილება.
- გამოთავისუფლებული თანხებიდან ხელფასების მატება თუ იგეგმება მეხანძრე-მაშველებისთვის?
- ეს გამოთავისუფლებული თანხები უნდა მოხმარდეს სწორედ მეხანძრე-მაშველების სოციალური პირობების გაუმჯობესებას, თუმცა სანამ ეს პროცესი მთლიანად არ დასრულდება, გამიჭირდება რაიმე კონკრეტულის თქმა.
- რა სიახლეებს გეგმავს თქვენი სამსახური? რა ახალი პროექტები განხორციელდება საგანგებო სიტუაციების მართვის მხრივ?
- როდესაც ეს სამსახური შეიქმნა, პრემიერ-მინისტრმა დაგვისახა ორი ტიპის ამოცანა. ერთი იყო ის, რომ წელს, ჩვენ უკვე მზადყოფნა გვქონოდა და მიგვეღო ზომები იმისთვის, რომ იგივე ტყის ხანძრებისთვის სახელმწიფო ორგანოები უფრო მომზადებულები იყვნენ, რათა პრობლემის შექმნის შემთხვევაში, მისი გადაჭრა სწრაფად მოხდეს და ასევე ტურისტული სეზონისთვის გვქონდეს მზადყოფნა, ვგულისხმობ იგივე ზაფხულში, სამთო კურორტებს და ზღვისპირეთს. მეორე ამოცანის თანახმად, უნდა შევიმუშაოთ გრძელვადიანი განვითარების პროგრამა, რომელიც რეფორმების შემდეგ ამ სისტემის ეტაპობრივ განვითარებას გულისხმობს. ამ ორი მიმართულებით ვმუშაობთ ძირითადად.
პირველ ეტაპზე დაგეგმილი გვაქვს, ქვეყნის მასშტაბით ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილი მანქანების შეძენა და ასევე პერსონალის გადამზადება. ასევე დაგეგმილია, ზოგადად სამაშველო დანაყოფების, იგივე წყალზე და სამთო მაშველების გადაიარაღება ახალი, თანამედროვე აღჭურვილობით. მანქანები რომლის შეძენასაც ვგეგმავთ, არის სპეციალური, რომელიც ევროპის ქვეყნებში, ტყის ხანძრებისთვის გამოიყენება. საუბარია ამ ეტაპზე 19 ერთეულ ავტომანქანაზე, რომელიც განთავსდება სხვადასხვა ადგილებში, სადაც არის ტყის ხანძრების რისკი. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ტექნიკის შეძენა საკმაოდ ძვირი ჯდება. გარდა ამისა, ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა კავშირგაბმულობის ძლიერი სისტემის შექმნას და ამაზეც აქტიურად ვმუშაობთ, რათა ადგილზე, ტყის ხანძრებზე ჯგუფების მართვა ბევრად ეფექტური იყოს.
ახლა ასევე მიმდინარეობს სამაშველო ჯგუფებისთვის აღჭურვილობის კუთხით მუშაობა. მოგეხსენებათ, მთასა თუ ზღვისპირეთში საკმაოდ ბევრ ტურისტს ველოდებით და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მაგალითად, საუბარია იმაზე, რომ სამაშველო ჯგუფებმა არამარტო ტრადიციული მეთოდები გამოიყენონ მუშაობაში, არამედ წელს პირველად გამოჩნდება მათ სარგებლობაში დრონები, რომლის საშუალებითაც ზღვისპირეთში ვითარების მონიტორინგი უფრო ეფექტურად მოხდება. ასევე საუბარია გარკვეული ახალი ტიპის აღჭურვილობაზე სამთო მაშველებისთვის და ა.შ.
