ავტორი თამაზ ჩიქვანაია
2014 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, რედაქციაში მისულს ამბავი დამახვედრეს, ბატონმა რეზო ჩხეიძემ დარეკა და დაიბარა ხვალ დილით მივემგზავრები, ამიტომ დრო გამონახოს და საღამოს შინ მეწვიოს, ვიდეოკამერა და ოპერატორი არ დაავიწყდესო.
გამახსენდა, რომ 8-ში დაბადების დღე ჰქონდა და ვიფიქრე, ამის გამო მიბარებდა. გაკვირვებით არ გამკვირვებია, რადგან ბატონ რეზოსთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებდა და ზოგჯერ მის უცნაურ გადაწყვეტილებებს მიჩვეული გახლდით.
იმავე საღამოს ვერა-ვაკის გასაყარზე მდებარე მის ბინას ვეწვიეთ. სანამ გადასაღებ ინტერიერს ვამზადებდით ვიზიტის მიზეზიც გამიმხილა:
„50 წელი სრულდება „ჯარისკაცის მამის“ ეკრანზე გამოსვლიდან, პეტერბურგში მიმიწვიეს, ხვალ დილით მივფრინავ და ვიფიქრე, კარგი იქნება თუ აქაური ჟურნალისტებიც გამოეხმაურებიან ამ თარიღს“.
ჩვეული დელიკატურობით აუარა გვერდი იმ ფაქტს, რომ მშობლიურ ქვეყანაში დიდად თავი არ შეიწუხეს ამ მოვლენის აღსანიშნავად.
ჩემი ყურადღება იქვე, მაგიდის სიახლოვეს, სკამზე დადებულმა თამარ აბაკელიას ნახატმა მიიპყრო. შეამჩნია და მითხრა, დაბადების დღისთვის მაჩუქეს და ჯერ ადგილი ვერ მოვუძებნეო.
განათების პრობლემა შეგვექმნა და ლამის შუაღამეს მიტანებულზე, როგორც იქნა, გადაღება დავიწყეთ, რომელიც... სამწუხაროდ, ვერ დავასრულეთ იმავე მიზეზის გამო: განათების ორივე სკილი გადაგვეწვა, ჭაღის შუქზე საუბარი კი პროფესიონალმა კინორეჟისორმა კატეგორიულად იუარა: მე გასწავლოთ, რომ სინათლის განსხვავება გექნებათო? - მითხრა ნაწყენმა და საუბრის სხვა თემაზე გადატანით მაგრძნობინა, რომ ჩემი ინტერვიუ არ შედგებოდა.
ვიცოდი, კამათს აზრი არ ჰქონდა, რადგან ერთხელ ნათქვამს არაფრისდიდებით არ გადავიდოდა...
ამ ცოტა ხნის წინ კი ძველ მასალებს გადავხედე და ბატონ რეზოსთან ბოლომდე ვერმიყვანილი ინტერვიუს ნაწილი გავშიფრე, რომელსაც ახლა უცვლელად შემოგთავაზებთ:
„კინოსტუდიის პავილიონში ვამთავრებდი „ზღვის ბილიკის“ გადაღებებს, როდესაც ჩემი სიყრმის მეგობარმა სულიკო ჟღენტმა რაღაც ფურცლები შემომაჩეჩა და მითხრა, აუცილებლად წაიკითხე, მგონი, კარგი რამეაო.
გადაღებას რომ მოვრჩი, შინ ტრამვაით დავბრუნდი. წესად მქონდა, დროის მოსაკლავად რაღაცას ვკითხულობდი ხოლმე. ჩანთაში ფურცლები მომხვდა ხელში და მაშინღა გამახსენდა სულიკოს ნათქვამი. დავიწყე კითხვა, სულ ხუთი გვერდი იყო, მაგრამ როგორი?! უკვე თვალწინ მედგა მთელი ფილმი.
მეორე დღეს სტუდიაში მისულმა საგრიმიოროში შევიხედე, იქ სერგო ზაქარიაძე მეგულებოდა, რომელზედაც ზედგამოჭრილი იყო მთავარი გმირის სახე. გრიმიორის ნამუშევრით უკმაყოფილო სერგო რაღაცას დუდღუნებდა, ყურადღება არ მივაქციე და სცენარის მოყოლა დავიწყე. შევამჩნიე, რომ მალე სერგო გაჩერდა, გააჩერა გრიმიორიც და ცრემლიანი თვალებით მომჩერებოდა: ძალიან მაგარია, რეზო, ეგ ჯარისკაცის მამა მე უნდა ვითამაშოო, მითხრა.
