უკვე 1 თვეა, რაც პარკირების სისტემის ადმინისტრირებას, „სითი პარკის” ნაცვლად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია უზრუნველყოფს. ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა და მოსახლეობას ქალაქში ავტომობილების პარკირება ისევ იმავე პრინციპით უწევს, როგორც- ადრე, თუმცა რამდენიმე კითხვა მაინც რჩება. როგორ შევიძინოთ ახალი პარკირების საშვი ძველის ვადის გასვლის შემდეგ და არსებობის შემთხვევაში, როგორ გადავიხადოთ ჯარიმა?
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ თუკი პარკირების საფასური „სითი პარკის” ოპერირების დროს გადაიხადეთ, ამ საშვით მისი ვადის ამოწურვამდე ჩვეულებრივ ისარგებლებთ. როგორც „სითი კვირას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შეიქმნა სპეციალური ბაზა, სადაც სწორედ იმ მძღოლების მონაცემები განთავსდა, რომლებმაც პარკირების საფასური „სითი პარკის” დროს შეიტანეს.
რაც შეეხება ვადის გასვლის შემდგომ პერიოდს, მძღოლს შეუძლია, საშვის საფასური სხვადასხვა ბანკის ფილიალების ან სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით დაფაროს. იგივე პრინციპი მოქმედებს ჯარიმის გადახდის შემთხვევაშიც.
გარდა ამისა, საშვის ღირებულებისა და ჯარიმის გადახდა სპეციალური ვებგვერდის მეშვეობითაც შეგიძლიათ. ამ ვებგვერდზე თავმოყრილია ინფორმაცია პარკირების წესების, გადახდის და საჯარიმო ავტოსადგომის შესახებ.
აღნიშნულ ვებგვერდზე მოხვედრა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საიტიდანაც შესაძლებელია.
ქალაქიდან „სითი პარკის” გასვლის შემდეგ, საპარკინგე ტერიტორების ან საშვის ფასის კუთხით, როგორც აღვნიშნეთ, არაფერი შეცვლილა, თუმცა სატრანსპორტო კომპანიის მტკიცებით, მათი მიდგომა განსხვავებულია – კანონდარღვევით პარკირებული ავტომობილის მფლობელი, ცხადია, დღესაც დაჯარიმდება, მაგრამ მანქანას საჯარიმოზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიყვანენ, როცა ის მოძრაობას აფერხებს და სხვა ავტომობილების ან ქვეითის გადაადგილებას საფრთხეს უქმნის.
რამდენ ხანს შეასრულებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია პარკირების სისტემის ადმინისტრატორის როლს და როდის ჩანაცვლდება ის “სითი პარკის” ალტერნატიული კომპანიით? – ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი, ჯერჯერობით, არ არსებობს. ფაქტია, ცვლილებებს 2018 წელს არ უნდა ველოდოთ, რადგან თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბიუჯეტი წლის ბოლომდე უკვე გაწერილია.