რაც შეეხება რეფორმებს, ახალ პროექტებსა და განვითარებას, ამაზეც აქტიურად ვმუშაობდით და საკანონმდებლო პაკეტში, რომელსაც მთავრობას წარვუდგენთ, არის რამდენიმე ახალი ინიციატივა. კერძოდ, საუბარია ალტერნატიული სამხედრო სამსახურის ახალ ხედვაზე. ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს, რომლებიც რელიგიური თუ სხვა მიზეზებით თავს არიდებენ შეიარაღებულ ძალებში სამსახურს, ჩვენ გავიწვევთ, შევქმნით პირობებს იმისთვის, რომ მათ ალტერნატიული სამხედრო სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამაშველო-სახანძრო დანაყოფებში მოიხადონ, დაეუფლონ მეხანძრე-მაშველის უნარ-ჩვევებს და უკვე კონკრეტული უნარ-ჩვევებით სარეზერვო სამსახურშიც ჩაირიცხონ. იმ ადამიანებისთვის, ვინც აირჩევს ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს, შეიქმნება სპეციალური მექანიზმი და ჩვენ ამ ხალხს გადავამზადებთ, რომ ჰქონდეთ საბაზისო უნარები. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანები პირდაპირ ხანძრის ჩაქრობაში, თუ სხვა სახის სამაშველო ოპერაციაში არ ჩაერთვებიან და შეასრულებენ დამხმარე ფუნქციებს, რათა მათი სიცოცხლე იყოს დაცული. მეორე მხრივ, ამით ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული რესურსების ნაკლებობა, რომელიც არსებობს, შევავსოთ და უკვე რეზერვისთვის იყოს მომზადებული ხალხი.
მეორე მნიშვნელოვანი ინიციატივა ეხება მოხალისეთა სისტემის შექმნას. ესეც ძალიან დიდი პროექტია, რომლის განვითარებასაც ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის აშშ-სთან ერთად ვაპირებთ, ვინაიდან ამერიკელებს ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ მოხალისეთა სისტემის კუთხით. ეს სისტემა გულისხმობს იმას, რომ ყველა იმ რეგიონში, სადაც ამის საჭიროებაა და შესაბამის ჯგუფებს მეტი დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ ჩავიდნენ ადგილზე და რეაგირება მოახდინონ, შევქმნით და განვავითარებთ მოხალისეთა სისტემას. მოხალისეებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს აბასთუმნის ხანძრის დროს, ამიტომ ჩვენ ძალიან სერიოზული ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ ამ კუთხით. იმ რეგიონებში, სადაც მოხალისეთა სისტემა იქნება, შეიქმნება სპეციალური ინფრასტრუქტურა სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში, სპეციალური სივრცეები. ეს იქნება სავარჯიშო კომპლექსი, ინტერნეტის გამოყენების სპეციალური ადგილები, როგორც მოხალისეებისთვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის და ა.შ. გარდა ამისა, ჩვენ ამ ხალხს გადავამზადებთ, მივცემთ აღჭურვილობას და გავაკეთებთ სხვადასხვა მიზნობრივ პროექტს, რათა მოხალისეებისთვის საჭირო უნარები გამოიმუშაონ. მათთვის დადგენილი იქნება სოციალური გარანტიები. მაგალითად: თუ რომელიმე ღონისძიებაში ჩართული მოხალისე დაშავდება, ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნება ან ღმერთმა დაიფაროს და გარდაიცვლება, ყველა ის გარანტია, რაც არსებობს მეხანძრე-მაშველისთვის, გავრცელდება მასზეც.
- წახალისება თუ ექნებათ?
- წახალისება იქნება ის, რომ უფასოდ გამოიყენებენ იმ ინფრასტრუქტურას, რომელსაც შევქმნით და ჩვენ მათთვის გავაკეთებთ სხვადასხვა მიზნობრივ პროექტებს. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რომ ამ საქმეში ახალგაზრდები ჩაერთონ.
გარდა ამისა, მთლიანად იცვლება მართვის სისტემა და ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე. ჩვენი ხედვაა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, არამხოლოდ რეაგირების დროს მოახდინოს კოორდინაცია, არამედ საუბარია იმაზე, რომ უწყებებთან ერთად დავსახოთ კონკრეტული გეგმები, რომელ სიტუაციაში როგორ ვმოქმედებთ. ასევე გვინდა შევქმნათ კონკრეტული სიტუაციები, სიმულაციური სწავლებების სახით, რათა გამოვცადოთ ჩვენი გეგმების მუშაობა. ძალიან ბევრი სიახლე იგეგმება ანალიტიკური მიმართულების გაძლიერებისთვის, რომ მოხდეს რისკების შეფასება და შემცირება. ერთ-ერთი სიახლე არის ის, რომ კანონში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამეცნიერო წრეებთან თანამშრომლობას და შეიქმნება სპეციალური, საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც პერიოდულად პრემიერ-მინისტრს მიაწვდის წინადადებებს, სხვადასხვა სფეროში არსებული ვითარების შესახებ.