მეც ეგ მინდოდა და დავიწყე ბრძოლა ფილმის გადასაღებად. ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა, ხან მთავარი გმირი დამიწუნეს, გინდა თუ არა სპარტაკ ბაღაშვილი აიყვანეო, მე სერგოს გარდა ვერავინ წარმომედგინა; ბოლოს ჩემი გავიტანე და სულიკოსთან ერთად მთელი ექვსი თვე სცენარზე ვიმუშავეთ.
გადაღებები საქართველოს გარდა მოსკოვის ოლქში და ლატვიაში გვქონდა. ერთი შეხედვით უბრალო სცენა, როდესაც სერგო მრეცხავებისთვის წყალს ეზიდება, დიდი წვალებით გადავიღე სულ ბოლოს, ლატვიაში ყოფნისას, რადგან აქაც და მოსკოვშიც ყველანაირად ცდილობდნენ სცენარიდან ამომეგდო. სარეცხი ტაშტები თბილისში დავამზადებინეთ, ჰოდა, დაგვქონდა ასე ეს ტაშტები თბილისიდან მოსკოვში, იქიდან რიგაში და რის ვაი-ვაგლახით გადავიღეთ.
1963 წლის დეკემბრის ბოლო დღეებში მოსკოვში კულტურის მინისტრი რომანოვი მეუღლესთან ერთად მობრძანდა ფილმის ჩასაბარებლად. უგულისყუროდ უყურა და გამომიცხადა, სადაური წესია, უბრალო რიგითი სილას აწნის უფროს ოფიცერს, რა მაგალითი უნდა მივცეთ საბჭოთა არმიელებსო და გამომიცხადა, ფილმი ეკრანებზე არ გავაო...“
ჩემი ინტერვიუს გადაღება ამ ადგილას შეწყდა. კარგა ხანი დამჭირდა ნაწყენი ბატონი რეზოს დასარწმუნებლად, რომ მოყოლა გაეგრძელებინა-გადაღების გარეშე, და ძალიან მოკლედ დაასრულა ამბავი:
„რესტორან „არაგვში“ სუფრა იყო გაშლილი, იმდენად მოგვწონდა ფილმი, ვერც კი წარმოვიდგენდით თუ დაგვიწუნებდნენ და წინასწარ მოვემზადეთ. დიდი ვერაფერი სუფრა გამოვიდა, ის ახალი წელიც ჩამმწარდა და ის იყო, თბილისში უნდა დავბრუნებულიყავი, რომ „გოსკინოდან“ დამირეკეს, ხვალ ფილმის ხელმეორე ჩვენებაა, სამხედროებმა უნდა ნახონო.
უკვე აღარაფრის იმედი აღარ მქონდა, მაგრამ მაინც წავედი. დარბაზში ერთი გენერალ-პოლკოვნიკი და კიდევ რამდენიმე გენერალი დამხვდა. ეკრანისკენ არც გამიხედავს, ამათ სახეებს ვუყურებდი, რომ რეაქციით გამომეცნო, რა ბედი გველოდა. ჩემ გასაკვირად აღმოვაჩინე, რომ აღტაცებულებმა უყურეს ბოლო კადრებამდე. ფილმის დასრულების შემდეგ თვალცრემლიანი გენერალ-პოლკოვნიკი მეკითხება, რა დაუწუნა ამ ფილმს მინისტრმაო. ვუთხარი რაშიც იყო საქმე.
სწორედ ამ სიტყვებმა გადაწყვიტა ფილმის საბოლოო ბედი და იმავე წელს ეკრანებზეც გამოვიდა. დანარჩენს სხვა დროს მოგიყვები, როცა წესიერ განათებას მოიტან და ეს ინტერვიუც მაშინ დავასრულოთ...“
მოგვიანებით შევიტყვე, რომ ბატონი რეზო მეორე დილით პეტერბურგში ვერ გაფრენილა ჯანმრთელობის გაუარესების გამო. ვერც მე მოვახერხე მასთან მისვლა მიზეზთა გამო და ასე დარჩა ეს ინტერვიუ დაუსრულებელი...