თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის ახალი ტერმინალით საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილოა. ავიაციის სფეროს ექსპერტების აზრით, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს ვერანაირ საერთაშორისო სტანდარტებს და მსგავსი ვითარება მხოლოდ აფრიკის ჩამორჩენილი ქვეყნების აეროპორტებშია. აეროპორტის მმართველი კომპანია კი აცხადებს, რომ მშენებლობა მიმდინარეობდა საერთაშორისო ექსპერტების ზედამხედველობით და ტერმინალი სრულად შეესაბამება დადგენილ ნორმებსა და სტანდარტებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს 2017 წელს მოფრენის ახალი ტერმინალი დაემატა, რომელიც 12 000 კვ/მ ფართობზეა განთავსებული. ჩასხდომის ახალი ხიდი ორი გასასვლელით, თვითმფრინავის 5 ახალი სადგომი, 105 მეტრის სიგრძის ბარგის ე.წ. კარუსელი და 250 მანქანაზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი ტერმინალის ინფრასტრუქტურაა. ავიაციის სფეროს სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტერმინალი ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და ამ ინფრასტრუქტურით შეუძლებელია, მაღალი დონის მომსახურებაზე გქონდეს პრეტენზია.
ექსპერტი იასე ზაუტაშვილი „ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ თავად აქვს წაკითხული იატა-ს (საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის) ექსპერტების დასკვნა, სადაც საერთაშორისო რანგის სპეციალისტებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მდგომარეობა შეაფასეს და სახელმწიფოს „ტავ ურბანთან" ხელშეკრულების გაწყვეტა ურჩიეს.
„ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა „ტავ ურბანის" საქმიანობა და მათი ეფექტურობა საქართველოში, მთავრობის მოწვევით ჩამოვიდნენ იატა-ს ექპერტები, რომელთაც დეტალურად შეისწავლეს იმ დროისათვის არსებული ვითარება აეროპორტში. ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო აშენებული ტერმინალი.
დასკვნაში, რომელიც პირადადაც მაქვს წაკითხული, დეტალურადაა აღწერილი, რა სავალალო მდგომარეობაშია აეროპორტი, იგი არ პასუხობდა არანაირ საერთაშორისო სტანდარტებს. აქ იყო საუბარი იმაზე, რომ ფაქტობრივად აეროდრომს არ გააჩნდა სატრანზიტო დერეფანი, არ ჰყოფნიდა ე.წ. გეითები ორ რეისზე მეტის მისაღებად და უფრო მეტი ინტენსივობის შემთხვევაში აეროპორტში კოლაფსი მოხდებოდა. მთლიანად ასაფრენი ზოლი და ბაქანი იყო ამორტიზებული და წითელი ზოლით იყო აღნიშნული.
მათ გადასცეს 4-5 სახის რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას, მათ შორის იყო „ტავ ურბანთან" ხელშეკრულების შეწყვეტა, ვინაიდან კომპანიას არ ჰქონდა შესრულებული ნაკისრი ვალდებულებები. ამიტომ, მინიმუმ, უნდა გადაეხედათ ამ ხელშეკრულებისათვის, თუმცა იმჟამინდელმა მთავრობამ აირჩია სხვა გზა და „ტავს" გაუგრძელა რეკომენდაცია 2027 წლამდე. მათ მიეცათ მითითება, გამოსწორებულიყო ხარვეზები, რომლებზეც საერთაშორისო ექსპერტებმა მიუთითეს", - აღნიშნა ზაუტაშვილმა.
მისივე თქმით, კომპანიამ არ გაითვალისწინა ძირეული რეკომენდაციები და ნაცვლად იმისა, რომ ახალი ტერმინალის აშენებით ვითარება გაუმჯობესებულიყო, არაფერი შეცვლილა. ტერმინალი ვერ პასუხობს არათუ საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ განვითარებადი ქვეყნების აეროპორტების ინფრასტრუქტურულ დონესაც კი.
„ტავ ურბანმა" გადააგო ასაფრენი ზოლის ბილიკი და თქვეს, რომ გამოსწორდა ხარვეზი. დაიწყეს ახალი ტერმინალის მშენებლობა, რომელსაც ახლა ყველა მგზავრი ხედავს. იგი აბსოლუტურად არ ჯდება არც არქიტექტურულ და არც სხვა სტანდარტში. საკითხავია, როგორ გაიცა ნებართვა თუნდაც მერიისგან ამ ყოვლად უსახური შენობის ასაშენებლად, რომელიც, ფაქტობრივად, სატვირთო ტერმინალის მაგვარი ნაგებობაა აეროპორტის ტერიტორიაზე. იქ არ არის არც ერთი სერვისი გათვალისწინებული, რომელიც თანამედროვე სტანდარტის მიხედვით უნდა შეესაბამებოდეს მომსახურებას. ეს არის ძალიან მცირე ზომის დროებითი ნაგებობა.
საქართველოს თუკი აქვს პრეტენზია, რომ ხვალ უნდა იქცეს საერთაშორისო ჰაბად, ამ ტერმინალით ეს შეუძლებელია. უფრო მეტიც, იმ რეკომენდაციაში მკაფიოდ ითქვა, რომ ადრე იყო 4 გეითი, უნდა დამატებულიყო 2. თითქოს გაითვალისწინეს რეკომენდაცია, მაგრამ 3-4 რეისის ერთად დაფრენის შემთხვევაში ისევ კოლაფსი წარმოიქმნება. ტერმინალს ასევე არ აქვს სატრანზიტო დერეფანი.