ასევე, ცალკე ვმუშაობთ 5 წლიანი განვითარების გეგმაზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველოში 5 წლიან პერსპექტივაში, ეტაპობრივად გადავაიარაღებთ ყველა სახანძრო-სამაშველო დანაყოფს, ინფრასტრუქტურას, ავტომობილებს, აღჭურვილობას ისე, რომ ამ 5 წლიანი გეგმის შესრულებისას, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა იყოს ახალი მანქანა, სათანადოდ აღჭურვილი გადამზადებული მეხანძრე, რომელსაც ექნება უფრო მოწესრიგებული და მაღალი დონის სოციალური გარანტიები. ამ გეგმაში საუბარია იმაზე, რომ თითოეული დეპო ისე გარემონტდეს, ან ისე აშენდეს, რომ იყოს გარკვეული საზოგადოებრივი სივრცე, სადაც მოვლენ ახალგაზრდები, ბავშვები, გაეცნობიან სახანძრო-სამაშველო და ზოგადად საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემას.
- ალტერნატიული სამხედრო სამსახურის თემას მინდა დავუბრუნდეთ, რომლის შესახებაც თქვენ ისაუბრეთ. ანუ ეს იქნება სავალდებულო სამხედრო სამსახურის ალტერნატივა?
- დღეისთვის ალტერნატიული სამხედრო სამსახური არ არის მოწესრიგებული და მეტი სივრცეა იმისთვის, რომ მაგალითად ახალგაზრდებს, ვისაც არ უნდათ ჯარში წასვლა, რელიგიური თუ სხვა მოტივებს იყენებენ. ასეთ ადამიანებს ჩვენ გავიწვევთ და ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს, თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოიხდიან სახანძრო-სამაშველო დანაყოფში. ისინი ასევე გაივლიან წინასწარ მომზადებას, რაც გულისხმობს ძირითადი უნარების გამომუშავებას. ჩვენ ამ ხალხს შევუქმნით ასევე პირობებს, რომ შემდეგ უკვე დასაქმდნენ კიდეც ჩვენთან. გარკვეულწილად, ეს არის პასუხი სახელმწიფოს მხრიდან იმ კამპანიაზე, როდესაც არაჯანსაღი ხასიათი აქვს მიღებული რელიგიური ნიშნით, ჯარისთვის თავის არიდებას.
- რაც შეეხება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ამ ეტაპზე რა რესურსები გააჩნია სამსახურს? თქვენც აღიარებთ, რომ მდგომარეობა არასახარბიელოა, თუმცა უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, რამდენი მანქანაა თქვენს დაქვემდებარებაში, რამდენია აქედან გამოუსადეგარი, რამდენი შესაკეთებელი. ასევე აღჭურვილობისა და საჰაერო პარკის მხრივ რა ვითარებაა?
- უნდა ითქვას, რომ რესურსები, რაც ახლა გვაქვს, ავტომატურად მივიღეთ შსს-დან. ზოგადი შეფასება რომ გამოვიყენო, ავტოპარკის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არაა. დაახლოებით 330-მდე სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილი და სპეცტექნიკაა ჩვენს განკარგულებაში. ამის 2/3 არის მოძველებული ტექნიკა. ჯერ კიდევ ვიყენებთ ამ ტექნიკას, თუმცა ისინი საჭიროებს განახლებას. გარდა ამისა საუბარია თანამედროვე აღჭურვილობის საჭიროებაზე, იგივე სამთო-სამაშველოებისთვის თოვლმავალებზე, თხილამურებზე და სპეციალურ ეკიპირებაზე. ჩვენ მაქსიმალურად ეფექტური სამთო-სამაშველო დანაყოფები უნდა გვყავდეს, რათა ხელი შევუწყოთ სამთო ტურიზმს. ასევე საუბარია იმაზე, რომ კავშირგაბმულობის სისტემა, რომელიც არ არის იმ დონეზე, როგორც ჩვენ გვინდა და ეს პრობლემა წელს უნდა გადაიჭრას.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ვერტმფრენების საკითხი. ამ ეტაპისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ვერტმფრენები არ ჰყავს. თუმცა მთავრობა მუშაობს და ჩვენ კონკრეტულად შსს-თან თანამშრომლობით ვახორციელებთ შესაბამის პროექტს. გარკვეული პერიოდი დაჭირდება საჰაერო პარკის განახლებას, რომელიც აქვს შსს-ს, მათ შორის საუბარია, როგორც არსებული ვერტმფრენების მოდერნიზებაზე, ისე ახლების შეძენაზე. ამ პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენს სამსახურს, ისევე როგორც შსს-ს ეყოლება ბევრად უფრო მაღალი შესაძლებლობების მქონე, სახანძრო-სამაშველო და იგივე სასწრაფო დახმარების დანიშნულების მქონე ვერტმფრენები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეიქმნას ვერტმფრენების ორი დამოუკიდებელი ბაზა - დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოსი, რაც გაზრდის რეაგირების ეფექტურობას. ზოგადად დიდ ყურადღებას ვუთმობთ ამ სამსახურის რეგიონული პრინციპით განვითარებას. დასავლეთ საქართველოში ჩვენ გვეყოლება როგორც ვერტმფრენები, ასევე სპეციალური მომზადების მქონე, განსაკუთრებული სამაშველო ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებული სირთულისა და პრობლემურ სიტუაციებში ჩაერთვება საქმეში. ეს ასევე გავრცელდება აღმოსავლეთ საქართველოზეც. უკვე მომავალი წლისთვის, ეს ორი დისლოკაცია უნდა გვყავდეს დაკომპლექტებული, მათ შორის ვერტმფრენებითაც.
- შესყიდვები გამარტივებულად ხომ არ მოხდება?
- აქ იმდენად ტენდერზე არ არის დამოკიდებული ყველაფერი. ამ ტექნიკის სწრაფი შეძენა დამოკიდებულია მწარმოებლის მიერ დანიშნულ დროზე. სფერო საკმაოდ შეზღუდულია და არის თავისებური რიგები. თუმცა სანამ ეს პროექტი განხორციელდება, ჩვენ წელს უკვე თადარიგს ვიჭერთ ისევ შსს-სთან ერთად, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენოთ თუნდაც კერძო ვერტმფრენები, რათა მოქალაქეებმა და ტურისტებმა არ იგრძნონ რაიმე საფრთხე.
- უკვე გამოყოფილია კონკრეტული ლოკაციები, სადაც ვერტმფრენების ბაზები უნდა განლაგდეს?
- ეს არის პარალელური პროცესი ვერტმფრენების პარკის განახლებასთან ერთად. დასავლეთ საქართველოს შემთხვევაში არის საუბარი ქუთაისსა და ბათუმზე. აღმოსავლეთში კი უკვე გვაქვს თბილისში შესაბამისი ბაზა, თუმცა აქაც განვითარდება გარკვეულწილად ინფრასტრუქტურა.
- 19 მანქანა ახსენეთ და ჯამში რა გიჯდებათ მათი შეძენა და რა ტექნიკური მახასიათებლები ექნებათ?
- საუბარია სპეციალურად ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილ მაღალი გამავლობის მანქანებზე. დაახლოებით 10 მილიონი ლარია გამოყოფილი ამ შესყიდვისთვის. უნდა გააჩნდეს 3-დან 4 ტონამდე ტევადობის წყლის ავზი, უნდა შეეძლოს წყლის გამოყენება სიარულის დროსაც, ასევე საუბარია სხვადასხვა დამატებით შესაძლებლობებზე, მაგალითად, საბურავების ავტონომიური დაბერვის სისტემა და ა.შ. ტექნიკური მოთხოვნები ავიღეთ ევროპული და ჩვენი გამოცდილებიდან, რაც გვქონდა ტყის ხანძრებზე. ამ 19 ავტომანქანის შეძენას ვფიქრობთ წელსვე და აგვისტოში წესით უნდა გვყავდეს ავტოპარკში.
- ამ 19 ავტომანქანის გარდა სხვა ტექნიკაზე თუ აღჭურვილობაზე თუ არის გამოცხადებული ტენდერი ან თუ გამოიყო კონკრეტული თანხები?