აეროპორტის გაუმართავი მუშაობა ყველაზე უკეთ ღამის საათებში ჩანს, როცა ყველაზე მეტი რეისი სრულდება. მუდმივად გაუთავებელი რიგებია, მგზავრები უკმაყოფილონი არიან, მეორე სართულზე ასასვლელი ერთ-ერთი ესკალატორი თითქმის არასდროს მუშაობს. ამ ფონზე ნამდვილად არ იქმნება თანამედროვე, ცივილიზებული ქვეყნის დედაქალაქის აეროპორტის შთაბეჭდილება.
ეს ყველაფერი ჩვენ „გვისახსოვრა" „ტავ ურბანმა", რომელმაც, ფაქტობრივად, დააკონსერვა ის იდეა, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს ჰაბის ფუნქცია. ამ ტიპის აეროპორტით ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავუწევთ კონკურენციას არათუ მეზობელი ქვეყნების დედაქალაქების, არამედ რეგიონების აეროპორტებსაც კი. სანამ „ტავ ურბანი" საქართველოშია, ჩვენი აეროპორტი ჰგავს საქათმეს, რომლის მაგვარიც მხოლოდ აფრიკის ჩამორჩენილ ქვეყნებში მიაჩნიათ აეროპორტად", - განუცხადა იასე ზაუტაშვილმა „ბიზნეს-რეზონანსს".
საქართველოს განვითარების ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გოგავაც მიიჩნევს, რომ თბილისის აეროპორტის ახალი ტერმინალი ვერ აკმაყოფილებს ვერავითარ სტანდარტს, სამარცხვინოა და მსგავსი მხოლოდ აფრიკის ქვეყნებში უნახავს.
„ტავი" ძალიან კარგი ფირმაა და საკმაოდ ნორმალურად მართავს აეროპორტებს, განსაკუთრებით სტამბოლისას, თუმცა მათ საქართველოს მიმართ მათ სხვა ამოცანა აქვთ: რეგიონის ქვეყნების მგზავრები აიძულონ, იფრინონ თურქული ავიაკომპანიების მეშვეობით, რადგან ავიაცია თურქეთში სახელმწიფო თემაა. „თურქიშ ეარლაინსი" სახელმწიფო კომპანიაა. მარტივად რომ ვთქვათ, სხვა კომპანიებთან შედარებით საკუთარ ავიახაზებს უქმნიან უკეთეს პირობებს. ეს კი ნიშნავს, რომ მეტ ფულს იღებენ, საერთო ჯამში, და თბილისის აეროპორტს, რომელსაც თავად აქვს შანსი, რომ გახდეს სატრანზიტო კვანძი, უკლავენ პერსპექტივას.
სხვა რომ არაფერი, რატომ ჰქვია თბილისის აეროპორტში მთავარ კაფეს „კაპადოკია" და არა „შატილი"? იმიტომ, რომ პატივს არ გვცემენ. დაარქმევს ვინმე სტამბოლის აეროპორტში კაფეს „ანანურს"? არა! ეს არ არის პარტნიორობა, არ არის სამართლიანი კონკურენცია, არ არის თავისუფალი ბაზარი. ამას ჰქვია კარტელური გარიგება და დასჯადი ქმედებაა ნორმალურ ქვეყანაში.
ახალი ტერმინალი სამარცხვინოა და მსგავსი მხოლოდ აფრიკაში მინახავს. 52 ქვეყანაში ვარ ნამგზავრი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისის აეროპორტი აუტსაიდერია", - ამბობს ირაკლი გოგავა.
„ბიზნეს-რეზონანსი" დაუკავშირდა „ტავ ურბან ჯორჯიას". კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი ტერმინალი, ისევე როგორც აეროპორტი, ნამდვილად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. უშუალოდ ახალი ასაფრენი ტერმინალის მშენებლობა მიმდინარეობდა საერთაშორისო საექსპერტო კომპანია „ბიურო ვერიტასის" ზედამხედველობით.
„2014 წელს იატა-ს მიერ მომზადებული დასკვნა და გაცემული რეკომენდაციები ითვალისწინებდა მხოლოდ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკებისა და ბაქნის ინფრასტრუქტურას. შესაბამისად, აღნიშნულ დასკვნაში არ იყო გათვალისწინებული მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.
ახალი ტერმინალი აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც გათვალისწინებულია საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებისთვის. პროექტირება განხორციელდა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად. პროექტი მიმდინარეობდა საერთაშორისო საექსპერტო კომპანია „ბიურო ვერიტასის" ზედამხედველობით. ეს ადასტურებს, რომ მოფრენის ახალი ტერმინალი აკმაყოფილებს ხარისხისა და უსაფრთხოების ნორმებს და საერთაშორისო სტანდარტებს. მოფრენის ახალ ტერმინალთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უკვე 4 მილიონ მგზავრზეა გათვლილი.
2017 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 164 275 მგზავრს და 32 534 საჰაერო ხომალდს მოემსახურა. ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და აეროდრომის შესაბამისი ინფრასტრუქტურა ყველა კატეგორიის საჰაერო ხომალდის მიღების საშუალებას იძლევა, რაც დადებითად აისახება აეროპორტის საერთო გამტარუნარიანობაზე", - განაცხადეს კომპანიაში.