- აღჭურვილობის რაღაც ნაწილზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რაღაც ნაწილზე გამოცხადდება და ასევე გამოცხადდება ტენდერი მულტიფუნქციურ სახანძრო სამაშველო ავტომობილებზე, რომლითაც ჩვენ გვინდა გავზარდოთ სწრაფი რეაგირება, პირველ ეტაპზე განსაკუთრებით ავტობანების გასწვრივ, ტურისტულ ადგილებსა და დიდ ქალაქებში. მულტიფუნქციური მანქანები ჩაანაცვლებს განსაკუთრებით ტურისტულ ადგილებში მოძველებულ ტექნიკას. ეს იქნება მაღალი გამავლობის ავტომობილი, რომელსაც ერთდროულად შეუძლია წაიღოს სამაშველო აღჭურვილობა, წყალი და ქაფი, ასევე წაიყვანოს მეხანძრეებიც და მაშველებიც. მულტიფუნქციური ავტომობილები იქნება ყველა იმ დეპოში, სადაც სწრაფი რეაგირებაა საჭირო. ეს ჩვენთვის ერთგვარი ახალი კონცეფციაა, რომელსაც „სწრაფი შეტევის" კონცეფცია ჰქვია.
გვინდა წელსვე გვქონდეს ეს მანქანები, იმისთვის რომ დავტესტოთ, თუ როგორ იმუშავებს საქართველოს პირობებში, რა პლუსები და რა მინუსები ექნება. დაახლოებით 20-მდე მანქანის შეძენაზეა საუბარი.
- რომელი ქვეყნები დომინირებენ სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის მხრივ? ანუ რომელი ქვეყნებიდან ხდება ამ ყველაფრის შეძენა?
- ცხადდება ბაზრის კვლევა, რომელშიც დაინტერესებული კომპანიები თვითონ მონაწილეობენ. ახლა არის გერმანული, იტალიური, თავისთავად ამერიკული და ა.შ. ასევე ბელორუსიც არის დაინტერესებული, თუმცა სწრაფი რეაგირების ავტომობილებზე ნაკლებად.
- საკმაოდ ბევრი ავტომანქანის შეძენაა დაგეგმილი და ყველაფერ ამის ფონზე, ხომ არ იგეგმება ერთი კონკრეტული კომპანიის შერჩევა, რომლისგანაც მანქანებსაც შევისყიდით და ასევე საქართველოში შეიქმნას ბაზა, სადაც შეძენილ ავტომანქანებს ტექნიკურ მომსახურებას გაუწევს?
- ტექნიკური მომსახურების გაწევის პირობა ჩადებულია ტენდერის პირობებში, თუმცა ამ ეტაპზე საუბარი იმაზე, რომ ერთ რომელიმე კომპანიასთან გავაფორმოთ ხელშეკრულება და მთლიანად მასზე გადავეწყოთ, ამაზე საუბარი ჯერ არ არის. მაგრამ როგორც კი გაკეთდება 5 წლიანი გეგმა, ის ბევრად უფრო გრძელვადიან პროექტთან, დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და მთავრობასთან ერთად ალბათ მოვსინჯავთ, რომელი ვარიანტი უფრო სჯობს.
- თქვენი სამსახურის ბიუჯეტი გაზრდილია 20 მილიონით. ეს თანხა თქვენს სამსახურს შსს-დან გადმოჰყვა? ვინაიდან 2018 წლის ბიუჯეტი რომ დამტკიცდა, მაშინ შსს-ს ბიუჯეტში ჩადებული იყო თანხები სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის გასაახლებლად. ჯამში რა ოდენობის ბიუჯეტი გაგაჩნიათ?
- ეს არის ის 20 მილიონი, რაც აქამდე იყო გამოყოფილი. საერთო ჯამში კი ბიუჯეტი, საგანგებო სიტუაციების სამსახურის და მატერიალური რეზერვების გაერთიანების შემდეგ დაახლოებით 90 მილიონ ლარამდე განისაზღვრა. აქედან 10 მილიონის ტენდერი, „ტყის მანქანების" შესაძენად უახლოეს დღეებში გამოცხადდება და ეს თანხა, რომელიც გადმოგვყვა შსს-დან, იხარჯება სწორედ ამაზე.
- ადამიანური რესურსები რამდენად საკმარისია, რათა გაუმკლავდეთ სხვადასხვა საგანგებო სიტუაციებს?
- ადამიანური რესურსების გარკვეული ნაკლებობა არის, თუმცა მიგვაჩნია, რომ იგივე ალტერნატიული სამხედრო სამსახურით მოხდება ამის კომპენსირება. ჩვენ ასევე ძალიან დიდ ძალისხმევას ვიჩენთ იმისთვის, რომ განვავითაროთ ჩვენი სასწავლო ინფრასტრუქტურა და ყველა მეხანძრე-მაშველი გადავამზადოთ ერთიან სისტემაში. გარდა ამისა, გვინდა გავაკეთოთ საბაზისო-პროფესიული კურსი ახალი კადრებისთვის.
- ბოლო პერიოდში გახშირებული ხანძრების ფონზე, საუბარია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გაუმართაობაზე. რამდენად იქნება ჩართული თქვენი სამსახური ამ სისტემების შემოწმებაში და იგეგმება თუ არა ჯარიმების გამკაცრება?
- ჩვენი ერთ-ერთი ნაბიჯი იქნება, რომ კანონპროექტის ფარგლებში გავზრდით ჯარიმების ოდენობას. თუმცა იმის გამო, რომ ჯარიმები გაიზრდება, ჩვენ აღარ ვიქნებით დამჯარიმებლები და სასამართლოს მივმართავთ ხოლმე. კონკრეტულ თანხაზე, თუ სადამდე გაიზრდება, საბოლოოდ ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული და კონსულტაციები მიმდინარეობს. ჯარიმები ალბათ, დაახლოებით 10 ათასიდან დაიწყება. ჯარიმების ზრდასთან ერთად, გაიზრდება იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომელიც ექვემდებარება სახანძრო ზედამხედველობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სასტუმროებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, როგორიცაა სავაჭრო კომპლექსები და ა.შ. გარდა ამისა, მაქსიმალურად გავზრდით შესაძლებლობებს იმისთვის, რომ კვალიფიციური პერსონალი მოვიზიდოთ, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს.
- მონიტორინგის მიზნით ცალკე დეპარტამენტი ხომ არ შეიქმნება?
- ჩვენ განვიხილავთ ცალკე სტრუქტურული ერთეულის არსებობას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება უშუალოდ ამ თემაზე. მეხანძრეს ეს საქმე არ უნდა ჰქონდეს.
- თუ შეგვიძლია ვისაუბროთ კრიზისების მართვის საბჭოს შეცდომებზე? ძალიან ბევრი პრეტენზია ისმოდა ამ სტრუქტურის მიმართ და შეიძლება დავასახელოთ შეცდომები, რომელიც საბჭომ დაუშვა?
- ჩემი მხრიდან ალბათ არ იქნება სწორი, რომ შევაფასო კრიზისების მართვის საბჭოს მუშაობა. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, არათუ კრიზისების მართვის საბჭოს, არამედ საგანგებო სიტუაციის მართვის სფეროში რა გამოცდილებაც არის, გავაანალიზოთ დეტალურად და გავითვალისწინოთ, იმისთვის რომ მუშაობა იყოს ეფექტური და საზოგადოება კმაყოფილი. ჩვენი ამოცანაა, რეგიონის მასშტაბით და საერთაშორისო დონეზე ვიყოთ საიმედო პარტნიორები.
- იყო გარკვეული ხმამაღალი განცხადებები ახალი სტრუქტურის შექმნის შემდეგ, რომ ძველ კადრებს უშვებენ სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან. ამ კადრებს არ ჰქონდათ შესაბამისი კვალიფიკაცია და იმიტომ გაუშვეს თუ რამე სხვას გარემოებებთან გვქონდა საქმე?
- ერთ ან ორ ადამიანზე შეიძლება ითქვას, რომ გაუშვეს. შემცირებებს მასიური ხასიათი არ ჰქონია. ასევე იყო მეორე კატეგორია, ვისაც შესთავაზეს, როტაციის პირობებში ტოლფას თანამდებობებზე გადასვლა, მაგრამ თავად განაცხადეს უარი. ამ ორი კატეგორიის ადამიანებმა დატოვეს სისტემა. მაქსიმალურად მიდის მუშაობა იმისთვის, რომ გამოცდილი კადრები შევინარჩუნოთ. უფრო მეტიც, სასწავლო ცენტრის და პროფესიული მომზადების ფარგლებში, ვეცდებით, რომ ის ადამიანები, რომლებიც გამოცდილები არიან და ჩვენამდე აღარ მუშაობდნენ, ან ამ შემთხვევაში აღარ მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, მოვიწვიოთ როგორც პედაგოგები, ლექტორები, რათა მათი გამოცდილება არ დაიკარგოს.